სად მოხდა დიდგორის ბრძოლა
წინამდებარე ნარკვევი ნაწილია ჩვენი ვრცელი გამოკვლევისა - "დიდგორის ბრძოლა (დავით აღმაშენებლის "ძლევაი საკვირველი")". ნაშრომს უახლოეს ხანებში იხილავს დაინტერესებული მკითხველი. ამჯერად გვსურს, მოკლედ წარმოგიდგინოთ რამდენიმე დაკვირვება დიდგორის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციასთან დაკავშირებით.
დიდგორის ბრძოლა თავისი მნიშვნელობით, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დღემდე არ წყდება კამათი, სად მოხდა ბრძოლა და როგორ წარიმართა იგი. ჩვენი ქვეყნის წარსულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას დავითის მემატიანე სულ რაღაც 500 სიტყვას უთმობს და ეს ტექსტიც ზოგადი ფრაზებით არის გაჯერებული. რამდენადაც უნდა გაგიკვირდეთ, მემატიანე იმასაც კი არ აღნიშნავს, სად მდებარეობდა საბრძოლო მოქმედებათა მთავარი ეპიცენტრი. მისი ზოგადი ფრაზა, რომ მტერი მოვიდა "თრიალეთს, მანგლის[ს] და დიდგორთა" დაზუსტებით არაფერს გვეუბნება ლოკალიზაციის კუთხით. მოგვიანებით თამარის ისტორიკოსი - "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის" ავტორი უფრო აკონკრეტებს და "ძლევაი საკვირველად" მონათლული ბრძოლის ადგილად დიდგორს ასახელებს: შამქორთან ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "დროშა იგი ხალიფასი, რომელი მოიღო შალვა ახალციხელმან, წარგზავნა ესე მონასტერსა დიდსა წინაშე ხახულისა ღმრთისმშობლისასა, მსგავსად მამის პაპისა მათისა. მაშინ მას წარეგზავნა მოძრცლი ქედისაგან დორბეზე სადაყაის ძისა, ჟამთა დიდგორთა გაქცევისათა მანიაკი ოქროსა, შემკული თუალებითა ძრფასისათა". დიდგორის სახელი შერყვნილი ფორმით იხსენიება ამ ბრძოლის შესახებ არსებულ უცხოურ წყაროებშიც.
ქართული ისტორიოგრაფიის სამი ძირითადი მოსაზრება
დიდგორის ბრძოლას საინტერესო წიგნი მიუძღვნა სარგის კაკაბაძემ, რომელშიც გამოთქვა მოსაზრება, რომ ბრძოლა მოხდა ვრცელ ველზე სოფელ დიღმის მიდამოებში. მკვლევარი აღნიშნავს, რომ დიდგორის მთაზე, ხალხური გადმოცემით, ორი ბრძოლა გაიმართა. პირველი ბრძოლა დასავლეთ (ზემო) დიდგორზე, ხოლო მეორე, გადამწყვეტი - სოფელ დიღმის მიდამოებში ე.წ. დიდგორწინზე. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ ის ფაქტი, რომ XVIII საუკუნეში და უფრო ადრეც, ტოპონიმი "დიდგორი" მდინარე დიღმისწყლის რეგიონში არ დასტურდება.
1728 წელს ოსმალებმა აღწერეს თბილისის ვილაიეთი და ყველა სოფელი სპეციალურ "დავთარში" შეიტანეს. სოფელ დიღმის გარშემო იხსენიება წოდორეთი, ვეძისი, კარსანი, მუხათგვერდი, თელოვანი, ნიკული, ყურყუტა, არმაზი. ოსმალთათვის სოფელი დიდგორი უცნობია. ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ რუკებზეც საკმაოდ დაწვრილებითაა აღწერილი დიღმის ხეობა, მაგრამ არც იგი ახსენებს ამ ზონაში ტოპონიმ "დიდგორს". ვფიქრობთ, ამ სახელწოდების სოფელი (ე.წ. ქვემო დიდგორი) გვიანდელი დასახლებაა.
