"გამწარებულმა ქალმა სულ ფანჯრის რაფას და კედელს ურტყა თავი" - კვირის პალიტრა

"გამწარებულმა ქალმა სულ ფანჯრის რაფას და კედელს ურტყა თავი"

"45 წლის წინ გაშვილებული მამიდაშვილი ვიპოვეთ... ჩვენს ბედნიერებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. რაც შეეხება გაშვილების ამბავს: მამიდა მშობიარობის შემდეგ მოატყუეს, რომ ბავშვი დაიბადა მკვდარი, რასაც მისი მხრიდან ისტერიკა მოჰყვა, სულ ფანჯრის რაფასა და კედელს ურტყა თურმე თავი, შედეგად ცხვირიც გასტეხია და საკმაო დალურჯებებიც მიუღია. მამიდაჩემი ამ ამბიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა", - წერს ქალბატონი მ.კ., რომელიც საკუთარ სიხარულს ჩვენს მკითხველებს უზიარებს...

- ძალიან ძნელია ჩემთვის წარსულზე და ამ თემაზე საუბარი. ესაა ტკივილი, რომელსაც ბავშვობიდან შევეჩვიე და გულის სიღმეში მტკივა, მაგრამ ახლა ეს ტკივილი უდიდესმა სიხარულმა შეცვალა. უბედნიერესი ვარ, რადგან 45 წლის წინ გაშვილებული მამიდაშვილი ვიპოვეთ.

- მამიდაზე მიამბეთ...

- მამიდა ძალიან ლამაზი და გამორჩეული გოგო ყოფილა სოფელში. დიდსაც და პატარასაც ძალიან ჰყვარებია. საოცარი თვისებები და ხასიათი ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ მამიდა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა, მაინც მთელი ცხოვრება მესმოდა მისი სახელი. ყველა აქებდა და სიყვარულით იხსენებდა... ცოლად მისსავე კლასელს გაჰყვა, რომელიც პირველ ცოლს გაშორებული იყო. ბებიას არ მოეწონა ნაცოლარი სიძე, თუმცა არც სიძის დედა იყო მოხიბლული მამიდაჩემით. მოხდა ისე, რომ მამიდას ოჯახი დაენგრა და ორსულად იყო, როცა ქმრისგან წამოვიდა... მშობიარობის დროს მამიდა მოატყუეს; უთხრეს, ვითომ ბავშვი მკვდარი დაიბადა, რაზეც ქალს საშინელი რეაქცია ჰქონია: გამწარებულს ფანჯრის რაფისთვის ურტყია თავი და ამის გამო, სახე ძალიან დალურჯებული ჰქონია. მაქვს ორი სხვადასხვა ვერსია: ერთ-ერთის მიხედვით, თითქოს ბავშვი ბებიამ გააშვილა და მეორე - თითქოს ბებოც მოატყუეს, რომ ჩვილი მკვდარი იყო და სინამდვილეში, ის სამშობიარომ გააშვილა. უშუალოდ ამ ფაქტის მომსწრე ხალხი აღარაა ცოცხალი და მე ვერც ერთს ვერ დავადასტურებ.

სამშობიაროდან დაბრუნებული მამიდა ისევ დადიოდა სამსახურში და მეზობლის ბავშვზე აბოდებდა, რადგან თავისი უკვე აღარ ჰყავდა...

- წარმომიდგენია, რამხელა ტკივილს დაატარებდა... როგორც ვიცი, მალევე გარდაიცვალა...

- კი, გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მისთვის არავის უთქვამს სიმართლე, რომ სადღაც მისი შვილი იზრდებოდა...

- მამიდათქვენის ყოფილ ქმარსაც არ ჰქონდა ინფორმაცია?

- მამიდის ქმარს ჩვენივე სოფლელმა ქალმა, რომელიც გორში იყო გათხოვილი და სკოლაში პედაგოგად მუშაობდა, დაწყებითებს ასწავლიდა, უთხრა: ჩემს კლასში შემოიყვანეს ბავშვი, რომელიც საოცრად ჰგავს მარინას ბავშვობას, გავიკითხე და ნაშვილებია... იქნებ მარინას შვილიაო. ბავშვის მამა ჩავიდა და უნდოდა ბავშვი ენახა, მაგრამ გამზრდელმა დედამ არ გააკარა ახლოს.

