"მო­ნას­ტერ­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და და სა­ჩუ­ქა­რი ისევ წა­მო­ი­ღო..."- ვინ არის კლიმენტი კეკუტია და რა ინფორმაცია იძებნება მასზე? - კვირის პალიტრა

"მო­ნას­ტერ­ში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და და სა­ჩუ­ქა­რი ისევ წა­მო­ი­ღო..."- ვინ არის კლიმენტი კეკუტია და რა ინფორმაცია იძებნება მასზე?

ბოლო რამდენიმე დღეა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენების ფონზე კიდევ ერთი სახე გამოჩნდა - კლიმენტი კეკუტია, რომელმაც ბიზნესსაქმიანობა რუსეთში, ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო და დღემდე, მის სახელზე რამდენიმე კომპანია ფიქსირდება.

კლიმენტი კეკუტიას საქართველოში ცხოვრების პერიოდზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა რამდენიმე დღის წინ ის მარტვილში, ერთმანეთთან დაპირისპირებული სასულიერო პირების გარემოცვაში აღმოჩნდა და მას შემდეგ საზოგადოების ინტერესის საგანია.

მარტვილში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში, ბზობის საზეიმო აღნიშვნაზე, რომელიც სალხინოში ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, დადიანების ეზოში მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დაბარებული მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან შეიკრიბა და ადგილობრივებსა და ჩამოსულებს შორის კონფლიქტი დაიწყო.

ეკლესიის ეზოში მეუფე პეტრე ცაავასა და მეუფე სტეფანეს მხარდამჭერებს შორის არსებული დაძაბულობა, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. მეუფე სტეფანეს მომხრეებს რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენიც შეუერთდა, რომელსაც მღვდლებმა წარსული კიდევ ერთხელ გაახსენეს. არსებული ინფორმაციით, კეკუტიამ სალხინოს ეკლესიას ხატი შესწირა, თუმცა, რამდენიმე თვეში, მონასტერში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და საჩუქარი ისევ წამოიღო.

კიდევ ერთი ვერსიით, მას სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციის მიმართაც ჰქონდა ბინზესინტერესები, ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება სურდა. ასევე, დაინტერესებული იყო დადიანების სასახლის ღვინის მარნით, სადაც დღემდე წლების დაძველებით საკოლექციო ოჯალეში ინახება. თავად კეკუტია მომხდართან კავშირსაც უარყოფს და სალხინოს რეზიდენციის მიმართ ბინზესინტერესებსაც.

მისი თქმით, ეს მოწყობილი პროვოკაცია იყო.

"ეს საქართველოს ძალიან დიდი საგანძურია, როგორ შეიძლება ეს მე მინდოდეს. ამას ისინი ავრცელებენ, ვისაც, ალბათ, უნდა ან უნდოდა. დალაგდება ყველაფერი", - აღნიშნა კეკუტიამ.

თუმცა, რუსული მედიის ცნობით, მას რუსეთში 1995 წლიდან აქვს ბიზნესი, მათ შორის რამდენიმე წარუმატებელი გამოდგა, თუმცა დღემდე წარმატებით მუშაობს მის მიერ 2015 წელს მოსკოვში დაარსებული ღვინის კომპანია "ოჯალეში", რომლის დამფუძნებელი 100 %-იანი წილის მფლობელიც თავად არის. აღნიშნული დასახელების ღვინის რეალიზაციაზე მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში მონოპოლია სწორედ კეკუტიას კამპანიას აქვს აღებული.

მისი წილების ფიქსირდება კიდევ რამდენიმე ბიზნესში, თუმცა რუსული მედია ასევე წერს, რომ მას პრესაში გამოჩენა დიდად არ უყვარს, შესაბამისად მისი ოჯახის შესახებ ინფორმაცია და საახლობლო წრე გასაიდუმლოებულია. იხილეთ სრულად