"მეამაყება, რომ სესილიასთან დიდი სიახლოვე მქონდა... ყველგან ერთად დავდიოდით" - კვირის პალიტრა

"მეამაყება, რომ სესილიასთან დიდი სიახლოვე მქონდა... ყველგან ერთად დავდიოდით"

დედის თხოვნით, ჯერ მუსიკალური ტექნიკუმი დაამთავრა და მერე აისრულა ოცნება - თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. თავს ბედნიერ, ძლიერ და ძნელად დასამარცხებელ ქალბატონად მიიჩნევს. არ არის შურიანი, ბოროტი, ცუდი არავისთვის გაუკეთებია, სხვას არ შეჰყურებს ხელებში, საკუთარი თავის იმედი აქვს, შრომა უყვარს, ბევრს ეხმარება... ასმათ ტყაბლაძე ამბობს, რომ ბედი ჰქონდა, რადგან ისეთ მსახიობებთან და რეჟისორებთან მეგობრობდა, რომლებმაც თეატრალურ თუ კინოხელოვნებაში განუმეორებელი კვალი დატოვეს.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხმალი მაქვს, რომელიც ეკუთვნოდა დედაჩემის პაპის პაპას. ის იყო სამასი არაგველიდან ერთ-ერთი და მეფე ერეკლემ დააჯილდოვა იმით, რომ გადასახადებისგან გაათავისუფლა. ის ხმალი, პაპაჩემი ივანე ჯარიაშვილი როცა დაიჭირეს პოლიტიკური რეპრესიების დროს (7 წელი მიუსაჯეს), სანამ სახლში კონფისკაცია მოხდებოდა, ჩვენებმა გადამალეს..."

"მეამაყება, რომ მასთან დიდი სიახლოვე მქონდა. სესილია საოცრად მოწესრიგებული ადამიანი იყო. დაგვიანება არ უყვარდა. თუ სადმე მატარებლით უწევდა წასვლა, სადგურში სამი საათით ადრე მივიდოდა, თუ სპექტაკლი რვა საათზე იწყებოდა, ოთხი საათიდან თეატრში იყო. სესილია და მე ყველგან ერთად დავდიოდით..."

"აღმოვჩნდი "შუამავალი" სესილიასა და თეატრს შორის. ყოველ საღამოს მეკითხებოდა: გოგო, რა ხდება თეატრშიო? იმ პერიოდში მის მეზობლად გადავედი საცხოვრებლად. კარს ღიას ტოვებდა და მელოდა, როდის მივიდოდი, რომ თეატრის ამბები მომეყოლა. თუ მისვლას ვერ შევძლებდი, ტელეფონით ვსაუბრობდით.

თეატრში პატარა ხელფასი გვქონდა და რადგან კარგად ვქსოვდი, ნაქსოვებს ვყიდდი, რაშიც სესილია მეხმარებოდა. დამირეკავდა და მეტყოდა: ასმათო, სამი ქუდი და ორი შარფი!.. კოტე მახარაძეს, თენგიზ არჩვაძესა და ზურაბ ლაფერაძეს ჯემპრები მოვუქსოვე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 15 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე