"ხელი ჩემს ხელზე ედო და ყოველი კომპოზიციის კულმინაციის დროს ძალიან მიჭერდა - ვგრძნობდი, ზუსტად ისევე განიცდიდა, როგორც მე" - კვირის პალიტრა

"ხელი ჩემს ხელზე ედო და ყოველი კომპოზიციის კულმინაციის დროს ძალიან მიჭერდა - ვგრძნობდი, ზუსტად ისევე განიცდიდა, როგორც მე"

"მე მინდა, რომ ჩემი ხელშეწყობით ადამიანები გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან; რა თქმა უნდა, ყველას კი არ ვგულისხმობ. ეს მხოლოდ ჩემს ნაცნობებს შეეხება, ყველას სად გავწვდები, მაგრამ ეს რთულია, - ჰე, როგორი რთული. ხანდახან იმის დადგენაც კი ჭირს, ვინ ცუდია და ვინ - კარგი... შეხედავ კაცს, მოგეწონება, გაიცნობ - მოგეწონება, დაგელაპარაკება - მოგეწონება, დაგელაპარაკება ისევ - უიმე, მტრისას. შემოიკრავ თავში ხელს, როგორ შევცდი, ვინ მეგონა და... პირიქითაცაა, შეხედავ - აგბურძგლავს, გაიცნობ - დაგბურძგლავს, დაილაპარაკებს - დაგთუთქავს, მერე კიდევ მოუსმენ, შეხედავ, ახედავ, დახედავ და... არც ისე ცუდი კაცია. და მერე სულ ერთია, არაა ცუდი. მაგრამ მესამენიც არიან, ყველაზე ძნელი ხალხი, შეხედავ - კარგია, გაიხედავ - ცუდი, გაივლი, გამოივლი, შეხედავ - ისევ კარგია, წახვალ, წამოხვალ - მაინც ცუდი. წარმოგიდგენია? ხან კარგი, ხან ცუდი, ხან კარგი, ხანაც... ცხოვრებაში ძალიან ძნელია კაცი რომ გამოიცნო, ლიტერატურაში კი იცოცხლე, გაგიხარია, - გმირი ან ცუდია, ან კარგი..." - "ალაპარაკებდა" კალამს უდიდესი მწერალი და ადამიანი - გურამ დოჩანაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, თვითონ იყო ლიტერატურული გმირი, რადგან შეუძლებელია, ხალხმა, ვისაც ის პირადად იცნობდა, მასზე შეხმატკბილებულად, მხოლოდ კარგი ილაპარაკოს. არადა, ეს რეალობაა და მართლაც იშვიათია, ვინმემ ისე იცხოვროს, ისეთი შეცდომა არ დაუშვას, რომელსაც ხანდახან მაინც არ წამოაძახებენ... ის გახლდათ ადამიანი, რომელიც ნამდვილად, ყველას უყვარდა...

82 წლის ასაკში დავკარგეთ გამორჩეული მწერალი, რომელზე სასაუბროდაც პოპულარულ მუსიკოსსა და კომპოზიტორს - ზაზა მარჯანიშვილს დავუკავშირდით. ემოციების გარეშე ლაპარაკი გაუჭირდა. რამდენჯერმე ხანგრძლივი პაუზა გვქონდა კითხვა-პასუხებს შორის, უჭირდა სიტყვებისთვის თავის მოყრა და ვგრძნობდი, როგორ განიცდიდა, ეს ბუნებრივიცაა - ძნელია, როცა წარსულ დროში გიწევს ისეთ ადამიანზე საუბარი, რომელსაც წლების მანძილზე ეთაყვანებოდი...

- პირველად თუ არ ვცდები, 1994 წელს გავბედე და ამერიკიდან გამოვუგზავნე მის ნაწარმოებზე შექმნილი ჩემი კომპოზიციები. მანამდე მხოლოდ ერთხელ მყავდა ნანახი, სულ 3-4 წუთით. მაშინ ბევრი არ იცნობდა ბატონ გურამს, რადგან ძალიან მორიდებული კაცი იყო. ჩემი მეგობარი ზაზა მიმინოშვილი, რომელიც აწ განსვენებული რომან მიმინოშვილის, საოცარი პუბლიცისტისა და მწერლის შვილია, იცნობდა ბატონ გურამს. მოგეხსენებათ, ზაზამ ჩამოაყალიბა ჯგუფი "შინ", მანამდე კი არსებობდა ჯგუფი "ადიო", სადაც ერთად ვუკრავდით. ერთხელ მე და ზაზა ერთად მივდიოდით რუსთაველზე, ტროლეიბუსით. უცებ ზაზა ვიღაცაზე მანიშნა, - აი, შენ რომ ყველაზე მეტად გიყვარს, ის კაციაო. არც მიკითხავს, ვისზე მეუბნებოდა. მივხვდი, რომ ბატონი გურამი დაინახა და მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ნანახიც არ მყავდა, ლამის გადავახტი ხალხს, ბოდიშების მოხდით და ზაზაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე, გიტარააკიდებული ძლივს იკვლევდა გზას მწერლისკენ. მივედი და დავუდექი წინ, მაგრამ ვერაფერს ვეუბნები. ბატონმა გურამმა ცხადია, მეგობრის შვილი იცნო, მე კი თვალებში ჩამხედა (მერე, როცა კარგად გავიცანი, ყოველთვის ერიდებოდა ხოლმე თვალებში ყურებას, მართლა ძალიან მორიდებული ადამიანი იყო), ხელი ჩამომართვა და არც გაუხედავს ზაზასკენ, ისე ჰკითხა, - ეს ყმაწვილი ვინ არისო? ზაზამ უპასუხა, ეს თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარია მთელს მსოფლიოშიო.

