"ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით დაამახსოვრა თავი ქართველებს? - კვირის პალიტრა

"ორჯერ დამარცხებული სიმსივნე, 21 წლით უმცროსი ცოლი და კრიტიკული განცხადებები საქართველოზე - ვინ არის ვლადიმერ პოზნერი და რით დაამახსოვრა თავი ქართველებს?

მთავარი რუსული სახელისუფლებო არხის Первый канал-ის ტელეწამყვანის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას, ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტების აქციები მოჰყვა. ცნობილი ტელეწამყვანი არაერთი სკანდალური ფრაზით არის ცნობილი, მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი, რაც ქართველების პროტესტს იწვევს, 2010 წელს გაკეთებული განცხადებაა: "აფხაზეთი არასდროს გახდება საქართველოს ნაწილი".

პოზნერის თქმით, საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. როგორც თავად ამბობს, ის 1-ელ აპრილს, "დურაკების" დღეს არის დაბადებული. ის 87 წლის გახდა...

"მე მესამე წელია, რაც თბილისში აღვნიშნავ დაბადების დღეს. მე ჩამოვედი არა პოლიტიკაზე სასაუბროდ, არამედ ჩემი დაბადების დღის აღსანიშნად", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

rosbalt.ru-ს მიერ მომზადებული პუბლიკაციის მიხედვით, პოზნერი ამბობს, რომ "აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგულია, რაშიც სააკაშვილის წვლილი დიდია" .

"ძალიან კარგად ვიცნობ იმ რეგიონს. ბევრჯერ და დიდხანს ვიყავი საქართველოში და ჩემთვის სრულიად ნათელი იყო, რომ აფხაზებს ქართველებთან ერთად ცხოვრება არ უნდოდათ... მეტიც, თავად ვარ მოწმე, რომ ქართველები მათ მეორეხარისხოვან ადამიანებად აღიქვამდნენ, თითქოს აფხაზები ახლახან ჩამოვიდნენ ხიდან და ა.შ..." - ამბობს ის საქართველოზე საუბრისას ერთ-ერთ ინტერვიუში.

"როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ეს მოხდა, სააკაშვილის დროს, მისი საკმაო ძალისხმევით, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, იქამდე აფხაზეთში იყო სამხედრო მოქმედებები, სადაც იყვნენ ე.წ. რუსი სამშვიდობოები. ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო და როგორც ჩანს, სააკაშვილმა გადაწყვიტა ძალისმიერი მეთოდებით დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი" - განაცხადა მან ინტერვიუში.

მისივე თქმით, სააკაშვილს თავისი გათვლები ჰქონდა.

"მას ეგონა, მის ქმედებებზე რუსეთს რეაგირება არ ექნებოდა და რუსეთი, აფხაზეთის გამო მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ არ წავიდოდა და ურთიერთობას არ გაიფუჭებდა. მეორეც, ეგონა, რომ ამერიკა დაეხმარებოდა. თუმცა, შეცდა. ამერიკელები არ დაეხმარნენ, რუსეთმა კი უპასუხა. ეს საქართველოს მხრიდან სამხედრო შეჭრა იყო და შედეგად, მან აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგა. აფხაზეთი არასდროს გახდება მისი ნაწილი და რა თქმა უნდა, სააკაშვილი, ამის "მიღწევაში" თავის ქვეყანას ძალიან დაეხმარა. ის ძალიან უცნაური ადამიანია და მასზე საუბრისას, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები..." - განაცხადა მან. იხილეთ სრულად