1972 წელს დაიბეჭდა დიდგორის ბრძოლისადმი მიძღვნილი შოთა მესხიას ფრიად საინტერესო გამოკვლევა - "ძლევაი საკვირველი", რომელშიც მთლიანობაში XI საუკუნის მიწურულისა და XII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიაა გადმოცემული. ძირითადი ბრძოლის ადგილად შოთა მესხია ზემო დიდგორს მიიჩნევს, ნიჩბისის წყლის სათავეების მიდამოს (დღევანდელი დიდგორის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია), თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მტრის ჯარის "მეორე ნაწილმა კიდევ, დიდგორის კალთებიდან შემოსულმა, დიღმის ხეობა დაიჭირა. ასე რომ, მტრის ლაშქრით გაივსო როგორც ზემო, ასევე ქვემო დიდგორი, რომელთაც დავითის ისტორიკოსი ერთ გეოგრაფიულ პუნქტად მოიხსენიებს, ოღონდ მრავლობითი რიცხვით - "დიდგორნი".
დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა 1973 წელს გამოცემულ ქველი ჩხატარაიშვილისა და ივანე შაიშმელაშვილის წიგნში - "დიდგორის ბრძოლა". შესაბამისი ნარკვევი ეკუთვნის ივანე შაიშმელაშვილს, რომელმაც ბრძოლის ადგილად შემოსაზღვრა დიდგორის ქედის ჩრდილოეთი მონაკვეთი, რომელიც ერთი მხრივ კოშკაყელის ქედს სწვდებოდა, ხოლო აღმოსავლეთით - ნიჩბისის ხევს. მეცნიერის თქმით, ქართული არმიის განლაგებისთვის დიდგორის ქედიდან რომ გაგეხედა, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა, თითქოს იგი ორ მთას შუა ტყით დაბურულ ხეობაში იყო განლაგებული. "არმია, რომელიც ესოდენ გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრძოლის წინ ერთ ხეობაში მოემწყვდეოდა, დავით აღმაშენებლის სარდლობის ღირსი არ იქნებოდაო", - დასძენს მეცნიერი.
ამ მსჯელობას თუ მივყვებით, დავით IV აღმაშენებელს დაუკავებია ტერიტორია ნიჩბისის ხევის სათავეების მიმდებარედ. აქვეა კოშკაყელის ქედი და მის სამხრეთით საკურთხისის მწვერვალი. ამ ადგილებში საბრძოლო ველი, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს არის პატარა მთების მთელი სისტემა, თავისი ხევებით, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ვიწრო გასასვლელებით. იმ რაოდენობის არმიას, რომელიც შეიძლება დიდგორზე ყოფილიყო თავმოყრილი, ამ სივრცეზე მოძრაობა გაუჭირდებოდა. რაც მთავარია, ვიცით, რომ დავითმა მთელ ბრძოლას 3 საათი მოანდომა. მეტიც, მემატიანე აღნიშნავს, რომ "დავითისი ესეოდენთა მიმართ წინა-განწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგრომად". ამ მინიშნებით ისე გამოდის, რომ მტერმა ვერ შეძლო პირველი შეტაკების გაძლება და უკუიქცაო. ფაქტია, ქართველთა პოზიცია იმდენად ხელსაყრელი იყო, რომ მათმა სამხედრო მანევრმა მოწინააღმდეგე დაფანტა და უკუაქცია. ივანე შაიშმელაშვილის მიერ შემოთავაზებული ადგილი კი ასეთ სახარბიელო პოზიციად ვერ ჩაითვლება. ჯერ ერთი, სანამ ამ ადგილას მივიდოდა ილ-ღაზი, მის მზვერავებს უნდა დაეკავებინათ დიდი თონეთ-მოხისის მიდამოებიდან კოშკაყელის ქედამდე არსებული სივრცე. მხოლოდ ასე შეძლებდა მტერი მისულიყო დავითის ბანაკამდე. ეს კი 12-14-კილომეტრიანი მონაკვეთია. ამ ტერიტორიაზე არსებული მთები მთლიანად ბატონობს მთელ არემარეზე. რა გამოდის, მტრისთვის ხელის გულზე მოჩანდა ქართველთა ბანაკი. ამასობაში კოალიციის სამხედრო ნაწილების მარშირებაც უნდა დაწყებულიყო. ფაქტობრივად, თურქ-სელჩუკები დაეუფლებოდნენ დიდგორის მთის 1800-მეტრიან სიმაღლეს და იმ პატარა გორაკებს, რომელიც გრძელდება კოშკაყელის ქედამდე და ნიჩბისის ხევის სათავეებამდე. ასეთ სიტუაციაში ილ-ღაზი ეუფლებოდა სტრატეგიულ სიმაღლეებს და გამორიცხულია, თურქ-სელჩუკებს ქართველთა პირველსავე დარტყმისას ზურგი ექციათ.