- თქვენ რატომ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლებელი იყო, თქვენი მამიდაშვილი გაეშვილებინათ?..

- ბავშვობაში მეზობლის მოხუცმა ქალმა მითხრა, მამიდაშენს შვილი ჰყავს და ის ცოცხალიაო. რასაკვირველია, მაშინვე ბებოსთან გავიქეცი და ვუთხარი. ბებომ უარყო და გაბრაზდა კიდეც, საიდან მოიტანეო... ვიზრდებოდი და კეთილის მსურველი ხალხიც მრავლდებოდა ჩემს ირგვლივ, შესაბამისად, ნელ-ნელა ვაგროვებდი ინფორმაციებს. რაღაც დეტალები გავარკვიე, მაგრამ ვერ ვბედავდი ბებოსთან ამაზე საუბარს.

- როცა მეზობელმა სიმართლე გითხრათ, ეს თქვენი მშობლებისთვის არ მოგიყოლიათ? ან თუ მოყევით, როგორი რეაქცია ჰქონდათ? დაიჯერეს?

- მშობლებს ვერ ვუთხარი, ბებოსთან უფრო გავბედე თქმა.

- როგორ იპოვეთ მამიდაშვილი?

- ცოტა ხნის წინ "ფეისბუკზე" ჯგუფი "ვეძებ" ვიპოვე, სადაც ჩემს დას ჰქონდა პოსტი დადებული, ისიც ეძებდა ჩვენს მამიდაშვილს. ჯგუფი მგონი, იანვარში შეიქმნა და ჩვენ უკვე თებერვლის პირველსავე კვირას აღმოვაჩინეთ მამიდაშვილი, ანუ ვეძებდი წლების მიხედვით დალაგებულ პოსტებს და ვნახეთ წერილი, რომლის მიხედვითაც გოგონა ეძებდა მშობლებს, სავარაუდოდ კახეთიდან. დედა სავარაუდოდ იყო კოჭლიო (მამიდაჩემი შხვართი ქალი იყო, მაგრა ჩემი ყურადღება მაინც მიიქცია სიტყვა კოჭლმა, რადგან ეს ჩემს გვარს დავუკავშირე - კოჭლამაზაშვილები ვართ). რადგან კახეთი იყო მითითებული, უფრო დავეჭვდი და თან გულმა მიგრძნო, რომ ეს ის იყო, ვისაც ვეძებდი. იმავე პოსტზე ჩემი დაც ითხოვდა ავტორთან დაკავშირებას. თითქოს ორივეს გული გვიგრძნობდა. საღამოს სამსახურიდან სახლში მიმავალს დამიკავშირდა ჯგუფის ადმინი, უსაყვარლესი და საოცრად ყურადღებიანი ია ყველაშვილი, არ ვიცი, მისადმი მადლიერება როგორ გამოვხატო.

დამირეკა, ამბავი მოისმინა და მითხრა, - დაგაკავშირებ ეკასთან. თქვენ უნდა ისაუბროთ, რადგან ერთნაირი ისტორია გაქვთო. მომცა საკონტაქტო და ეკას "მესენჯერის" საშუალებით დავურეკე. პირველი შოკი, რაც იყო, "მესენჯერიდან" მამიდაჩემის თვალებით მიყურებდა სხვა ქალი, რაღაცნაირად სევდიანად მოღიმარი; ზუსტად ის ქალი, ვინც მთელი ცხოვრება ჩემი საძინებლის კედლიდან მიყურებდა. ემოციებს თავი მოვუყარე. ვიფიქრე, იქნებ ძალიან მინდა, რომ ეს ის იყოს და მეჩვენება, ტყუილად ვამსგავსებ-მეთქი. მერე მოვუყევი მამიდაჩემის შესახებ და დავპირდი, ხვალ მის ყველა ფოტოს გადმოგიგზავნი და თუ მსგავსება იპოვე, მერე ვისაუბროთ. არ მინდა ტყუილად აგაფორიაქო და იმედი მოგცე-მეთქი.

