"უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება" - კვირის პალიტრა

"უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება"

"თუ არ გვინდა, რომ მესამე ტალღაში შევიდეთ და გამეორდეს ნოემბერი და დეკემბერი ქვეყანაში, გავითავისოთ, რომ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები და კიდევ უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ აცრა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რეგიონებში ახალი კლასტერების ჩამოყალიბება კვლავ დიდ თავშეყრებს - ქორწილებსა და ქელეხებს უკავშირდება. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თავშეყრები დადგენილებით არის შეზღუდული, მოსახლეობა ამას მაინც არ ერიდება. მისივე ინფორმაციით, ამ მოცემულობის გათვალისწინებით, ქვეყანაში უკანასკნელი 20 დღის განმავლობაში ეპიდსიტუაციის გაუარესება შეინიშნება.

"ბოლო ორი კვირის, 20 დღის განმავლობაში შეიმჩნევა ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკა. ამ დინამიკას არ აქვს ნახტომისებური სახე, ნელ-ნელა იმატებს ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი. მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე ანუ ინციდენტობა, რეპროდუქციის ინდექსი 20 დღეა ერთს სცილდება ზემოთ, დადებითობის ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი ასცილდა 2-ს, ასევე, შეიმჩნევა ზრდის დინამიკა აქტიური შემთხვევების. ეს არის დაახლოებით ისეთი სურათი, რომელიც ჩვენ გვქონდა გასული ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ ის გამოცდილება, რაც გვქონდა და პრევენცია გავაკეთოთ ეპიდსიტუაციის შემდგომი გაუარესებისა. პირბადის ტარების მაჩვენებელი ჩამოვარდნილი იყო 75%-დან 43%-ზე, ბოლო მონაცემით, გვაქვს 51%, მაგრამ ცოტაა ეს, უნდა ავიდეთ, სულ მცირე, 75-80%-ზე და საუკეთესო შემთხვევაში 90%-ზე, რომ ვიყოთ შედარებით მშვიდად.

რამდენიმე ადგილზე ჩვენ გვაქვს უკვე კლასტერული გავრცელება, შიდა ქართლში გვაქვს ეს, სამეგრელოში, გვაქვს გურიაში, ყველაფერი ეს დაიწყო ისევ და ისევ დიდი თავშეყრებისგან, დაკავშირებულია ქელეხებთან და დაკავშირებულია დიდ ქორწილებთან, ამიტომ ისევ და ისევ მოწოდება, რომ როგორმე თავი შევიკავოთ, ეს ისედაც დადგენილებით შეზღუდლია, მაგრამ მოსახლეობა სამწუხაროდ არ მიყვება ამ შეზღუდვებს," - განაცხადა გამყრელიძემ.

"უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება, - მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგი მაშინ გამოჩნდება, როცა ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება, იქამდე კი ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარებაა.

"პანდემიამ გვაჩვენა, რომ პირბადე არის ყველაზე უფრო მძლავრი დაცვის იარაღი. ამაზე არის ძალიან ბევრი სამეცნიერო მტკიცებულება. აქედან გამომდინარე უნდა იყოს ორმხრივი პასუხისმგებლობა, მარტო კონტროლი ვერაფერს იზამს თუ ჩვენი თვითშეგნება არ გაიზარდა, რომ დიახ, უნდა შევწუხდეთ ცოტა. მესმის, ყველას გვაწუხებს დღეს პირბადით ჯდომა, მაგრამ ამის გარდა სხვა არაფერი არ არსებობს. ვაქცინა შედეგს მოგვცემს, როცა კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში ანუ რაღაც რაოდენობა ადამიანებს ავცრით, ამიტომ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ კარგა ხანს, სულ მცირე, წლის ბოლომდე და მეტი, ერთი წელი, პირბადის ტარება, ალბათ დაგვჭირდება,"- განაცხადა გამყრელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"