"მეგობარი გასაჭირში იცნობაო" - ჩინეთის მთავრობა საქართველოს "სინოვაკის" ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს - კვირის პალიტრა

"მეგობარი გასაჭირში იცნობაო" - ჩინეთის მთავრობა საქართველოს "სინოვაკის" ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს

საქართველოში ჩინეთის ელჩის, ლი იენის განცხადებით, ჩინური ვაქცინა „სინოფარმის“ უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია.

როგორც ელჩმა ვაქცინის წარდგენისას ბრიფინგზე განაცხადა, „სინოფარმის“ ვაქცინა ტრადიციული და სანდო მეთოდითაა წარმოებული და მისი უსაფრთოხება საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული.

„ჩვენ საქართველოს მივაწოდეთ კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა, რომელიც ტრადიციული, სანდო, ვირუსის ინაქტივირების მეთოდით არის დამზადებული. ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დონე ძალიან მაღალია. ეს ვაქცინა ამ მომენტისთვის არა მხოლოდ ჩინეთში გამოიყენება ფართოდ, არამედ მისი ექსპორტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. მსოფლიოში გამოყენებულია 100 მლნ-ზე მეტი დოზა.

ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა საერთაშორისო საზოგადოების მიერ ფართოდანაა აღიარებული და მოწოდებული. ჩინური მხარე იმედოვნებს, რომ ჩინური ვაქცინა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მიერ ეპიდემიის დამარცხების და ქართველის ხალხის სიცოცხლის, უსაფრთოხებისა და ჯანმრთელობის დაცვის საქმეში. შემდეგ ეტაპზე ჩინეთი მზადაა, გააგრძელოს ქართულ მხარესთან ეპიდემიის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობა, მათ შორის ვაქცინების მიმართულებით. მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ჩინური ვაქცინა საქართველოს კოვიდ 19- ის ეპიდემიის მალე დამარცხებაში და სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარების და ნორმალური ცხოვრების რეჟიმის აღდგენაში დაეხმარება“, - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია.

„კოვიდ 19-ის გლობალური პანდემიის დაწყებიდან ჩინეთი და საქართველო მუდამ ეხმარებიან და მხარში უდგანან ერთმანეთს. როგორ იტყვიან, „მეგობარი გასაჭირში იცნობაო“. ვაქცინების მიმართ მოთხოვნა, როგორც საერთაშორისო დონეზე, ისე ქვეყნის შიგნით ძალიან მაღალი, ხოლო ვაქცინების წარმოების მოცულობა არასაკმარისია. ასეთ ვითარებაში ქართული მხარის თხოვნის შესაბამისად, ჩინურმა მხარემ საქართველოს ვაქცინა მიაწოდა.

ვაქცინა ვირუსის საწინაააღმდეგო იარაღი და სიცოცხლის გადარჩენის იმედია. ჩინეთი მსოფლიოში ვაქცინის კვლევის, განვითარების და წარმოების და ვაქცინების კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის პირველი ეშელონი იყო. ჩინური ვაქცინების ეპიდემიის წინააღმდეგ გლობალურ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს“,- განაცხადა ელჩმა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს.

გამყრელიძის განმატებითვე, ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი იმ შემთხვევაში დაესმება, თუკი მოსახლეობის 60% აიცრება.

„სინოფარმი“ გარდა ჩინეთისა, ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს ნაყიდი - ბრაზილია, ჩილე იყენებს, ევროპის ქვეყნებიდან - უნგრეთი, სერბეთი და მას 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს. ასე რომ, ის არის ტრადიციულ მეთოდზე დამყარებული, ანუ ინაქტივირებულ ვირუსზე დამყარებული ვაქცინა. მოგეხსენებათ, ჩინეთს დღეს 5-მდე ვაქცინა აქვს, აქედან საერთაშორისო მასშტაბით ორი - „სინოვაკი“ და „სინოფარმი“ გამოიყენება. ჩინეთის მთავრობა საქართველოს „სინოვაკის“ ვაქცინას უსასყიდლოდ გადასცემს, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება ჩვენ ირგვლივ მყოფ ქვეყნებში, მხედველობში მაქვს - თურქეთი, სადაც უკვე დაახლოებით, 15 მილიონი დოზა გამოიყენეს, დაახლოებით, ნახევარი მილიონი დოზაა გამოყენებული აზერბაიჯანში. ეს ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიაციაზე, რომელსაც ისინი დიდი ალბათობით, აპრილის შუა რიცხვებში მიიღებენ. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, ჩვენი ვაქცინების მარაგი თანდათანობით ქვეყანაში ფართოვდება. ახლა ძალიან ბევრია დამოკიდებული მასმედიაზე, რამდენად სწორ გზავნილებს მივაწვდით მოსახლეობას და რამდენად მეტი იქნება მოსახლეობის აქტოვობა, რადგან სხვა იარაღი დღეს ეპიდემიის დამთავრების, ქვეყანაში არ არის. ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. თუ წელს, ჩვენ დასახულ მიზანს შევასრულებთ ჩვენი გეგმით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმება“, - განაცხადა გამყრელიძემ.