- როგორი რეაქცია ჰქონდა ამაზე? რა გითხრათ? - არაფერი უთქვამს... უბრალოდ, მადლობა გადამიხადა, თითქოს მის ადგილას მე ვიყავი და ჩემს ადგილას - თვითონ... ამის მერე ძალიან მალე გავემგზავრე ამერიკაში და იქ დავწერე რამდენიმე კომპოზიცია, რომლებიც დედაჩემს გამოვუგზავნე. თან მივაწერე: დედა, თუ გინდა, ისევ შენი შვილობა შევინარჩუნო, ბატონი გურამი უნდა იპოვო და ეს გადასცე-მეთქი. შემისრულა თხოვნა, გადასცა. მერე დედამ მწერლისგან მიიღო ჩემთვის გადმოსაცემი ძვირფასი საჩუქარი - უამრავი წიგნი, მისი ხელმოწერით... დაახლოებით 18 წლის შემდეგ, როცა ჩამოვედი, თურმე ტელეეკრანზე მნახა. მირეკავს ჩემი ბავშვობის მეგობარი, შალვა კოკოჩაშვილი, რომელსაც ბატონ გურამთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა და მეუბნება: დამირეკა, ბიჭო და იქნებ ინახულო. უყურა ტელევიზიით შენს ინტერვიუს და გაუხარდა ძალიანო. მივედი მორიდებით და ეს იყო გაასმაგებული მორიდება, ვიდრე მაშინ მქონდა, როცა ტროლეიბუსის გაჩერებასთან შევხვდი... მითხრა, მადლობა ვერც გითხარით თქვენი კომპოზიციების გამოო. წარმოიდგინეთ, თქვენობით მელაპარაკებოდა და ბატონ ზაზას მეძახდა. ეს მკლავდა. ვიღაც სხვა რომ ყოფილიყო, ხომ ვეტყოდი, - რა ბატონო-მეთქი, მაგრამ იმდენად დიადი იყო, ვერაფერს ვეუბნებოდი, ჩუმად ვიყავი... მერე მითხრა, კომპოზიციები დამეკარგა, ვერსად ვიპოვე და ძალიან ვნერვიულობდი. იქნებ კიდევ მომასმენინო და საერთოდაც, ხომ არ მიგვეყვანა ეგ საქმე ბოლომდეო - ეს იყო ძალიან დიდი ბიძგი იმისთვის, რომ მე პროექტზე - "სამოსელი პირველი" მუშაობა დამეწყო.

- ალბათ ძალიან გაგიხარდათ, მაგრამ პასუხისმგებლობაც დიდი იქნებოდა... - გამიხარდა კი არა, შემეშინდა. სიხარული იცით, როდის ვიგრძენი? ფილარმონიაში, როცა უკვე ყველაფერი დასრულდა. მოგეხსენებათ, იქ მეორე ვარიანტი გაკეთდა, ნანა შონიას და მიშა გომიაშვილს მიჰყავდათ სპექტაკლი და ფაქტობრივად, ჰყვებოდნენ წიგნს, ოღონდ თვითონ ბატონი გურამი ამბობდა, მთელი წიგნი რომ წაიკითხო, მაშინ "რუგზაკებით" უნდა დაპატიჟო მაყურებელი, ამას დღეები დასჭირდებაო. 600-გვერდიანი წიგნია. ჰოდა, დარბაზში გვერდით ვეჯექი სპექტაკლის მსვლელობისას. ხელი ჩემს ხელზე ჰქონდა დადებული და ყოველი კომპოზიციის დაწყების ან კულმინაციის დროს ძალიან მიჭერდა; ვგრძნობდი, ზუსტად ისევე განიცდიდა, როგორც მე. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება, რაც ვიგრძენი. ეს იყო უხმო, უსიტყვო მადლობა თუ შემოქმედებითი ჰარმონია, რაზეც მანამდე ვერც ვიოცნებებდი. და მართალი გითხრათ, დამთავრდა თუ არა სპექტაკლი, ეს მომენტიც ისევ ნატვრის უკან მიიმალა და მიჭირს დაჯერება, რომ ნამდვილად მოხდა.

