"მშობლების დაშორების ინიციატორი მე ვიყავი - მე დავაძალე დედას, მამას გაშორებოდა და ის ტანჯვა აერიდებინა თავიდან, რომელსაც მისგან იტანდა"
"დედას ვუთხარი, როგორც კი ყარაჯალაში მივალთ, მაშინვე ქართულის სწავლა უნდა დამაწყებინო-მეთქი"
25 წლის აზერბაიჯანელ გოგონას, ნია ყურბანოვას არც ისე დიდი ხნის წინ ნაილა ერქვა, დღეს ასე აღარავინ ეძახის, მისთვის სახელის შეცვლის მიზეზი კი ბანალური, მაგრამ მძიმეა - სახელის გამოცვლით უნდა ის ტკივილი დაივიწყოს, რომელიც გადაიტანა, ამ პატარა და სუსტმა გოგონამ დაამტკიცა, რომ შეუცვლელი წესები არ არსებობს. მით უფრო, თუ ეს წესები ადამიანის დათრგუნვასა და დამონებას ემსახურება.
დღეს მშვენიერი ნია ყურბანოვა თელავში ცხოვრობს, სადაც ყველა იცნობს და ყველა სიამოვნებით მიგასწავლით მშვენიერ დიზაინერს, რომელიც ქართულად ბრწყინვალედ ლაპარაკობს. შეუძლებელია, აღმოსავლური ინტონაციით შეფერილმა მისმა ქართულმა თქვენი გული არ მოიგოს.
- ყარაჯალა ჩემი მშობლიური სოფელია, იქ დავიბადე, გავიზარდე და სადაც უნდა ვიყო, მუდამ იქაურობისაკენ გამიწევს გული. ხუთი წლის განმავლობაში ყაზახეთში ვცხოვრობდით, მამა ტაქსის მძღოლად მუშაობდა და კარგად მახსოვს, როგორ ვდარდობდი ჩემს სოფელთან განშორებას. სკოლაც მთრგუნავდა, რადგან ჩემი კლასელები ჩემი დამახინჯებული ყაზახურის გამო იცინოდნენ, თუმცა, ალბათ, ბრძოლა სწორედ მაშინდელმა სტრესმა მასწავლა. იმის ნაცვლად, რომ ბავშვების დაცინვის შემდეგ მეტირა, დავიფიცე, რომ რადაც უნდა დამჯდომოდა, მათი ენაც უნდა მესწავლა და რუსულიც, რადგან ყაზახეთში რუსულსაც ისევე იყენებენ, როგორც მშობლიურს. ორივე ენა ძალიან მალე ვისწავლე, მერე კი ამას უზბეკურიც დავამატე. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მალე მამაჩემმა ალკოჰოლისა და სხვა ბევრი მიზეზის გამო მუშაობა ვეღარ შეძლო და ყარაჯალაში დაბრუნდა. მოგვიანებით ჩვენც წამოვედით და ახლა უკვე სამშობლოში აღმოვჩნდი უცხო, რადგან სკოლაში ქართულად წერა-კითხვა თითქმის ყველა ბავშვმა იცოდა, მე კი არაფერი გამეგებოდა. თითქმის დეპრესიაში ჩავვარდი, რადგან ქართული ისეთი ძნელი მომეჩვენა, ვიფიქრე, ვერასოდეს ვისწავლი-მეთქი. მგონი, ასეთი ფიქრის მიზეზი ისიც იყო, რომ ოჯახური სტრესი უკვე ძალას მაცლიდა.
სოფელში დაბრუნებისთანავე ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და ამის ინიციატორი მე ვიყავი - მე დავაძალე დედას, მამას გაშორებოდა და ის ტანჯვა აერიდებინა თავიდან, რომელსაც მისგან იტანდა. ბოლოს ქართულის სწავლაც გადავწყვიტე. ეს ძლიერი ენაა და მისი ძალა ყველა სიტყვაში იგრძნობა. ამასთან, ქართულში არის ისეთი ბგერები, რომლებიც საიდან ჩნდება, ვერ ხვდები. ჩემთვის ასეთია ბგერა ტ. ამ მიზეზების გამო ქართული ენის კარის შეღება მემძიმა და მხოლოდ მისი შესწავლის შემდეგ მივხვდი ქართულთან დაკავშირებულ ერთ საოცრებას - რაც უფრო უკეთ სწავლობ, მით უფრო საინტერესო ხდება, თუმცა მე ხომ ეს არ ვიცოდი და რომ არა ერთი ქალბატონის უხეშობა, იქნებ ქართულთან დიდხანს ვერც მივსულიყავი. 14 წლისა თელავის მაღაზიაში რაღაცების შესაძენად შევედი და რადგან ქართული არ ვიცოდი, გამყიდველს რუსულად დაველაპარაკე. მან ქართულად მიპასუხა. მართალია, ვერ გავიგე, რა მითხრა, მაგრამ მისი გამომეტყველებით ყველაფერს მივხვდი - მისი სახე ამბობდა, რომ არ იყო ვალდებული, ჩემთვის რუსულად ეპასუხა. მაღაზიიდან გამოვედი და დედას ვუთხარი, როგორც კი ყარაჯალაში მივალთ, მაშინვე ქართულის სწავლა უნდა დამაწყებინო-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემმა თავადაც კარგად არ იცოდა ქართული, ასოები ისე ლამაზად დამიწერა, თვალი ვერ მოვწყვიტე.