დიდგორის ბრძოლის მიმდინარეობის შესახებ აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა სოსო მარგიშვილმა თავის წიგნში "მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ". ამ ნაშრომის გამოსვლას საზოგადოებაში ნამდვილად არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. სოსო მარგიშვილის მონოგრაფიაში ყველაზე საკამათო მონაკვეთია დიდგორის ბრძოლის ლოკალიზაციისაა და მიმდინარეობის საკითხი. ბრძოლის ადგილთან დაკავშირებით ავტორი წერდა: "ჩვენი აზრით, ბრძოლის ზუსტი, ერთი კონკრეტული ადგილის ლოკალიზება არ არის საჭირო, რადგან ამ მიდამოებში ერთ ადგილას დაჯგუფებული ორი არმიის კომპაქტური ბრძოლის გამართვა არ იყო შესაძლებელი და ასეთი ხასიათის ბრძოლა აქ ვერ მოხდებოდა... დიდგორის მიდამოების რელიეფის თავისებურებები, პრაქტიკულად, უშვებს ერთადერთ შესაძლებლობას, მომხდარიყო ჩასაფრებითი ბრძოლის ორგანიზება სამარშო კოლონით მოძრავი მუსლიმური არმიის წინააღმდეგ (რაც სავსებით ეთანხმება წერილობითი წყაროების ჩვენებებს). ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრძოლის ადგილი არ შეიძლება ყოფილიყო ერთი კომპაქტური მონაკვეთი, იგი უნდა მომხდარიყო სამარშო კოლონის გაშლის გარკვეულ სიგრძეზე...
ბრძოლა მუსლიმებისთვის იყო მოულოდნელი და, შესაბამისად, დავით აღმაშენებლის არმიის თავდასხმისას ისინი ბრძოლისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები უნდა ყოფილიყვნენ". ავტორს მიაჩნია, რომ ქართველები ილ-ღაზის ლაშქარს მარშირებისას დაესხნენ თავს და რომ დავითმა ვერეს ხეობაში მოუწყო მათ ჩასაფრება. ილ-ღაზი, საერთოდ, დიდი მხედართმთავრული ნიჭით არ გამოირჩეოდა, მაგრამ არც იმდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო, რომ თბილისისკენ მიმავალი გზის საგანგებოდ დაზვერვის გარეშე ჯარის მოძრაობა დაეწყო. საერთოდ, შუა საუკუნეებში, როგორც წესი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მარშირების დაწყებამდე რამდენიმეათასიანი მზვერავთა რაზმის მიერ გზის საგულდაგულოდ შემოწმება. ვერეს ხეობა საკმაოდ ვიწროა იმისთვის, რომ აქ რაიმე დიდი ბრძოლა გამართულიყო. სოსო მარგიშვილი წერს:
"12 აგვისტოს დილით, როდესაც ილ-ღაზის არმია მანგლისის მიდამოებიდან სოფლების, მოხისი-შამთა-დრე-ღვევის გავლით, მარშით მიემართებოდა ვერეს ხეობისკენ, ქართული არმიის ქვეითი ნაწილები ჩასაფრებულნი იყვნენ სოფელ ღვევის ჩრდილოეთით, მდინარე ვერეს შენაკადის დიდგორის ქედთან შეერთების ადგილას... ვერეს ხეობისკენ მიმავალ მტრის კოლონის ავანგარდს, სადღაც სოფელ ღვევის მიდამოებში თავს დაესხა გზის სიახლოვეს წინასწარ ჩასაფრებული ქართველ ცხენოსანთა მცირერიცხოვანი რაზმი, რომელიც ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკუიქცა დიდგორის ქედისკენ მდინარე ვერეს შენაკადზე გამავალი გზით.
იქით, სადაც მოწყობილი იყო ქვეითთა ჩასაფრება... იმის პარალელურად, როდესაც დაიწყო ავანგარდზე თავდასხმა... დავით აღმაშენებელმა დაიწყო ცხენოსანთა რაზმების გამოყვანა ნიჩბისისწყლის სათავეებიდან მოხისი-ნაოხარის მიმართულებით შეტევის საწყის პოზიციებზე... ილ-ღაზი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა... შედეგი ასეთი შეტევისა იქნებოდა მხოლოდ ერთი: მუსლიმთა სამარშო კოლონის რამდენიმე ნაწილად გაპობა, მოწინააღმდეგის მეომრების უსისტემოდ ერთმანეთში არევა, ჭყლეტისა და ქაოსის წარმოქმნა და ლოკალური ალყის კერების გაჩენა...
