"არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ ვერსიას, რომ არის მცდელობა ივანიშვილის გარშემო "ბ" გუნდის გაკეთების, საფუძველი აქვს" - კვირის პალიტრა

"არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ ვერსიას, რომ არის მცდელობა ივანიშვილის გარშემო "ბ" გუნდის გაკეთების, საფუძველი აქვს"

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, რყევები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში და "ქართულ ოცნებაში" ბუნებრივია, იმ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც ამ გუნდმა შექმნა, "თავისი მავნებლური უპასუხისმგებლო ნაბიჯებით ქვეყანაში".

როგორც ბოკერია განმარტავს, საპარლამენტო უმრავლესობიდან დღეს გასულმა დეპუტატებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია - ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

"რაც შეეხება ამ ადამიანების გასვლას და ე.წ. გახარიას ფაქტორს, ჯერ მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. პასუხები გასცეს გიორგი გახარიამ უამრავ კითხვას, რომელიც მასთან არის. დააფიქსირონ პოზიცია ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. მერე ვნახოთ რაოდენობა ამ ადამიანების. თავისთავად ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ფორმით, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას ნორმალური ვადამდელი არჩევნების ჩატარების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არის პოზიტიური.

მიუხედავად იმისა, რა გათვლები აქვს, ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა "ბ" გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით.

თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება",- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"