- დედამ რატომ არ იცოდა ქართული, ის ხომ საქართველოში დაიბადა და გაიზარდა? - იმიტომ, რომ მის თაობას სკოლაში კვირაში ქართულის მხოლოდ ერთ გაკვეთილს უტარებდნენ და იმიტომაც, რომ დედას სწავლა არ დასცალდა - 14 წლის გაათხოვეს.
- და აქედან დაიწყო მისი პრობლემები...
- რა თქმა უნდა. ჩვენი ქალების პრობლემების ძირითადი მიზეზი სწორედ ნაადრევი გათხოვებაა. მათ ცხოვრების ყველაზე ლამაზ წლებს ართმევენ, თანაც ისე, რომ ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, ვის მიჰყვებიან ცოლად. დედაჩემი 12 წლით უფროს კაცს გააყოლეს. ალკოჰოლზე დამოკიდებული მამა უამრავ პრობლემას გვიქმნიდა. განსაკუთრებით - დედას, რომელიც ყველაფერს ჩემთვის ითმენდა - მე ხომ გოგო ვიყავი და თუ დედა ოჯახს დაანგრევდა, ვეღარასოდეს გავთხოვდებოდი. ამის გამო დანაშაულის გრძნობა მტანჯავდა.
საერთოდ, ყველაფრის გამო დანაშაულისა და შიშის გრძნობა მკლავდა. იმის გამოც კი, რომ მანქანის ტარების შესასწავლად ჩუმად დავდიოდი თელავში და სულ მეშინოდა, მამას არ გაეგო, რომ ამის გამო დედა არ დაესაჯა. ამიტომ ყველაფერი გავაკეთე, რომ დედა ამ ჯოჯოხეთიდან დამეხსნა, დამერწმუნებინა, რომ ქმართან მისი დაშორებით ჩემს მომავალს საფრთხე არ ემუქრებოდა. მე და დედა დედაჩემის მშობლებთან გადმოვედით საცხოვრებლად. ჩემი ძმა კი მამასთან დარჩა და მისი მესმის - ადვილი არ არის, მშობელი მარტო დატოვო.
- ამ გადაწყვეტილებას თქვენი ნათესავები როგორ შეხვდნენ? აზერბაიჯანულ თემში ხომ ნათესავები უდიდეს როლს თამაშობენ... - ძალიან ცუდად შეხვდნენ. ბებიაც კი, რომელიც დღეს ჩემით ამაყობს, მუდამ მედავებოდა, ეს რა ჩაიდინე, წადი და მამაშენთან იყავიო. ნათესავებიც ცუდად მიხსენიებდნენ, სოფელში ბევრი მემუქრებოდა კიდეც, ჩვენი გოგოებისთვის ცუდი მაგალითი ხარო, მე კი მუქარაზე ვპასუხობდი, შორიდან რომ მემუქრებით, მოდით და პირდაპირ მელაპარაკეთ-მეთქი. ადამიანი რომ იმდენ სირთულეს გადაიტანს, რაც მე გადავიტანე, აღარაფრის ეშინია, მით უფრო, რომ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც გულში ჩაგვიხუტეს, მათ შორის - ბაბუაჩემმა და ქვრივმა ბიცოლამ.
ჩვენი ხალხი უმეტესად სოფლის მეურნეობით ირჩენს თავს და ბაბუამ მეც მომცა პატარა მიწა - დათესე, მოუარე და შემოსავალიც გაგიჩნდებაო. უდიდესი სიამოვნებით ვიმუშავე იმ ნაკვეთში. დედასთან ერთად ბოსტნეული მომყავდა, რომელსაც ბიცოლაჩემი თელავის ბაზარში ყიდდა. შედეგად ჯიბის ფული გაგვიჩნდა. მერე დედამ ამ ფულით თელავში სტილისტობა ისწავლა. ინტერნეტით მეც შევისწავლე რაღაც-რაღაცები: მანიკიური, შილაკი და ა.შ. და სოფელში პატარა სილამაზის სალონი გავხსენით. ეს ბევრს გაუხარდა - ჩვენში ქორწილი ხშირია და უამრავი ხალხი გვიხდიდა მადლობას.
