"კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა" - კვირის პალიტრა

"კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა"

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის დღევანდელი მოქმედება ახალგაზრდა აქტივისტებთან მიმართებაში სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს, - ამის შესახებ ნათქვამია "ლელოს“ განცხადებაში, სადაც გია ვოლსკის მიერ აქციის მონაწილეების მისამართით უხამს ჟესტს ეხმაურებიან.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ გია ვოლსკი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.

"ლელო" კატეგორიულად გმობს ამ უღირს საქციელს. ვოლსკიმ დღეს შეურაცხყოფა მიაყენა არამხოლოდ იქ მდგომ ახალგაზრდებს, არამედ მთელ საზოგადოებას და ასევე იმ ინსტიტუციას, რომელსაც ის წარმოადგენს - არჩევით ორგანოს - საქართველოს პარლამენტს.

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ, მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს გია ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა; სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გაიზიარება მოუწევს პარტია "ქართულ ოცნებას" და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"