- როგორი ადამიანი იყო ბატონი გურამი? მათთვის, ვინც მას პირადად არ იცნობდა, იქნება დაახასიათოთ მწერალი... - ეს რთული იქნება... დიდ და კარგ ადამიანებს ახასიათებთ ერთი რამ - ისინი ყველასია. მე ჩემი გურამი მყავს, ჩემს მეუღლეს - თავისი და ა.შ. ის მრავალმხრივია, სხვანაირი და საინტერესო. იცით, როგორი ადამიანი იყო? როგორიც მე მინდა, რომ ზოგადად ადამიანები ვიყოთ.

- თქვენთვის ვინ იყო, გარდა იმისა, რომ გამორჩეულად გიყვარდათ, როგორც მწერალი? - ჩემი შემოქმედებითი მამა იყო... მე მაქვს ძალიან მცირერიცხოვანი სია ადამიანებისა, რომლების სურათებიც ამოვბეჭდე და ამერიკაში სწავლის დროს, ერთი კედელი მქონდა მათთვის დათმობილი: ვაჟა-ფშაველა, ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გია ყანჩელი, დათო ევგენიძე (რომელიც სულ მენატრებოდა), ეროსი მანჯგალაძე, გურამ რჩეულიშვილი, რეზო თაბუკაშვილი, ნინო ანანიაშვილი, სოფიკო ჭიაურელი.... ანუ ვინც რაღაც გააკეთა საქართველოსთვის და ვინც მაძლევდა უფლებას, რომ მეთქვა, ვიყავი არა საბჭოთა კავშირის ნაწილი, არამედ ქართველი. შორეულ ამერიკაში, ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა.

ჰოდა, ამ სიაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ეჭირა გურამ დოჩანაშვილს. ძალიან რომ გამიჭირდებოდა, მივდიოდი კედელთან და ვფიქრობდი, რას იზამდნენ ისინი ჩემს ადგილას და თუ დამიჯერებთ, ყოველთვის ვიღებდი პასუხს და ყოველთვის სწორს! ახლა ძალიან ინტიმური რამ მოგიყევით ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ რაღაც მომენტში ის იყო გადამრჩენელი, პიროვნულად გამზრდელი. ჩემნაირი, მასზე შეყვარებული ადამიანი საბედნიეროდ, ძალიან ბევრია თბილისში. ხშირად შევხვედრივარ ბიჭებს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი, მაგრამ ერთი ფრაზა უთქვამთ, მივმხვდარვარ, რომ წაკითხული ჰქონდათ ბატონი გურამის რომელიმე ნაწარმოები და ასეთებთან უცებ ვპოულობდი საერთო ენას. ბევრ ადამიანთან დამამეგობრა დოჩანაშვილმა. 90-იან წლებში ჯგუფი შევიკრიბეთ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. საყვარელი წიგნებიდან პატარ-პატარა ფრაზების წყალობით, შემთხვევითი ნაცნობობა დიდ მეგობრობაში გადაიზარდა და დღემდე ვმეგობრობთ. ჩვენ რაღაც სექტასავით ვიყავით. ვინც ვერ ხვდებოდა და წაკითხული არ ჰქონდა დოჩანაშვილის ნაწარმოებები, მას ამრეზით ვუყურებდით ან ვაძალებდით, რომ წაეკითხა.

- თქვენი მეუღლე ამბობდა, ზაზა "სამოსელ პირველს" საერო ბიბლიას ეძახისო. - კი, ასეა, ჩემი სიტყვებია...

- რატომ უნდა წაიკითხოს დოჩანაშვილის ნაწარმოებები ყველამ? - უპირველეს ყოვლისა, დღეს პოპულარული ათეისტობის თუ ფსევდომორწმუნეობის მოსაშორებლად. ეს წიგნი სახარების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, უძღები შვილის დაბრუნების იგავზეა და თან, ისეთი ენითაა დაწერილი, რომ ყველასთვის, პატარა ბავშვისთვის თუ დიდი კაცისთვის - გასაგებია. ცოტა ვულგარულად ვიტყვი: რაღაც კერძს რომ მივირთმევთ, ყოველთვის გვინდა დავაყოლოთ ყავა, წყალი ან ტკბილეული. დოჩანაშვილის ნაწარმოებები კი არის ერთი სულიერი კერძი, რომელსაც თუ მიიღებ, სამუდამაოდ რჩება შენს მეხსიერებაში. ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილია, გაჯერებული ძალიან ბევრი სიმბოლიკით და მერე თან იცით, რა არის? თითქოს გიბიძგებს, რომ სხვა წიგნიც წაიკითხო.

