"რეგულაციის დაცვით იქნებ შემზღუდავი ღონისძიებები არ დაგვჭირდეს" - კვირის პალიტრა

"რეგულაციის დაცვით იქნებ შემზღუდავი ღონისძიებები არ დაგვჭირდეს"

"მოსახლეობის გაცილებით დიდ ნაწილს სურს ვაქცინირება, მაგრამ ამდენი ვაქცინა არა გვაქვს; ამასთან, მოსახლეობის 99%-ს მაინცდამაინც "ფაიზერი" სურს, ამ სურვილის დაკმაყოფილების საშუალება კი არა გვაქვს"

ეპიდვითარებასა და ვაქცინაციაზე "კვირის პალიტრას" ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ესაუბრა:

- ეპიდემიის მიმდინარეობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს: დადებითი ტესტების რაოდენობა, რაც მზარდია, და ასევე მნიშვნელოვანია ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი, ანუ ერთ ინფიცირებულს რამდენი კაცის დაინფიცირება შეუძლია.

როდესაც ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი 1-ის ზემოთ ადის, ნიშნავს, რომ პანდემია ძალას იკრებს.

- ჩვენთან რამდენია ვირუსის რეპროდუქციული ინდექსი? - 10 მარტიდან რეპროდუქციული ინდექსი უკვე 1-ის ზემოთ ავიდა - რეალურად ამ ეტაპიდან დაიწყო შემთხვევების რაოდენობის შიდასაზოგადოებრივი გავრცელების რისკი. ამ მომენტისთვის ეს რეპროდუქციული მაჩვენებელი უკვე 1,32-ს შეადგენს.

საქართველოში დღეისათვის 13 ათასი აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3500 მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია, აქედან კრიტიკული 580 პაციენტია. მეორე ტალღის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ რაოდენობას ქვეყანა, ასე თუ ისე, უმკლავდება. სამწუხაროდ, ეს ნიშნავს, რომ 1000 ინფიცირებულიდან საშუალოდ 10 კაცი დაიღუპება. რაც უფრო ბევრი ინფიცირებული იქნება, ბევრ თანამოქალაქეს დავკარგავთ.

რაც შეეხება იმას, რასაც დღეს სახელმწიფო უპირისპირებს ამ ვითარებას. დღეს მხოლოდ ღამით გადაადგილების შეზღუდვაა შენარჩუნებული, რომელსაც, რასაკვირველია, 100%-ით ამ ახალი ტალღის პრევენცია არ შეეძლო. ეს ისედაც ვიცოდით სპეციალისტებმა და გამოჩნდა კიდეც. დღეს მოსახლეობის მხოლოდ 50% თუ ატარებს პირბადეს, რაც ძალიან სავალალო მაჩვენებელია.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი - რადგან საქართველოში ბრიტანული შტამი ცირკულირებს (როგორც თითქმის მთელ მსოფლიოში), მისი გადაცემადობის მაღალი პოტენციალიდან გამომდინარე, გამართლებულ რეკომენდაციად მიმაჩნია ორმაგი პირბადის ტარება იმ მომენტში მაინც, როდესაც ავტობუსით, მეტროთი ან სამარშრუტო ტაქსებით ვმგზავრობთ, მით უმეტეს, თუ ქრონიკული დაავადებაც გვაქვს. ორმაგი პირბადე დღევანდელ ვითარებაში ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

სამწუხაროდ, მე არ მინახავს და არც მსმენია, რომ ვინმე პირბადის უქონლობის გამო დააჯარიმეს. გარდა ამისა, მაღაზიებში მთლიანად მოშლილია რეგულაციების აღსრულება. მაგალითად, ახლახან "თბილისი ცენტრალში" მომიწია მისვლამ, 5-6 მაღაზია გავიარე და არც შემოუთავაზებიათ ტემპერატურის გაზომვა. თუ ასე გაგრძელდა, ძალიან დავზარალდებით. რეგულაციები ყველამ უნდა შევასრულოთ.

უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, ამდენი გახსნა-დაკეტვით დაიღალა ხალხი. სახელმწიფო, ჯარისკაცი და პოლიცია ყველა მაღაზიის კართან ვერ მივლენ. თვითონ უნდა იყოს ხალხი მოტივირებული: მფლობელიც და მომხარებელიც. რეგულაციის დაცვით ქვეყანა იქნებ გადარჩეს და შემზღუდავი ღონისძიებები არ დასჭირდეს.

- რა შემთხვევაში შეიძლება იმსჯელონ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღებაზე?

- თუ რაოდენობა დღეში 2 ათას ინფიცირებულს არ ასცდება, სახელმწიფოს შეუძლია შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე ვითარების მართვა. თუ პროცენტული დადებითობის მაჩვენებელი გაგვეზარდა, რეპროდუქციის მაჩვენებელი 1,5-ს ასცდა, მაშინ სახელმწიფო იძულებული გახდება ძალიან სწრაფად დაიწყოს შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება.

უკან შემობრუნება არავის გვსურს, რადგან ეკონომიკური რეცესია სახეზეა, მოქალაქეების შემოსავლები მცირდება, ვალუტა დევალვირებულია... ამიტომ ყველას ვთხოვთ: მოსახლეობას, ბიზნესს, გავაკონტროლოთ ეპიდემია ჩვენს ხელთ არსებული ძალებით. როგორი შტამიც უნდა იყოს, ბრაზილიური თუ სამხრეთაფრიკული, არა აქვს მნიშვნელობა, პირბადე და მისი სწორი მოხმარება ყველასგან დაგვიცავს.

- წინ აღდგომის დღესასწაულია...

- ერთი ღამე არაფერს წყვეტს. შარშანაც გვეშინოდა, მაგრამ ყველაფერი წესრიგისამებრ ჩატარდა. სხვა საკითხია სასაფლაოებზე გასვლა და ქეიფი, რაც ისედაც არ არის სწორი, მე მანკიერებად მიმაჩნია. მიცვალებულის ხსოვნას უნდა მივაგოთ პატივი, სული მოვიხსენიოთ, კვერცხი გადავაგოროთ, სანთელი ავანთოთ და შინ დავბრუნდეთ. ეს აუცილებელია, რათა ეპიდემიის გაძლიერებას არ შევუწყოთ ხელი.

ამ ვითარებაში პლუსი ის არის, რომ დათბა. თბილ პერიოდში კი ნებისმიერი რესპირატორული დაავადება სუსტდება და ისე ეფექტურად ვეღარ ვრცელდება, როგორც წელიწადის ცივ პერიოდში.

ვფიქრობ, მაღალი ტემპერატურის, ბუნებრივი რესპირაციისა და გარეთ მჭიდრო კონტაქტის შემცირების წყალობით მესამე ტალღა ძალზე დრამატული არ გვექნება. თუმცა ეპიდვითარების სადავეები ჩვენს, ადამიანების ხელშია.

- როგორი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაცია და როგორ დაახასიათებთ შემოტანილ ვაქცინებს? - ამ ეტაპზე სრული დისბალანსია ვაქცინების მოთხოვნასა და მიწოდებას შორის. მოსახლეობის გაცილებით დიდ ნაწილს სურს ვაქცინირება, მაგრამ ამდენი ვაქცინა არა გვაქვს; ამასთან, მოსახლეობის 99%-ს მაინცდამაინც "ფაიზერი" სურს, ამ სურვილის დაკმაყოფილების საშუალება კი არა გვაქვს.

მსოფლიოში ვაქცინების მოპოვება ძალიან გართულდა უმთავრესად ორი მიზეზით: დიდ პოპულაციურ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ევროკავშირი და სხვა, თითქმის 700 მლნ კაცი იკეთებს ვაქცინას, განსაკუთრებით "ფაიზერსა" და "მოდერნას". "ჯონსონის და ჯონსონის" ვაქცინა ამერიკაში შეჩერდა და ამან მოთხოვნა გაზარდა "ფაიზერსა" და "მოდერნაზე".

საქართველოს ჰპირდებოდნენ "მოდერნის"150 ათას დოზას, მაგრამ როგორც გვითხრეს, ამერიკას სჭირდება და 2022 წლამდე ამ საკითხზე ვერ ვისაუბრებთ. ის ვაქცინა კი, რომელიც უნდა მოეწოდებინა "არაკოვაქსს", თუნდაც 150 ათასი დოზა "ასტრაზენეკა", მიუხედავად ჩვენი დიდი ძალისხმევისა (საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საგანგებოდ გაემგზავრა ინდოეთში), ვერ მივიღეთ, რადგან თავად ინდოეთს აქვს უმძიმესი ვითარება, დღეში თითქმის 250- 300 ათასამდე შემთხვევა, ამიტომ ინდოეთმა გადაწყვიტა ჯერ საკუთარი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ამიტომ არც ერთი ვაცქინა ინდოეთიდან უცხოეთში არ გადის. შესაბამისად, საქართველოს პრაქტიკულად ჩაეკეტა როგორც "ფაიზერსა" და "მოდერნაზე", ასევე ინდურ ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა მინიმუმ 2 თვით მაინც.