კოალიციური არმია სავსებით დაკარგავდა მართვის უნარს და დარჩებოდა მხოლოდ ერთი არჩევანი, ბრძოლის ველიდან გაქცევა". ავტორის მიერ რეკონსტრუირებული ბრძოლის მიმდინარეობა კრიტიკას ვერ უძლებს. ამ საკითხზე ვრცლად ჩვენს მონოგრაფიაში ვისაუბრებთ. აქ მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ სოსო მარგიშვილი ნაკლებად იცნობდა დიდგორისა და მდინარე ვერეს ხეობას. ილ-ღაზის კოალიციის შესვლა ვერეს ხეობაში თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგანაც ბეთანიამდე მთელ ხეობაზე ბატონობს მდინარის მარჯვნივ აზიდული მთათა სისტემა, რომელზეც მდებარეობს სოფელი ორბეთი და წვერი.
ამ სტრატეგიული სიმაღლეების ფლობა ქართველებს საშუალებას მისცემდა, უკვე ხეობის დასაწყისში ილ-ღაზის ჯარისთვის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. საკითხავია, რომელი სარდალი შეიყვანდა ჯარს ასეთ ვიწრობში, როდესაც სხვა არჩევანი არსებობდა. როდესაც ვსაუბრობთ იმ ფაქტზე, რომ ჯარი ვერეს ხეობით თბილისისკენ გაჭრას აპირებდა, ვგულისხმობთ იმასაც, რომ სამხედრო ნაწილებს მთელი ხეობა უნდა გაევლოთ, თითქმის ბაგებ-საბურთალომდე. სამხედრო თვალსაზრისით, არც ვერეს ხეობის ჩაკეტვა წარმოადგენდა სიძნელეს და ბეთანია-წყნეთის ხაზზე ხომ მტრის გასანადგურებლად იდეალური გარემო იქმნებოდა. ამის გამო იყო, რომ საქართველოში სალაშქროდ შემოსული მტერი ვერეს ხეობას, ფაქტობრივად, არ იყენებდა და ამას თავისი ახსნა აქვს - აქ არსებული საკომუნიკაციო არტერია საკმაოდ მოუხერხებელი იყო სამხედრო მანევრირებისთვის.
ამდენად, ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს ძირითადად სამი მოსაზრება: 1. ბრძოლა მოხდა სოფელ დიღმის ზემოთ არსებულ ველზე; 2. ილ-ღაზი დავითმა დაამარცხა ნიჩბისის ხევის სათავეებთან, დაახლოებით დღევანდელი მემორიალის მიდამოებში და 3. ქართველები მტერს თავს დაესხნენ ვერეს ხეობაში მარშირებისას, ასევე, მოგვიანებით მთელ კოლონას მანგლისამდე.
რას მოგვითხრობენ წყაროები
დიდგორის ბრძოლის საერთაშორისო მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის მემატიანენი მოგვითხრობენ. დავითის ისტორიკოსის გარდა, ამ ბრძოლის შესახებ ცნობები დაცული აქვს: გოტიე კანცლერს, მათე ურჰაელს, ალ-ფარიკს, ქემალ ად-დინს, იბნ ალ-ასირს, სამუელ ანელს, სმბატ სპარაპეტს, მხითარ აირივანელს, ვარდანსა და სხვებს.
