"კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ" - ბიძინა ივანიშვილი უსამძიმრებს კახი კავსაძის ოჯახს - კვირის პალიტრა

"კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ" - ბიძინა ივანიშვილი უსამძიმრებს კახი კავსაძის ოჯახს

საქართველომ კიდევ ერთი გამორჩეული ადამიანი - კახი კავსაძე დაკარგა. კაცი, რომელიც ყველას გვიყვარდა. არაჩვეულებრივი მსახიობი, რომელმაც ქართული თეატრი და კინო თაობებს შეაყვარა, - ამის შესახებ ნათქვამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილი უსამძიმრებს კახი კავსაძის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

„კახი წავიდა, მაგრამ მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს მოგონებებში. ამიერიდან, კახი მის მიერ შექმნილ უკვდავ როლებში განაგრძობს არსებობას. კახი ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც ლაღი და განუმეორებელი, სიკეთითა და სიყვარულით სავსე რაინდი.

კახი ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი იყო და მისი წასვლა მე და ეკამ ოჯახის წევრის დაკარგვად განვიცადეთ.

ამ უდიდეს დანაკლისს ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, თეატრალურ საზოგადოებასა და სრულიად საქართველოს. რთულია, როდესაც უყურებ, როგორ გვტოვებენ დიდი ქართველები, თუმცა მხოლოდ ის თუ გვანუგეშებს, რომ მათი მემკვიდრეობა უკვდავია“, - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს, ოჯახის გადაწყვეტილებით, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ.

"ინტერპრესნიუსი"