"პირ­ვე­ლად 15 წლი­სამ კარ­დე­ნახ­ში ქორ­წილ­ში ვი­თა­მა­დე და იმის მერე ხიბლში ჩავ­ვარ­დი" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომელიც ინტერნეტსივრცეს ახალისებს - კვირის პალიტრა

"პირ­ვე­ლად 15 წლი­სამ კარ­დე­ნახ­ში ქორ­წილ­ში ვი­თა­მა­დე და იმის მერე ხიბლში ჩავ­ვარ­დი" - ვინ არის გურჯაანელი "უფლისწული", რომელიც ინტერნეტსივრცეს ახალისებს

სოციალური ქსელი ის სივრცეა, სადაც ადამიანი თავისი განწყობებით, ემოციით ყველაზე კარგად ჩანს. აქედან გამომდინარე - არიან ისეთები, ვინც მხოლოდ საკუთარი ნეგატიური ემოციების გაზიარებით არიან დაკავებული და ისეთებიც, ვინც მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს აზიარებენ. გიგი გილიგაშვილი ის ადამიანია, ვინც მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ფეისბუქ-მეგობრები გაამხიარულოს, ღიმილი მოჰგვაროს...

გიგი თავისი იუმორით დიდი ხანია იქცევს ყურადღებას. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტვარსკვლავადაც იქცა. მისი სტატუსები "ფეისბუქის" პირად გვერდზე კიდევ იმით გამოირჩევა, რომ უმეტესად კახური დიალექტით წერს, რაც კიდევ უფრო სახალისო განწყობას ქმნის და ასობით ადამიანი წამებში იწონებს.

AMBEBI.GE-მ გიგი გილიგაშვილის ახლოს გაცნობა გადაწყვიტა - ვინ არის, როგორ შეუძლია მუდმივად ამდენი დადებითი ენერგია გაუზიაროს ათასობით ადამიანს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი მისთვის?

პროფესიით სოციოლოგია, მაგრამ თითქმის 20 წელია, ოპერატორად მუშაობს - თავიდან "რუსთავი 2"-ში იყო, მერე ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურში და კიდევ სხვადასხვა კომპანიაშიც საქმიანობდა.

"ახლაც ერთ-ერთ კერძო კომპანიაში ვარ, მაგრამ ფაქტობრივად, უმუშევარი, სამსახურში საქმიანობა კვირაში 3-4 დღე მიწევს და ხელფასიც შესაბამისი მაქვს" - გვეუბნება გიგი.

- და შესაბამისად, მეტი დრო გაქვს საზოგადოებასთან სოციალური ქსელის საშუალებით საკონტაქტოდ, ხომ?

- თუ სადმე სუფრასთან არ ვარ, კი, თუმცა მაშინაც შემიძლია, მაგრამ მეგობრები ვერ იტანენ ტელეფონში რომ ვიყურები - დადე ტელეფონი და ყურადღება მოგვაქციეო, მეუბნებიან.

ჩემთვის სუფრა ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ოჯახშიც ბევრი წარჩინებული თამადა გვყავდა. დედაჩემის მამა, პაპაჩემი კახეთში ცნობილი თამადა იყო. ერთი რომ - გენეტიკურად მომდევს და მერე - ყოველთვის ვბაძავდი თამადობაში ბიძებსაც, ადამიანებს, ვინც ჩემთვის მისაბაძები იყვნენ. პირველად 15 წლისამ კარდენახში ქორწილში ვითამადე და იმის მერე ხიბლში ჩავვარდი. აუდიტორია, პუბლიკა ჩემთვის დიდი საზრდოა. ნერონივით ამბიციური კაცი ვარ. ოღონდ, ტაში დამიკრან... თან, მეადვილება ადამიანებთან კონტაქტი და ურთიერთობა.

- აუდიტორია გიყვარს და აუდიტორიასაც უყვარხარ... როგორ ფიქრობ, ამის მისაღწევად რა არის საჭირო?

- ალბათ ის, რომ გიყვარდეს ადამიანები. თუ თამაშობ, ამას ყველა ხვდება. თუ ამბობ, რომ გიყვარს, უნდა გიყვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ადამიანების ბედი, მათი მდგომარეობა, ეს თემა სულ მაღელვებს, რასაც ალბათ ისინიც ხვდებიან, გრძნობენ და საპასუხო დამოკიდებულებასაც ავლენენ.

- შენი სოფელი გურჯაანის რაიონი სოფელი არაშენდაა, საიდანაც სტატუსებით მხიარულ "რეპორტაჟებს" გვაწვდი. რას ნიშნავს ეს სოფელი შენთვის?

- როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც, დაბადების ადგილი ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან მიყვარს. გამორჩეულია იმით, რომ ანდრონიკაშვილების სოფელი იყო, რომლებიც კარგი თავადები იყვნენ, აქაურებსაც უყვარდათ. თავიანთ სახლში სამკითხველო გახსნეს, ადამიანებს წერა-კითხვას ასწავლიდნენ, ცდილობდნენ, ცოდნა გაევრცელებინათ. ამიტომ, სოფელს განათლება იქიდან მოჰყვება და მგონია, რომ არაშენდა ამ კუთხით ბევრად განსხვავდება ახლომდებარე სოფლებისგან - ნაკითხი და განათლებული ხალხი ცხოვრობს. შეიძლება, ვცდები, მაგრამ ბევრად ადვილია ამ ხალხთან ურთიერთობა, ვიდრე სხვა სოფლის მაცხოვრებლებთან.

იხილეთ სრულად