"როგორ უპასუხებს რუსეთი ჩეხეთს და აქვს თუ არა მნიშვნელობა რუსი ტურისტისთვის საქართველოში რუსეთის საელჩოს არსებობას?" - რას წერს რუსული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"როგორ უპასუხებს რუსეთი ჩეხეთს და აქვს თუ არა მნიშვნელობა რუსი ტურისტისთვის საქართველოში რუსეთის საელჩოს არსებობას?" - რას წერს რუსული გამოცემა?

რუსულ პოპულარულ ყოველდღიურ გაზეთ "მოსკოვსკი კომსომოლეც"-ში ("Московский комсомолец") გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "ომი ბოლო დიპლომატამდე: რატომ არის საშიში ელჩების გაძევება", რომელშიც, რუსეთ-ჩეხეთის დიპლომატიური ურთიერთობის გაუარესების ფონზე, თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემები არის განხილული (ელჩების გაწვევა, დიპლომატიური პერსონალის გაძევება). მათ შორის საუბარია რუსულ დიპლომატიაზე საქართველოსთან (ავტორი - მიხეილ როსტოვსკი).

"მოემზადეთ ჩემოდნების ჩასალაგებლად" - ეს ფრაზა სიმბოლურად სრულებით შეიძლება მიესადაგოს რუსეთის საგარეო პოლიტიკის თანამედროვე მდგომარეობას ევროპული მიმართულებით: ბოლო დროს ხან ერთი ქვეყანა, ხან მეორე, ზოგჯერ კი კოლექტიურადაც რუსეთის საელჩოების პერსონალს ქვეყნიდან აძევებს. რასაკვირველია, რუსეთი სარკისებურ ანალოგიურ საპასუხო ზომებს იღებს, მაგრამ თვით მოვლენა და პროცესი დევიზით - "ბრძოლა ბოლო დიპლომატამდე" - არასასიამოვნოა და ძალიან ცუდ პრეცედენტს წარმოადგენს. ამგვარ ნაბიჯები რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობას კიდევ უფრო რთულ და არაპროგნოზირებად სიტუაციამდე მიიყვანს", - წერს ავტორი და იმავდროულად იმასაც აღნიშნავს, რომ პრინციპში, დიპლომატთა რაოდენობის შემცირება და დიპურთიერთობის გაწყვეტაც კი თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ნაკლებად შესამჩნევია ძველ პერიოდთან შედარებით.

"როგორც რუსეთისა და საქართველოს მაგალითი გვაჩვენებს, სახელმწიფოთა შორის ფორმალური დიპლომატიური კავშირების შეწყვეტა აუცილებლად არ იწვევს რეალური კონტაქტების გაწყვეტას. რუსეთს თავისი ელჩი თბილისში და საქართველოს თავისი ელჩი მოსკოვში დიდი ხანია უკვე აღარ ჰყავთ, 2008 წლიდან, მაგრამ განა ეს ფაქტი ხელს უშლით რუს ტურისტებს თბილისში გასეირნებაში? ან რუს ტუროპერატორებს საქართველოში ტურების მოწყობაში? ის სკანდალური ინციდენტებიც, რომლებიც საქართველოს დედაქალაქში ბოლო დროს ხდება, ვთქვათ, ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებით, ბევრმა რუსმა მოგზაურობის მოყვარულმა ერთგვარ კაზუსად, განყენებულ ფაქტად აღიქვა, რომელსაც რეალური ადამიანების რეალურ ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არ აქვს: "რა, განა ყველა პოზნერივით ცხოვრობს და პოლიტიკით არის დაკავებული? და საერთოდ, რა განსხვავებაა ჩემთვის, არის თუ არა საქართველოში რუსეთის საელჩო?

კაცმა რომ თქვას, მართლაც რა განსხვავებაა? განა მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ ქართულ-რუსული ურთიერთობაში საელჩოების მოქმედებას? პრინციპში, საკითხის ასე დაყენება თბილისთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, გამართლებულია. ოფიციალური დიპლომატიური კავშირების არსებობა თუ არარსებობა არანაირ გავლენას არ ახდენს მოსკოვსა და თბილისს შორის ეკონომიკურ თუ კულტურული ურთიერთობის განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ურთიერთობა ყრუდ და უიმედოდ არის შესული ჩიხში", - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში ავტორის მიერ საინტერესო კითხვაა დასმული: "ყველა ქვეყანასთან მიმართებით ისეთივე სიტუაციაა, როგორც საქართველოსთან? თუ სიტუაციას დაკვირვებით შევხედავთ, დავინახავთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები თავის საქმეს "კარგად ასრულებენ": დიპლომატის რეალურად არყოფნა საელჩოში ან საკონსულოში არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე რაიმე დოკუმენტს ვერ მიიღებს, როგორც ადრე ხდებოდა. დღეს ინტერნეტი ყველა სფეროში არის შეჭრილი, მათ შორის დიპლომატიურ საქმიანობაშიც", - აღნიშნავს ავტორი. იგი ამ თემაზე ერთ-ერთ რუს ელჩს ესაუბრება, რომლის თქმით, დღეისათვის ელჩების საქმიანობა ისეთი რთული არ არის, როგორც ადრე იყო. სახელმწიფოებს შორის ყველა რთული და სადაო საკითხი უმაღლეს დონეზე სატელეფონო კავშირის მეშვეობით წყდება. დღეს ელჩის მთავარი მოვალეობაა "თვალში არავის შეეჩხიროს" და იქ არ "ჩაეკვეხოს", სადაც საჭირო არ არის".

"ესე იგი, გამოდის, რომ ელჩები და საელჩოები უკვე ანაქრონიზმს წარმოადგენენ? მოძველებული დაწესებულებები არიან? არა და არა", - წერს ავტორი და აღნიშნავს: "მართალია, რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები უზომოდ არის გაბერილი თანამშრომლებით; მართალია, რომ ისინი ხშირად მხოლოდ "ადგილს იკავებენ" და არაფერს მნიშვნელოვანს არ აკეთებენ; მართალია, რომ ინტერნეტით და "გუგლით" ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საელჩოები გავაუქმოთ. დიახ, რიგი საელჩოების პერსონალი უნდა შემცირდეს, ამავე დროს უნდა გაიზარდოს დიპლომატთა პროფესიული დონე". (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