მეორე დღეს მამიდას ფოტოები გადავუგზავნე და პარალელურად, ეკა თავისას მიგზავნიდა. დავყურებდი ეკრანს და იყო საოცარი მსგავსება. დავურეკე მამიდას მეგობრებს, უშუალოდ ეკას გაშვილების ისტორიის მცოდნე ქალბატონს, რომელსაც თავისი გარდაცვლილი მულისგან ჰქონდა ეს ამბავი მოსმენილი. ასევე დავურეკე მამიდაჩემის ყოფილ ქმარს და ყველაფერი დეტალებში გამოვიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დარწმუნებული ვიყავი, ეკა ჩემი სისხლი და ხორცი იყო, მაინც ბოლომდე მინდოდა ყველაფრის გარკვევა. და აი, დღეს უბედნიერესი ვარ, რომ გვერდით მყავს ჩემი საკუთარი სისხლი და ხორცი, ჩემი მამიდაშვილი. ნელ-ნელა ვეცნობით ერთმანეთს და იმდენი საერთო გვაქვს ხასიათსა თუ ჩვევებში, ტყუპი გეგონებით...

დედაჩემი ჩავიდა ეკასთან და შემდეგ ეკა იყო ჩვენთან. სიტყვებით ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი, როცა პირველად ჩავეხუტე. მე ის მთელი ცხოვრება მაკლდა; ვგრძნობდი, რომ არსებობდა და მაკლდა. მისი აღმზდელი დედა გარდაცვლილია. მე ამ ქალბატონის მადლიერი ვიქნები მუდამ, რადგან ეკა ასეთი კარგი აღზარდა.

- რას ჰყვება თქვენი მამიდაშვილი? როგორ გაიგო, რომ აყვანილი იყო და როგორი აღმზრდელები ჰყავდა?

- ეკასაც "კეთილის მსურველმა" ხალხმა ჩააწვეთეს, ნაშვილები ხარო. შემდეგ ახსოვს მასთან მისული მამაკაცი, რომლის დანახვაზეც დედამისს გული წასვლია და სანამ მას მოასულიერებდა, ის კაცი წასულა. გამზრდელ დედას გაუფრთხილებია ბიოლოგიური მამა: სანამ მე ცოცხალი ვარ, ეკას არაფერი უთხრაო... იცით, კარგი მშობელი ვერ იქნები მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გააჩინო, მთავარი ხომ მისი აღზრდა და ადამიანად ჩამოყალიბებაა. ჰოდა, ვფიქრობ, სასწაულად კარგი მშობლები ჰყოლია ეკას, თუმცა დარწმუნებული ვარ, მამიდაჩემს რომ გაეზარდა, არანაკლებად კარგი იქნებოდა.

- დაბოლოს, კიდევ რამის თქმა ხომ არ გსურთ?

- პირველ რიგში უდიდესი მადლობა ჯგუფს "ვეძებ", მის ადმინებს, განსაკუთრებით ია ყველაშვილსა და თამუნა მუსერიძეს. უდიდეს საქმეს აკეთებენ და უდიდეს ენერგიას დებენ ამ საქმეში. იოლი არაა დღეში ამდენი განცხადებისა თუ პოსტის წაკითხვა. არ შემიძლია არ აღვნიშნო, თუ როგორ გულწრფელად იტირა თამუნამ ჩემი და ეკას შეხვედრის დროს, როგორ იცრემლებოდა, როცა ამბავს ვუყვებოდი. თითოეული სიტყვა გულთან მიჰქონდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მას. ადამიანებს კი იმას ვეტყოდი, რომ დაძლიეთ შიში და სირცხვილი, მოძებნეთ თამამად და ყველა შანსი გამოიყენეთ ამ ძებნისას. ყველა პოსტი გულმოდგინედ წაიკითხეთ და იქნებ ჩემსავით, ერთი სიტყვა იყოს თქვენთვისაც ცხოვრების "ნამიოკი".

P.S. თუ სურვილი გაქვთ, შვილწართმეულ მშობლებს და ნათესავებს ერთმანეთის პოვნაში დაეხმაროთ, თუ გსურთ საკუთარი წვლილი შეიტანოთ იმაში, რომ მათ დნმ-ტესტის გაკეთება შეძლონ, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ საქართველოს ბანკში გახსნილ ანგარიშზე: GE24BG0000000498748285. წინასწარ გიხდით მადლობას!

ლიკა ქაჯაია (სპეციალურად საიტისთვის)