"ზოგ­ჯერ ისეთ შეც­დო­მებ­საც ვუშ­ვებ­დი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გი იყო" - კვირის პალიტრა

"ზოგ­ჯერ ისეთ შეც­დო­მებ­საც ვუშ­ვებ­დი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბის შე­დე­გი იყო"

ჟურნალისტი და პროზაიკოსი ეკატერინე ტოგონიძე კიდევ ერთ ლამაზ ნაწარმოებს ქმნის, გვიყვება რა, სირთულეებით, ტრაგიზმით, ამავე დროს, ლამაზი, მძაფრი და საინტერესო მომენტებით აღსავსე საკუთარ ცხოვრებაზე. ცნობილი ჟურნალისტი ასევე ცნობილი პოლიტიკოსის რატი სამყურაშვილის მეუღლეა. მათი დიდი სიყვარული 13 - წლიანი თანაცხოვრების პერიოდს მოიცავს - ზუსტად ერთი წლის წინ, 6 აპრილს რატი სამყურაშვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.

"რატიმ 42 წლის განმავლობაში იმდენი და ისე იცხოვრა, იმხელა გულით ემსახურა სიკეთეს, სიყვარულის იმოდენა ბირთვი ატარა, ერთს კი არა, უამრავ ცხოვრებას რომ ეყოფა" - ამბობს ეკა და სიყვარულს უმადლის იმას, რასაც დღემდე მიაღწია და რითაც დღემდე ცხოვრობს.

ეკას ნაწარმოებები 2011 წლიდან იბეჭდება ქართულ და უცხოურ პერიოდიკაში, ნათარგმნია ინგლისურ, ჩეხურ, რუსულ, აფხაზურ და გერმანულ ენებზე. მკითხველი იცნობს ეკატერინე ტოგონიძის მოთხრობების კრებულებს: "ანესთეზია" და "მომისმინე", მცირე რომანებს: "სხვა გზა" და "ქარიშხალი მარგო", რომანს "ასინქრონი", რომელიც 2017 წელს ავსტრიაშიც გამოიცა. ის რამდენიმე კინოსცენარის ავტორიცაა, ასევე გახლავთ ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგიის "33 ემოცია" იდეის ავტორი და შემდგენელი; მისი ახალი რომანი "შინ - შენ" კი 2020 წელს მწერალთა სახლის მიერ გამოცხადებული კონკურსის - "შემოქმედებითი სტიპენდიები ავტორებისთვის" გამარჯვებულია.

ექსკლუზიურად ამბები.გე-სთვის: ამბავი ეკაზე, რატიზე და თუთაზე, რომლის დაბადებითაც, როგორც ეკა ამბობს, საკუთარ თავზე გამარჯვება ისწავლა.

ბავშვობა

ერთხელ, სტუდენტებს ჩვენი ბიოგრაფიის დაწერა დაგვავალეს და მახსოვს, ჩემი პირველი წინადადება - "დავიბადე თბილისში" - ლექტორმა ჩამისწორა ასე: "დავბადებულვარ თბილისში". მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ფორმა მართლაც უფრო სწორია, რადგან დაბადება ჩვენგან დამოუკიდებელი აქტია. თუმცა დროთა განმავლობაში გაჩნდა სხვადასხვა დაშვება, მათ შორის ისიც, რომ ჩვენ ყველაფერში უნებურად ვმონაწილეობთ, თითქოს ვირჩევთ კიდეც, როდის, სად და რომელი ოჯახის წიაღში მოვევლინოთ ქვეყანას. შემთხვევითი ხომ არაფერია. მშობიარობისას უკვე გარკვევით ვიგრძენი, რომ მე და ჩემი შვილი იმ წუთებში ერთი გუნდი ვიყავით და ექიმის დამხარებით ორივენი ერთად გავდიოდით ამ რთულ და მნიშვნელოვან პროცესს, ისიც მოქმედებდა, იბადებოდა. ამიტომ ისევ ასე ვიტყვი: დავიბადე თბილისში, მანანა თოთიბაძისა და კახი ტოგონიძის ოჯახში, 1981 წლის 16 მარტს. მამას ძალიან უნდოდა გოგო და ხალისით იხსენებდა ხოლმე ამბავს, უექოსკოპიო ეპოქაში როგორ აცნობა დაღვრემილმა მახარობელმა ჩემი სქესის შესახებ - ლამის მიუსამძიმრა თურმე, - ბავშვი ჯანმრთელი კი გაჩნდა, მაგრამ გოგოაო. მამამ სიხარულისგან ხელში აიტაცა ის ქალი და შემდეგ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, გაზაფხული დღესასწაულად აქცია. აღნიშვნა პირველი მარტიდან იწყებოდა და ჩვენს სახლში ეს დღე მამას მოტანილი იებით თენდებოდა. დაბადების დღემდე მამა ჩემი დაბადების თვეს ზეიმობდა და მისი წასვლით, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ამ იების სურნელი დამაკლდა გაზაფხულის პირველ დღეს.