მიუხედავად ასეთი მრავალფეროვნებისა, უნდა ვაღიაროთ, რომ ქართველი ავტორის გარდა (ისიც მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოითქვას, იმყოფებოდა თუ არა ჩვენი მემატიანე ბრძოლის ადგილას, თუმცა მისი მონათხრობიდან უფრო ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ის არ უნდა ყოფილიყო დიდგორზე გადამწყვეტ მომენტში), ზემოთ ჩამოთვლილ მემატიანეთაგან მხოლოდ ერთი - ალ-ფარიკი იმყოფებოდა დიდგორის ბრძოლის ადგილას. დანარჩენები გადმოცემულ ამბებს ახმოვანებენ. რაც შეეხება არაბ მემატიანეს, მან თავისი თვალით დაათვალიერა დიდგორის მიდამოები და, სავარაუდოდ, ქართველ თანმხლებ პირთა წყალობით საინტერესო მინიშნებები დაგვიტოვა. ალ-ფარიკის ცნობა შეუცვლელია, რადგანაც იგი საქართველოში მოგზაურობდა დიდგორის ბრძოლიდან სულ რაღაც 33 წლის შემდეგ და ამ დროს ყველას კარგად ახსოვდა "ძლევაი საკვირველის" ამბები. მეტიც, ამ მოვლენის მონაწილეთა უმრავლესობა ჯერაც ცოცხალი უნდა ყოფილიყვნენ. თავად ალ-ფარიკის მონათხრობით, მის დემეტრე I-თან ყოფნის დროს დიდგორზე ტყვედ აყვანილი არაბი ამირი საქართველოს ერთ-ერთ ციხეში ჰყოლიათ დატუსაღებული. აი, რას მოგვითხრობს ალ-ფარიკი დიდგორის ბრძოლის ადგილის შესახებ:
"გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენ და ჯერ არ მოსულიყო ლაშქარი არც სულტან თოღრულ ბეგისა, არც შამს ად-დავლა ალ-აჰბადისა და მის თანმხლებთა. ქართველები და მუსლიმები შეებრძოლნენ ერთმანეთს დიდი ბრძოლით, დამარცხდა ნაჯმ ად-დინი. დიდძალი ხალხი ამოუხოცეს. ურწმუნოებმა (ქართველებმა) ხელთ იგდეს დიდი ნადავლი. ნაჯმ ად-დინი და დუბაჲსი მცირე რაზმით გაიქცნენ, ისე რომ, დარჩნენ ქართველებთან ტყვეები ჩვენს დრომდე. მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისს 548 წელს (1253/1254) და გავჩერდი იქ, შემდეგ შევედი აფხაზთა მეფის სამსახურში და დავრჩი მასთან". ამ ცნობიდან ძალიან საინტერესოა ორი დეტალი:
1. დავითი "დაეშვა მათ წინააღმდეგ ამ მთიდან მაშინ, როდესაც ისინი მთის ძირში იყვნენო".
2. "მე ვნახე ამ ბრძოლის ველი, როდესაც ჩავედი თბილისშიო".
როგორც ვხედავთ, ბრძოლა მომხდარა მთის ძირში არსებულ ველზე. ალ-ფარიკი ახსენებს ველს - არა მთას, ხეობას, ვიწრობს, არამედ ველს, რომელიც მთის ძირშია გაშლილი და თანაც ისე, რომ ამ მთიდან შესაძლებელია სამხედრო მოქმედებების განხორციელება, ანუ დაშვება და მტერზე თავდასხმა.
სად მდებარეობდა დიდგორის ველი და ბრძოლის ადგილი
ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც წარმოიშობა დიდგორის ბრძოლის ადგილის ლოკალიზაციისას, არის ის, თუ სად უნდა ვეძიოთ დიდგორის ველი. არადა, აშკარაა, რომ ბრძოლა მოხდა ველზე. ალ-ფარიკის მინიშნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია საკითხზე მსჯელობისას. მეორე, ასევე მთავარი ამოსავალი უნდა იყოს ის დეტალი, თუ შუა საუკუნეებში რა ადგილს უწოდებდნენ დიდგორის მთას და იყო თუ არა ამ მიდამოებში ველი.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ დიდგორი რამდენიმეკილომეტრიანი მთათა სისტემა იყო. იგი ოდითგანვე მეფეთა საზაფხულო სამყოფელს წარმოადგენდა. ეს რეალობა არსებობდა გვიან შუა საუკუნეებამდე. 1634 წლის სიგელით, როსტომ მეფე ყორღანაშვილს "წელიწადში ერთხელ დიდგორზე სამასპინძლოს მორთმევას" აკისრებს. ვახუშტი ბატონიშვილი დიდგორად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიაზრებდა:
"ხოლო მთა დიდგორისა არს მაღალი და თხემთა უტყეო, კალთათა ტყიანი, ბალახ-ყუავილითა და წყაროებითა შემკული, ნადირნი მრავალნი. აქა არს წყარო - ცივებით გაყვითლებულმან უკეთუ სუას და დაიბანოს პირი, წამს განჰკურნებს. იყო ძუელად მეფეთა სადგური ზაფხულს, აწ არს მეფეთა ცხენთა საბმური ზაფხულს. არს მრავალთა ადგილთა მჭურეტელი. ამისი ჩდილოთ კერძი მეოთხე სადროშოსი, ხოლო სამრით კერძი ამის სადროშოსი". მემატიანე შემოსაზღვრავს დიდგორის ტერიტორიასაც. სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთის აღწერისას აღნიშნავს: "ხოლო კოჟრის ჩდილოთ კერძ არს სკრეთის მდინარე, აწ წოდებული ვერე; გამოსდის დიდგორის მთას, მოდის აღმოსავლით, ერთვის მტკუარს დასავლიდამ, ტფილისის ჩდილოდ კერძ. შესართავსა ზედა არს ლურჯი მონასტერი. და ეობა ესე დიდგორის მთის კერძო არს უვენახო, უხილო ვანეთამდე, მას ქუეით ვენახოვანი, ხილიანი, ტყიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი". როგორც ვხედავთ, მდინარე ვერეს (ძველი სკვირეთის) სათავეები დიდგორის მთის ფერდობზე ყოფილა. იქვე ვახუშტი აღნიშნავს, რომ დიდგორი უვენახო და უხილოაო, ვაზი და ხეხილი მხოლოდ სოფელ ვანეთიდან ხარობსო. ამ კონტექსტიდან ისიც ჩანს, რომ ვანეთი დიდგორის ნაწილი არ იყო, ის ვერეს ხეობის ნაწილს წარმოადგენდა, ხოლო დიდგორის მთა მისგან დაშორებით მდებარეობდა. ამდენად, ერთმანეთის გვერდით მდებარე სოფლები ვანეთი, დრე, ღვევი დიდგორს არ ეკუთვნოდნენ. ვახუშტისთან დიდგორის მთა არის ის ქედი, რომლიდანაც სათავეს იღებს მდინარე ვერე. ასეთი კი არის ის ნახევარწრიული მთა, რომლის სამხრეთ ფერდობზე, დიდგორის სახელწოდების ახალგაშენებული სააგარაკე დასახლებაა. მის გვერდით გადის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზა და ამ გზის ერთი განშტოება, რომელიც დიდგორის მემორიალისა და ნიჩბისის ხევისკენ მიემართება. სწორედ ამ დასახლების სიახლოვეს იღებს სათავეს მდინარე ვერე (სკვირეთი). დიდგორის ქედი დაჰყურებს სოფელ მოხისს, ზემოთ ნახსენებ სააგარაკე დასახლებას, ნასოფლარ ნაოსარს (ძველ მოქის), სოფელ შამთას. როგორც ითქვა, მის ფერდობზე გადის დიდგორის მემორიალისკენ მიმავალი გზა. ეს მაგისტრალი ჯერ ამ მთაზე ადის, ხოლო შემდეგ ხელმარჯვნივ, ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მიემართება. ამ მონაკვეთიდან ქედი რკალისებრ გრძელდება დასავლეთით ერიქალის მთამდე.
ვახუშტი სხვა საინტერესო ორიენტირებსაც გვთავაზობს: "მანგლისს ქუეით ერთვის ალგეთს ევი კველთეთისა, გამომდინარე დიდგორის მთისა". მართლაც, კველთისხევი სწორედ დიდგორის სამხრეთ ფერდობზე იღებს სათავეს, სოფელ მოხისის ზემოთ. დასავლეთით დიდგორის ქედს ეკვროდა ერიქალის მთა: "მტკურიდამ მიყოლით კოჟრამდე, განვლის სამადლოს და სხალნარს, მიადგების დიდგორს, და მერმე მთა დიდგორი და ერიქალისა, და მიადგების კლდეკარს". როგორც ვხედავთ, დიდგორის გაგრძელებაა ერიქალის მთა, რომელიც კლდეკარამდის უწევდა. დიდგორის რკალისებრი მთის ჩრდილოეთ ფერდობზე სათავეს იღებდა მდინარე კავთურა: "ნიჩბისის დასავლით ევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამრიდამ". მდინარე კავთურას სათავეებთან არის სოფელი ბოტისი, რომელიც დიდგორის მთის ჩრდილოეთ ფერდობზე არსებული დასახლებაა. მის სამხრეთით, ვახუშტის თქმით, "დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა. მაღალს კლდესა ზედა შენი. კავთას ქუეით ერთვის ამ ევს ევი ბოტისისა". ამდენად, მდინარე კავთურასა და ბოტისისწყლის გამყოფი ქედის კონცხზე (სოფელ წინარეხის სამხრეთით, 7 კილომეტრის დაშორებით) აგებული კავთის ციხე, ანუ დღევანდელი თავკავთას ციხე, რომელიც დიდგორის უკიდურეს ჩრდილოეთ ხაზს წარმოადგენს. აქედან დიდგორი ვრცელდებოდა აღმოსავლეთით საკურთხისის მთით, შემდეგ კოშკაყელის ქედით ნიჩბისის ხევის სათავეებისკენ: "ევი ნიჩბისისა, გამოსდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამრიდამ". ამის შემდეგ დიდგორი გრძელდებოდა საცხნელას ქედამდე. ამ ადგილის დასავლეთით არსებული ტერიტორია, მაგალითად, სოფელი დიღომი და მისი მიმდებარე სოფლები დიდგორში არ შედიოდა. ვახუშტი როდესაც წერს მდინარე დიღმისწყალზე, აღნიშნავს:
"ამის სამრით ეობა დიღმისა. გამოსდის ამისი წყალი სხალდიდსა და სათოვლიას მთას და დის აღმოსავლით, მიერთვის მტკუარს დასავლეთიდამ". როგორც ვხედავთ, არსად ვახუშტი დიდგორს არ ახსენებს. მისთვის მდინარე დიღმისწყლის ხეობა, თავისი სათავეებით დიდგორი არ არის. წერილობითი წყაროებით, დიდგორის მთა შუა საუკუნეებში მოიცავდა იმ ტერიტორიას, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთით დაჰყურებს ვერეს ხეობას, სამხრეთით სოფელ მოხისსა და დიდ თონეთს, ჩრდილოეთიდან კი კავთურას, ჩრდილო-აღმოსავლეთით ნიჩბისის ხეობას. მთელ ამ მთათა სისტემაზე ბატონობს ზღვის დონიდან 1860 მეტრის სიმაღლის რკალისებრი ქედი, რომლის სამხრეთი ფერდობი ვრცელდება დიდ თონეთამდე. ამ ადგილიდან ტერასულად ვეშვებით მანგლისისკენ. პირველი ტერასაა თავად დიდგორის მთის ფერდობი, მის ძირს გაშენებული სოფელი მოხისი და გარშემო არსებული ვრცელი ველი, რომელიც 6-7 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. ამის შემდეგ პატარა ჩასასვლელით ჩავდივართ დიდი თონეთის ტერასაზე, რომელიც ასევე საკმაოდ ვრცელია (დაახლ. 5-6 კვკმ), შემდეგ დაბა მანგლისის ტერასაა. უფრო ქვემოთ - სოფელი ალგეთი და მდინარე ალგეთის ხეობა. მდინარე ალგეთსა და სოფელ მოხისს შორის ზღვის დონიდან სიმაღლეში განსხვავება დიდი არ არის და შეადგენს 500 მეტრს. ჯარისთვის ამის დაძლევა დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა.
როგორც ვხედავთ, შუა საუკუნეებში დიდგორი მანგლისის ზემოთ ვრცელ ქედს და მის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით 5-8 კილომეტრის გაგრძელებით მთათა სისტემას ეწოდებოდა. ამ ტერიტორიაზე ველი მხოლოდ დიდგორის მთის სამხრეთ ფერდობზეა - მდინარე ვერეს სათავეებიდან სოფელ მოხისის მიმართულებით და ამ ხაზის სამხრეთით. ჩვენი აზრით, ბრძოლაც ამ მიდამოებში უნდა მომხდარიყო.
დიდგორის ლოკალიზაციისთვის ასევე საინტერესოა ძველი ქართული საბუთების მონაცემები. 1392 წელს შედგენილ "ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში" აღნიშნულია: "დიდგორზე სოფელი მოხისი". იგივეა გამეორებული 1559 წლის სიგელში - "ქართლის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში": "დიდგორს სოფელი მოხისი, პატრონის პაპის ჩუენის საეკდრო". 1789 წელს შედგენილ ანტონ II-ის მიერ სახლთუხუცეს ამილბარ მაღალაძისადმი გაცემულ "წყალობის წიგნში" ვკითხულობთ: "აგრევე კიდევ გვიბოძებია მცხეთას მაჩქათელას კონი და საფიჩხულე და ზერტის მეღალობა და დიდგორზედ მოხისის მოურავობა". ამ ცნობებიდან ნათლად ჩანს, რომ სოფელი მოხისი დიდგორზეა, მის ნაწილს წარმოადგენს. როგორც აღინიშნა, ეს სოფელი დიდგორის ნახევარწრიული ქედის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს, რომლის სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ვრცელი ველია. ეს გახლავთ პირველი ტერასა, რომლიდანაც ჩავდივართ დიდი თონეთის მიმართულებით. ამ ორი ტერასის დონეებს შორის განსხვავება კი დაახლოებით 200-220 მეტრია.
