"გარდაიცვალა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, საქართველოს დიდი მეგობარი" - რას წერს თენგიზ ცერცვაზე სოციალურ ქსელში? - კვირის პალიტრა

"გარდაიცვალა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, საქართველოს დიდი მეგობარი" - რას წერს თენგიზ ცერცვაზე სოციალურ ქსელში?

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია "გილეადის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე ჯონ მარტინი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პოსტს აქვეყნებს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ის დიდი დანაკარგია მსოფლიოსა და საქართველოსთვის.

"69 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯონ მარტინ - მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი, ლიდერი და უბრალოდ დიდი პიროვნება, საქართველოს დიდი მეგობარი.

ის გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაუდგა სათავეში ფარმაცევტულ კომპანია "Gilead”-ს და მოკლე დროში გადააქცია იგი მსოფლიო გიგანტად, უპირობო ლიდერად აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში.

სწორედ ჯონ მარტინის-ის დამსახურებაა, რომ აივ/შიდსი სასიკვდილო დაავადებიდან გადაიქცა ქრონიკულ მართვად ინფექციად, ხოლო C ჰეპატიტი ახლო მომავალში ელიმინირებული იქნება მსოფლიოში და დიდად საამაყოა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც ამას გააკეთებს, საქართველო იქნება.

ჯონ მარტინი იყო საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროექტის სულისჩამდგმელი და დიდია მისი დამსახურება იმაში, რომ სწორედ საქართველო იქნა არჩეული C ჰეპატიტის ელიმინაციის მსოფლიოში პირველ სამოდელო ქვეყნად.

ჯონ მარტინი-ის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო მედიცინის ისტორიაში და საბოლოოდ დაიდებს ბინას ქართველთა გულებში, რამეთუ მარტო ჩვენს ქვეყანაში მისმა შექმნილმა მედიკამენტებმა სიცოცხლე შეუნარჩუნა ათასობით აივ/შიდსით და 70 ათასზე მეტ C ჰეპატიტით ავადმყოფს.

ჯონ მარტინი-ს ძალიან უყვარდა საქართველო, არაერთგზის სტუმრობდა ჩვენს ქვეყანას და ყველაფერს აკეთებდა მის მხარდასაჭერად.

მას დიდი გეგმები ჰქონდა, რომელთა ბოლომდე შესრულება, სამწუხაროდ ვერ მოასწრო.

უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მის სულს", - წერს ცერცვაძე "ფეისბუქზე“.

"ინტერპრესნიუსი"