ჩემი ბავშვობა ჩვეულებრივი მეგონა. პირველად, როცა ჩემი წიგნი გერმანულად ითარგმნა და ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე მოვხვდი, გადაჭარბებულად მომეჩვენა ჟურნალისტების ინტერესი საბჭოთა ბავშვობის მიმართ, კარგად ვერ მივხვდი, რას იკვლევდნენ, ბოლომდე არ მქონდა გააზრებული, რა იყო ასეთი საინტერესო და განსაკუთრებული იმაში, რაც ჩვენ გამოვიარეთ, როგორც ჩვენ ვიცხოვრეთ და როგორც გადავრჩით. არა და, მართლა ყოველდღიური გადარჩენა იყო შინ მშვიდობით დაბრუნება. მე და დედა საღამოობით ხელოვნების სკოლიდან რომ გამოვდიოდით, განსაკუთრებით ზამთარში, როცა ადრე ღამდება, საირმის ბნელი გორის გადალახვა ნამდვილი გამოწვევა იყო. ნებისმიერ წუთს შეიძლებოდა თავს დაგსხმოდნენ, გაექურდეთ, ეძალადათ. და ჩვენ ამ შიშს შეჩვეულები ვიყავით. ყველას გვეშინოდა, გმირობას ვერავის მოსთხოვდი...

გადარჩენა იყო 55-ე სკოლიდან ყიშიძეზე, სახლში მშვიდობით დაბრუნება, ქუჩაში ატეხილი სროლისას ძირს დაწოლა, მიწისქვეშა გადასასვლელიდან უვნებლად ამოსვლა. დიდი გადარჩენა იყო კრიმინალური სამყაროს რომანტიკისგან გათავისუფლება, მოტაცების - ამ წარმოუდგენელი ძალადობისა და ნაადრევი ქორწინების თავიდან აცილება. ჩვენ, გოგოები იმ გარემოში გადარჩენას შეიძლება ინსტინქტურად იმითაც ვცდილობდით, რომ ძლიერი პარტნიორი გვეპოვა, დამცველი, მფარველი და თან იმ ასაკშივე მივმხვდარიყავით, რომ ძლიერება ძალადობაში არ არის, სულ პირიქით... ისიც გადარჩენა იყო, რომ ლოგინში ტანსაცმლითა და ცხელი წყლით სავსე ბოთლებით ვთბებოდით, წიგნებს სანთლის შუქზე ვკითხულობდით და განათლებას "კერასინკას" მიფიცხებულები ვიღებდით. ასეთი იყო ჩვენი "ჩვეულებრივი" ბავშვობა, ამის გააზრება გვიან დავიწყე, მოგზაურობით, განორმალურებული ცხოვრებით და სწორედ იმ კონტრასტებით, რომელსაც ცივილიზებული სამყარო, განათლება და უსაფრთხო გარემო გვთავაზობს. გააგრძელეთ კითხვა