"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი - კვირის პალიტრა

"ავიცრებოდი თუ არა რომელიმე ჩინური ვაქცინით?" - რას წერს "სინოფარმის" ვაქცინის შესახებ ნანა გეგეჭკორი

გუშინ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, "სინოფარმის" მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაციის გავლა შეეძლო 18 წელს ზემოთ ნებისმიერ ადამიანს. საზოგადოების აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. თბილისში ჯავშნები 2 საათში შეივსო. "სინოფარმის" ვაქცინა ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის. აღნიშნულ საკითხზე ჯანმო სხდომას 29 აპრილს გამართავს.

ჯერჯერობით ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების შესახებ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნებული არ არის. საზოგადოების ინტერესი კი მაღალია და ქართველი ექიმები ცდილობენ, რომ ადამიანებს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით გაუზიარონ.

ვნახოთ რას წერს "ფეისბუქში" აღნიშნული ვაქცინის შესახებ ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი:

"ჩინურ ვაქცინაზე და არა მარტო..

პრესაში (ვაშინგტონ პოსტი, როიტერი) გამოქვეყნებული ინფორმაციით, სინოფარმის მწარმოებლის მიერ გავრცელებული პრესრილიზის თანახმად, ამ ვაქცინის ეფექტურობა 79%-ს აღწევს. იქვე აღნიშნულია, რომ მწარმოებელი ირწმუნება, ვაქცინა უსაფრთხოა. კვლევის ორიგინალი, რასაც პრესრილიზი ემყარება, არსად გამოქვეყნებულა. სინოფარმს არ გამოუქვეყნებია კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემები. კვლევის სწორედ ეს ფაზა იძლევა ინფორმაციას ეფექტურობაზე.

ჩინეთის კოვიდის სტატისტიკა შთამბეჭდავად გამოიყურება. რამდენად შეიძლება ეს ვაქცინის დამსახურებად ჩაითვალოს, რთული სათქმელია, რადგან ჩინეთს, ჯერჯერობით მხოლოდ 200 მილიონი დოზა აქვს გამოყენებული. ეს არ ნიშნავს 200 მილიონ სრულად აცრილ ადამიანს, რადგან ჩინური ვაქცინა ორდოზიანია. თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის მილიარდიან პოპულაციას, აცრილების წილი არც ისე მნიშვნელოვანი გამოდის.

აცრილებს, სავარაუდოდ, დაავადების გადატანით მიღწეული იმუნიტეტის მქონენიც ემატებიან. არც ეს ინფორმაცია მოიპოვება ასე საჯაროდ და ზუსტად არ ვიცი, რამდენად სერიოზულია კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიტეტის წილი ჩინურ კოვიდ სტატისტიკაში. ორივე მრუდი, დაავადების გავრცელების და სიკვდილობის მაჩვენებლის, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.საპირისპირო მონაცემები აქვთ ჩილეს და საუდის არაბეთს. ორივე უმეტესად ჩინური სინოფარმით აიცრა. ორივეგან მზარდია ინფიცირებაც და სიკვდილობაც. აქაც გაურკვეველია რაიმე სხვა ფაქტორები ხომ არ განაპირობებს კოვიდ ტენდენციებს.

მეორე მხრივ, არსებობს ბრიტანეთი და ისრაელი. ფაიზერით და ასტრაზენეკათი აცრილი. ორივეგან საიმედოა კოვიდ-მრუდები. ორივე ქვეყანა უბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს.

იმედია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სიცხადეს შეიტანს ჩინური ვაქცინების ისტორიაში. ავტორიზაციის პროცესში აუცილებელი პირობაა უმცირეს ნიუანსებზე წვდომაც. ასევე, ავტორიზაციის აუცილებელი პირობაა მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა. ალბათ, გააზიარებენ საჯაროდ, რას მისცეს ავტორიზაცია. ამერიკული წამლის სააგენტო ამ მხრივ საოცრად გაბედულად და პატიოსნად მოიქცა. პირდაპირ ეთერში გადასცა ავტორიზაციის პროცესი. მთელი სამუშაო პროცესი ასევე, პრაქტიკულად საჯარო იყო.

უამრავი ინტერვიუ მისცეს ავტორიზაციის საბჭოს წევრებმა და ძალიან გახსნილი და ღია გზავნილებით ესაუბრნენ საზოგადოებას. შედეგიც სახეზეა, ამერიკულ ვაქცინებს ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. კვლევებიც აჩვენებენ, ავტორიზაციის პროცესის საჯაროობამ ხელი შეუწყო ვაქცინების სკეპტიციზმის დაძლევას.მთელი პანდემიური პერიოდის განმავლობაში, გულწრფელად ვცდილობ, არაექიმისთვის გასაგებ ენაზე მოგაწოდოთ პროფესიული ინფორმაცია, რასაც მე ყოველდღიურად ვეცნობი.

ვდილობ გაგიზიაროთ ჩემი კლინიკური გამოცდილება და ამ ჭრილიდან აგიხსნათ ამა თუ იმ სამკურნალო/დიაგნოსტიკური მიდგომების რისკები და სარგებელი და ვაქცინაციის თავისებურებები. პატიოსნად და გულწრფელად გაწვდით ყველაფერს რაც ვიცი, მათ შორის განსაკუთრებით ბევრს და დეტალებში ვსაუბრობ ვაქცინაცის რისკებზეც, რადგან ვთვლი, რომ ამის ცოდნა აუცილებელია სწორი და უსაფრთხო გადაწყვეტილების მისაღებად. ყველაფრის გათვალისწინებით, ვთვლი, ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი პანდემიის დასასრულებლად. უსასრულოდ პირბადეში და კარანტინში გამომწყვდეულები ვერ ვიქნებით. გააგრძელეთ კითხვა