- ძალიან მამაცურად დაგიწყიათ თავის გადარჩენა და დამკვიდრება. - უამრავი ადამიანი დამდევდა გათხოვების წინადადებით, ნათესავებისა და მეზობლების ჩათვლით. ახლაც არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს ასე ძალიან სხვისი ბედის გადაწყვეტა, ამიტომ სულ უფრო ხშირად ვფიქრობდი წინსვლაზე. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო უმაღლესი განათლება ვერ მივიღე, მაგრამ კერვის სწავლა გადავწყვიტე, რაშიც დედაჩემის თელაველი ქართველი მეგობრები დამეხმარნენ. ერთ-ერთი განსაკუთრებით მედგა გვერდით, ჩემი მანეკენიც კი გახდა.
ერთი სიტყვით, 19 წლისამ ყარაჯალაში სამკერვალო გავხსენი და უამრავი კლიენტი გავიჩინე, თუმცა, ჩემი სამკერვალოთი მალე მაინც თელავში მომიხდა გადმობარგება და დამოუკიდებლად ცხოვრება.
- შენს მარტო ცხოვრებას ნათესავები ან დედა არ შეეწინააღმდეგნენ? - დედას ჩემს დანახვაზე თვალები ისე უბრწყინავს, რომ არ მითხრას, ისეც ვიცი, რომ ჩემი სჯერა და იმედიც აქვს. ან სხვამ რა უნდა მითხრას?!
ყველამ იცის, თუ რამეს მოვინდომებ, წინ ვერაფერი დამიდგება. ადამიანი მიღწეულს არ უნდა სჯერდებოდეს და წინსვლას ცდილობდეს, თელავში კი ამის მეტი შანსი მქონდა. ქალაქმა ნელ-ნელა შემიყვარა და მეც შევიყვარე.
ამის გარდა, საბანკო ვალდებულებაც მაქვს შესასრულებელი - იმ სესხს, რომლითაც ჩემს დედიკოს სოფელში სახლი ავუშენე, გადახდა ხომ სჭირდება?
- დედას სახლი აუშენე?!
- დიახ, ჩემი ბებია-პაპის სახლთა ახლოს, პატარა და ლამაზი სახლი, რომლის ეზოში დედამ ისეთი ვარდები დარგო, მათი დანახვა ყველას უხარია. ერთი სიტყვით, 20 წლისამ თელავში სამკერვალო სალონი გავხსენი. კლიენტები იმ დღესვე შემოვიდნენ და მკერავს ეძებდნენ, სად არისო? ვერ წარმოედგინათ, რომ თავად ვკერავდი, თუმცა, ჩემი ნამუშევარი რომ ნახეს, სხვებიც მომიყვანეს, ამიტომაც წელიწად-ნახევარში სალონი გავაფართოვე და დამხმარეებიც ავიყვანე.
ახლა ბედს არ ვუჩივი. პანდემია რომ არა, უფრო დიდ წარმატებას მივაღწევდი, თუმცა მას მხოლოდ მე არ დავუზარალებივარ. ბოლოს და ბოლოს, ესეც ხომ გაივლის?! მე კი ყველაფერი წინ მაქვს. როგორც კი თელავის ქუჩებში გავალ, ისეთი პატივისცემა და სიყვარული მხვდება, ემოციები გულში არ მეტევა. მეც ძალიან მიყვარს თელავი. ან კი როგორ შეიძლება არ მიყვარდეს?!
- ერთი საჩოთირო კითხვაც - შენი ხალხი 25 წლის ასაკში უოჯახობას ძალზე დაგვიანებულად მიიჩნევს. შენ როგორ ფიქრობ? - ბავშვობიდან გამუდმებით გათხოვებაზე ლაპარაკით ეს სიტყვა ისე შემაძულეს, მგონი, საერთოდ აღარ მინდა ოჯახის შექმნა. თუ ოდესმე ამაზე ვიფიქრებ, ნაბიჯს მხოლოდ სიყვარულით გადავდგამ. ქმარი ჩემი თანასწორი და მეგობარი იქნება. ძალიან მინდა, ჩემი თემის გოგონებმა მომავლისთვის იბრძოლონ. მინდა მათ დაასრულონ ბავშვობა, მიიღონ განათლება და მხოლოდ ამის შემდეგ დაქორწინდნენ.
ამიტომაც შევქმენი "ტიკ ტოკი" - ჩვენს გოგონებს ამ საკითხზე ველაპარაკები. ისინიც მელაპარაკებიან. ბევრი მათგანი ვინაობას მალავს, მაგრამ მეკითხება, როგორ შეძელი, ამხელა წინააღმდეგობა გადაგელახა და სხვისი სურვილებით არ გეცხოვრაო. ვპასუხობ, რომ ეს ყველას შეუძლია, თუკი მოინდომებს და იბრძოლებს. შეიძლება ეს ბრძოლა მტკივნეული იყოს, მაგრამ, სამაგიეროდ, ამ ტკივილს გამარჯვება მოსდევს. მხოლოდ ასე იპოვი ბედნიერებას. და განა ამისთვის არ მოდის ადამიანი ამქვეყნად?! იმ ბედნიერებისთვის, რომელიც ჩვენს სიცოცხლეს ალამაზებს?