"პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს..." - კვირის პალიტრა

"პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს..."

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ივანე მაჭავარიანი "ინტერპრესნიუსთან" აცხადებს, რომ მან კლინიკაში ძგიდის და პოლიპის ოპერაცია გაიკეთა.

როგორც მაჭავარიანი სააგენტოსთან საუბარში განმარტავს, მან ქირურგიული ჩარევა თანამდებობის დატოვებამდე დაახლოებით, 10 დღით ადრე გაიკეთა.

"ახლა ვიმყოფები სახლში, აბსოლუტურად ჯანმრთელი ვარ, კლინიკაში მოთავსებული არ ვიყავი, თუ ძველ ამბავს მეუბნებით, ჩემი მინისტრობის პერიოდის ამბავია, წასვლამდე დაახლოებით, 10 დღის, 2 კვირის ამბავია, პოლიპი გამიკეთეს და ცოტა ძგიდე გამისწორეს, მაგრამ ეს იყო 20-წუთიანი თემა, მეტი არ ვიცი და თუ თქვენ რამე იცით ვინმემ, მითხარით. ეს ჩემს წასვლამდე ამბავი იყო, კლინიკაში გავიკეთე და წამოვედი", - აცხადებს მაჭავარიანი.

ის ასევე საუბრობს იმაზე, თუ სად გაგრძელებს საქმიანობას, როგორც მაჭავარიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, არ გამორიცხავს, რომ უცხოეთშიც იმუშავოს.

"უფრო კერძო სექტორში და ბიზნესში წავალ. უფრო ამ მიმართულებით, პოლიტიკისკენ არ მგონია. საქართველოშიც ვფიქრობ და უცხოეთშიც ალბათ. ჯერ შევხედავ, დავისვენებ ცოტა ხანი",- განაცხადა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ფინანსთა მინისტრმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში 31 მარტს გამოაქვეყნა. მაჭავარიანმა გადადგომის მიზეზი არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ პოსტიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ იყო კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადადო.