"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს" - კვირის პალიტრა

"წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს"

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „მთავარი არხის“ ერთ-ერთმა მეწილე გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

რურუამ მის მიმართ წარდგენილ ბრალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპატიმროში წელიწადნახევარი „ტყუილი ბრალდებით“ გაატარა.

„წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე ციხეში. რატომ - არ ვიცი, ტყუილი ბრალდებით და ეს დამტკიცდა და ყველასთვის ნათელია - ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს და ხელი უნდა შევუწყოთ“, - განაცხადა გიორგი რურუამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ასევე უცხოელ პარტნიორებს, ომბუდსმენის აპარატს, არასამთავრობო სექტორს და ქართველ ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება მედიატორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილი იყო. დღეს ოპოზიციის ნაწილი, რომელმაც მედიატორის შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, პარლამენტში დარეგისტრირდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!", - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.