1551 წელს შედგენილ თბილისის სიონისადმი პატრონ რამაზის "შეწირულების წიგნში" ვკითხულობთ: "მოგახსენეთ თქუენ, საშინელსა და ცათა მობაძავსა, ქალაქს სიონთა ღმრთისმშობელსა მცირე ესე შემოსაწირავი - დიდგორზე სოფელი ფიცხისი მისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავითა, სათიბითა, ქორითა, მიმინოთა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა, ხელშეუვალად თქუენთვის მოგვიხსენებია". სოფელი ფიცხისი დღეს აღარ არსებობს, იგი სავარაუდოდ მდებარეობდა თანამედროვე სოფელ ორბეთისა და სოფელ ღოლოვანის მიდამოებში (კობა ხარაძის მოსაზრებით, ფიცხისი თანამედროვე სოფელი ორბეთია). აქვე, დიდგორზეა საძიებელი სოფელი მოქრისი, რომლის სიახლოვეს გადიოდა "დიდგორზე სადიღმო შარა". მოქრისი დღევანდელ სოფელ ნაოსარის სანახებში უნდა ყოფილიყო.
დიდგორის ძირს მდებარეობდა სოფელი აგუდანეთი: "გიბოძეთ თქვენ... ბარათაშვილს გოსტაშაბს... მკვიდრად და მამულად დიდგორის ძირს სოფელი აგუდანეთი თქუენი ყოფილიყო". როგორც ვხედავთ, ქართული ისტორიული საბუთები პირდაპირ უთითებენ დიდგორის რკალისებრი ქედის მიდამოებში რამდენიმე სოფლის არსებობას, რომელთაგან გვიან შუა საუკუნეებში, უმეტესობა, ნასოფლარია (ვახუშტის რუკის მიხედვით, ამ ტერიტორიაზე არსებობდა ასევე სოფლები: ოძისი, ზემო ოძისი, ბოციჯვარი.). აქვეა სოფელ მოხისის მიდამოებში საკმაოდ ვრცელი ველი, რომლიდანაც ჩავდივართ დიდი თონეთის ირგვლივ არსებულ ტერასაზე. ილ-ღაზის არმიის ძირითადი ნაწილები სწორედ მანგლისისა და დიდი თონეთის, ასევე დიდგორის ქედის ძირში არსებულ ველზე უნდა ყოფილიყვნენ განლაგებული. მცირე ნაწილი ჯარისა კი ჯერაც თრიალეთში იდგა, ზურგიდან ქართველთა შესაძლებელი თავდასხმის ასარიდებლად.
მოკლედ რომ მოვახდინოთ მოვლენების რეკონსტრუირება, ის ასეთი თანამიმდევრობით უნდა განხორციელებულიყო - დასაწყისში ილ-ღაზის ლაშქარი დისლოცირებული იყო თრიალეთში, საიდანაც ის შემოვიდა მანგლის-დიდგორის მიდამოებში და დაბანაკდა დღევანდელი მანგლისის, დიდი თონეთისა და სოფელ მოხისის სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებულ ველზე. ქართველები იმყოფებოდნენ დიდგორის რკალისებრი ქედის უკან. ამ ადგილს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა - მანგლის-დიდი თონეთიდან წამოსული მტრისთვის დავითის არმიის ძირითადი ნაწილი აბსოლუტურად შეუმჩნეველი იყო. მეორე ნაწილი ქართველთა ჯარისა იმყოფებოდა სოფელ ნაოსარისა და ორბეთს შორის არსებულ ტერიტორიაზე. ფლანგური დარტყმა სწორედ აქედან უნდა განეხორციელებინათ. ქართველთა სამხედრო ნაწილები მტრის შესახვედრად მთებიდან უნდა დაშვებულიყვნენ ველზე, მსგავსად ალ-ფარიკის მითითებისა. პირველსავე დარტყმას უნდა მოჰყოლოდა მტრის უკუქცევა და დიდი თონეთისა და მანგლისის მიდამოებში დაბანაკებულებთან შერევა. სწორედ ამან განაპირობა ილ-ღაზის არმიის რიგებში პანიკა, რითაც კარგად ისარგებლეს საბოლოოდ დავითის მეომრებმა და ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწიეს.
ჯაბა სამუშია ჟურნალი "ისტორიანი".#119