"რაკი მაჟორიტარად „ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ მთლიანად „ოცნების" დამსახურებაა - ძალიან ბევრმა გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი პარტიას" - კვირის პალიტრა

"რაკი მაჟორიტარად „ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, არ ნიშნავს, რომ მთლიანად „ოცნების" დამსახურებაა - ძალიან ბევრმა გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი პარტიას"

"რაკი მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთა-თიანეთის რეგიონში პარტია "ქართული ოცნების" მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად "ქართული ოცნების" დამსახურებაა - ნუ დაგვავიწყდება, რომ "ქართული ოცნების" ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი, - ასე პასუხობს უმრავლესობიდან გიორგი გახარიას გუნდში გადასული მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი შალვა კერესელიძე "ქართული ოცნების" წევრებს, რომელთა აზრითაც, "ქართული ოცნებიდან" წასულმა მაჟორიტარებმა სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვონ და შუალედურ არჩევნებში ხელახლა იყარონ კენჭი.

ჟურნალისტებთან საუბრისას კერესელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყოლია, მაგრამ ისეთი რეიტინგული, როგორიც გახარიაა, არავინ იყო".

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში აიღო. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მცხეთა-თიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა", - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

"ჩვენი გუნდი მზად არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც და საპარლამენტო არჩევნებისთვისაც - მზად ვართ, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად", - კერესელიძის თქმით, 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ საჭიროა არსებული ვითარების განმუხტვა.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. "ქართულმა ოცნებამ" იმ პროცენტის, რაც რეალურად აიღო, სიმართლის ბოლომდე დამტკიცება ვერ შეძლო. როდესაც ხარ მმართველი ძალა, ხარ ხელისუფლება, კეთილი უნდა ინებო და ეს პოლარიზაცია, რაც დღეს მოსახლეობაშია, უნდა განმუხტო. ჩვენს მოქალაქეებს ნაკლებად აინტერესებს 1%-იანი, 3%-იანი თუ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი იქნება. ხალხს უჭირს, ძალიან დიდი სიდუხჭირეა და ამ კინკლაობაში ჩართვას, სჯობს, ამ პანდემიის ჟამს ქვეყანას მივხედოთ", - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"