"კონტაქტები მოსკოვთან მაინც არ უნდა გავწყვიტოთ" - რას ამბობს გერმანიის კანცლერობის კანდიდატი საქართველოსა და უკრაინაზე - კვირის პალიტრა

"კონტაქტები მოსკოვთან მაინც არ უნდა გავწყვიტოთ" - რას ამბობს გერმანიის კანცლერობის კანდიდატი საქართველოსა და უკრაინაზე

გაზეთ "ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგში" (Frankfurter Algemeine Zeitung) გამოქვეყნებულია ინტერვიუ გერმანიის კანცლერობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატთან, მწვანეთა პარტიის წარმომადგენელთან, 40 წლის ანალენა ბარბოკთან სათაურით - "რუსეთთან უნდა ვიმოქმედოთ დიალოგის საფუძველზე, მაგრამ ხისტად", რომლის დროსაც იგი ჟურნალისტებს - კონრად შულერს და ჰელენა ბუბროვსკის თავის პოლიტიკურ შეხედულებებზე ესაუბრება.

როგორც ინტერვიუდან ჩანს, ფრაუ ანალენა ბარბოკს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა არ მოსწონს, იგი აცხადებს, რომ თუ კანცლერი გახდება, შეაჩერებს გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი-2"-ის მშენებლობას და მოსკოვს ყველანაირ სანქციას გაუმკაცრებს. ამასთანავე, მისი საუბრიდან ირკვევა, რომ იგი საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას ჯერჯერობით ნაადრევად მიიჩნევს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოსა და უკრაინას დიდი ხანია სურთ ნატოში გაწევრება, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა 2008 წელს მათ "მაპი" არ მისცა და რამდენიმე ხნის შემდეგ ორივე ქვეყანა რუსეთის აგრესიის მსხვერპლნი გახდა. ამჟამად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ისევ მიმართა თხოვნით ნატოს მისი ქვეყნისათვის "მაპის" მიცემის თაობაზე. განა დრო არ არის, დასკვნა გავაკეთოთ, გაკვეთილი გამოვიტანოთ მიღებული გამოცდილებიდან და მათი თხოვნა დავაკმაყოფილოთ? - ამჟამად ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, რათა მოსკოვმა მინსკის შეთანხმებები შეასრულოს. დღეისათვის პრიორიტეტს სტაბილიზაციის სწრაფი უზრუნველყოფა წარმოადგენს. სანამ ამას არ მივაღწევთ, ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები მაინც არარეალური იქნება. როგორი რთულიც უნდა იყოს ჩვენი გადაწყვეტილება, რუსეთის მოქმედების გათვალისწინებით, კონტაქტები მოსკოვთან მაინც არ უნდა გავწყვიტოთ.

- მაშ, რა უნდა გავაკეთოთ? თქვენ არ გსურთ რუსეთის შეკავება უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების მეშვეობით. თქვენ, ასევე, არ ემხრობით "მაპის" მიცემას. აბა, როგორ უნდა ვაიძულოთ რუსეთი, რომ შეთანხმების პირობები შეასრულოს?

- რუსეთს უნდა შევაგნებინოთ ერთი ჭეშმარიტება: სუვერენული სახელმწიფოები თვითონ ირჩევენ თავიანთ მოკავშირეებს. ეს ეხება პერსპექტივაში უკრაინის [და საქართველოს] ნატოში გაწევრების საკითხსაც. მაგრამ ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს, მესამე ნაბიჯს პირველის გარეშე ვერ გადადგამ, თანაც - რუსეთთან ხისტი დაპირისპირების დროს.

გონივრულად მიმაჩნია, რომ უკრაინას განაღმვაში დავეხმაროთ, გარდა ამისა, უნდა გავამკაცროთ ანტირუსული სანქციები. სამწუხაროდ, ჩვენი ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს კრემლის პროექტის რეალიზებას - გაზსადენ "ჩრდილოეთი ნაკადი-2"-ის მშენებლობას, რასაც მე დიდი ხნის წინათ შევაჩერებდი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