წიგნი ისეთი იუმორითაა გაჯერებული, რომ მე და ჩემი მეგობრები ამაზე ლაპარაკისას ვკვდებოდით სიცილით და ვინც ვერ ხვდებოდა მიზეზს, გიჟები ვეგონეთ. ან ვინ იცის, რამდენჯერ მიტირია თუნდაც, კომპოზიციის ჩაწერის დროს. იცით, სულ იყო ჩემს ცხოვრებაში უცნაური ნიშნები, რაც ყოველთვის ამ ნაწარმოებთან მაბრუნებდა. მაგალითად, "ანა მარიას" სიკვდილზე რომ დავწერე, ზუსტად მაშინ, მოვრჩი თუ არა ყველაფერს, კარზე კაკუნი გაისმა და შეგვატყობინეს, რომ ჩვენი მეზობელი გარდაიცვალა. ეს იყო დამთხვევა წამებში.

კიდევ, ნიუ-ორლეანში ვცხოვრობდი გვიმრის ქუჩაზე, გვიმრას კი დიდი დატვირთვა აქვს ამ წიგნში. სან-ფრანცისკოში დავინახე გიჟი, რომელსაც ყველა გაურბოდა. ის ჩემთან რომ მოვიდა, ჩამოსწია ზემოთ აღმართული კომბალი. ბევრად დიდი ზომის პალტო ეცვა, ვიდრე სჭირდებოდა. ჩუმად ჩაიარა და თქვა ფრაზა, - "საღამოს 8 საათია და ყველაფერი რიგზეა"... ასეთი ბევრი დამთხვევა იყო და ეს ჩემთვის გახლდათ პატარ-პატარა ცეცხლის დანთებები, რომ არ უნდა მიმეტოვებინა ჩემი საქმე.

- ბოლოს როდის ნახეთ ერთმანეთი? - ბოლოს თვითონ დამირეკა და მომილოცა შობა. მე არ ვურეკავდი, რადგან ვიცოდი, მესამე წიგნზე მუშაობას ამთავრებდა (მის სამტომეულს ვგულისხმობ) და ვიცოდი, ასეთ დროს არ უნდა შემეწუხებინა. იცით, ბოლო თვეებში განმარტოებით იყო მუხათწყაროში და არ მინდოდა, ჩემი დარეკვით მისთვის თბილისში ჩამოსვლის სურვილი გამეღვივებინა. ხომ იცით, უხალხოდ ვერ ძლებდა, აბსოლუტურად ყველა უყვარდა. ბევრი მიზეზი იყო, რატომაც არ ვაწუხებდი ხშირად და თვითონ რომ დამირეკა, ისე გამიხარდა, ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ფეხბურთელს აქვს მაშინ, როცა გოლს გაიტანს. ეგ იყო ჩვენი ბოლო საუბარი... პანდემიამდე ცოტა უფრო ხშირად ვნახულობდი. თუმცა, სულ მრცხვენოდა მასთან მისვლა, რადგან მეგონა, დროს ვაკარგვინებდი. რთულია ალბათ იმის გაგება, რასაც ახლა ვამბობ, რადგან ზოგი პროექტს რომ აკეთებს ვინმესთან ერთად, მერე 24 საათი ერთად არიან... ვიცოდი, რამდენს მუშაობდა და ჩემთვისაც მისი ყოველი სიტყვა ოქროდ ფასობდა. მოკლედ, იშვიათად ვნახულობდი შეგნებულად და უფრო მეგობრებისგან ვიგებდი, როგორ იყო...

- დაბოლოს, რომ გქონოდათ შანსი, გარდაცვალების წინ მისთვის რაიმე გეთქვათ, რას ეტყოდით? - რა ვიცი... დიდ ადამიანებთან სულ გინდა, ბოდიში მოიხადო, რადგან ისეთი არ ხარ, როგორებიც ისინი არიან. ალბათ, პატიების ფორმა ექნებოდა ჩემს უკანასკნელ სათქმელს და შეიძლება, ვერაფერიც ვერ მეთქვა... საერთოდ, ადამიანები ერთმანეთის ღირსნი უნდა იყვნენ, მე კი ისეთ სიმაღლეს შევეჭიდე, რაზეც ოცნებაც ძნელია...

P.S. ბატონი გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მთელ საქართველოს ვუსამძიმრებთ და სათქმელს ისევ დიდი მწერლის სიტყვებით დავასრულებთ: "ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის. მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ..." ბატონმა გურამმა კი მოასწრო, ჩვენს გულებში სამუდამო სიყვარული დაეთესა...

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)