- ამასობაში რა არჩევანი გვაქვს? - ამასობაში საქართველოს დარჩა დაახლოებით 20 ათასამდე "ასტრაზენეკას" ვაქცინა. იმედია, "კოვაქსის" პლატფორმა 80 ათასამდე "ასტრაზენეკას" მოგვაწვდის მაისის დასაწყისში, რათა მეორადი ვაქცინაცია მაინც ჩატარდეს. "ასტრაზენეკას" ხომ ორჯერადი ვაქცინაცია სჭირდება. 14 ათასი კაცისთვის საკმარისი "ფაიზერის" 28-ათასიანი დოზა გახარჯულია. ქვეყანაში 55 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს მიეცა ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა. ეს არის საქართველოს პოპულაციის მილიონ 100 ათასი კაცი. სამწუხაროდ, ვაქცინა მხოლოდ 36 ათასმა გაიკეთა. ეს ძალზე მიზერული რაოდენობაა და რაც შემაშფოთებელია, მოთხოვნაც არ არის.

გვაქვს ასევე ჩინური ვაქცინა, რომელიც ჯერ არ არის ავტორიზებული არც ერთი საერთაშორისო დამოუკიდებელი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ კვირაში გაიმართება ავტორიზაციის საბჭოს სხდომა და იმედია, გადაწყდება "სინოფარმის" საკითხი. ასეთ შემთხვევაში ვაქცინაციას 4 მაისიდან დავიწყებთ. თუმცა მისი ეფექტიანობა ბოლომდე დადგენილი არ არის. რასაკვირველია, ის არ არის ისეთი, როგორიც "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა". ამ ვაქცინას 50 ათასი კაცის ასაცრელად გამოვიყენებთ. ბუნებრივია, ამით ფონს ვერ გავალთ. ამიტომ ჩვენი ვაქცინაცია ჯერ ძალიან ჩამორჩება სასურველ ტემპს. დღეში 10-15 ათასი ვაქცინის გაკეთებაა საჭირო, თუ გვსურს მიზანს, ანუ მილიონ 700 ათასი კაცის, მოსახლეობის 60%-ის აცრას მივაღწიოთ.

- როგორც გამოცხადდა, ჩინური "სინოფარმით", სავარაუდოდ, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიციელები, იუსტიციის სახლების თანამშრომლები და "ფრონტ-ოფისებში" მომუშავე პირები აიცრებიან. - "სინოფარმის" მწარმოებელი კომპანია ამბობს, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის საშუალო მაჩვენებელი - 79%-ს შეადგენს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ცნობით, 82%-ს, ამიტომ ჯერ ერთიანი ციფრი არა გვაქვს. თუმცა ამ ვაქცინას იყენებენ უნგრეთში, სადაც 2-ნახევარი მილიონი დოზა შეიტანეს, სერბეთში უკვე თითქმის 3 მილიონი დოზა გამოიყენეს. სხვა ტიპის ჩინურ ვაქცინას, "სინოვაკს" იყენებენ თურქეთი და აზერბაიჯანი. სხვათა შორის, ჩილეში გამოქვეყნდა "სინოვაკის" კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ერთი დოზით ვაქცინირებულების დაცვა მხოლოდ 16%-ს შეადგენს, ხოლო სამი კვირის მერე მეორე დოზაც რომ გაიკეთეს, 67%-მდე ავიდა. იგივეა "ასტრაზენეკას" ეფექტურობა, თუმცა პირველი ინიექციის მერე მისი ეფექტურობა მხოლოდ 16%-ია. "სინოვაკმა" 80%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა.

- "სინოვაკის" შემოტანასაც აპირებენ? - დიახ, იგეგმება. მწარმოებელი კომპანია გვპირდება დაახლოებით 100 ათას დოზას საჩუქრად. თუმცა როდის, ზუსტად არ ვიცით.