"ასეთი საქციელით ვიღაც თავის ამპარტავნობას იმშვიდებს, ნიკოს კი ხელახლა კლავს, როგორც პოეტს..." - კვირის პალიტრა

"ასეთი საქციელით ვიღაც თავის ამპარტავნობას იმშვიდებს, ნიკოს კი ხელახლა კლავს, როგორც პოეტს..."

"ნიკოსთან კონტაქტი სულ მაქვს. მის გარეშე რთულია..."

ახლახან 11 წელი შესრულდა, რაც მსახიობი და პოეტი - ნიკო გომელაური გარდაიცვალა. გადავწყვიტეთ, მის ქვრივს - ქალბატონ ნინა ჩოდრიშვილს შევხმიანებოდით...

- ცხოვრება უინტერესოდ, სევდიანად, უღიმღამოდ მიდის, მაგრამ - მიდის (იღიმის)...

- წლების განმავლობაში, ნიკოს პოეზიის თაყვანისმცემლები აქტიურობდნენ, ნიკოს საფლავზე მიდიოდნენ, ლექსებს კითხულობდნენ... ახლა როგორი სიტუაციაა? - ძალიან მახარებს და ბედნიერს მხდის ის ფაქტი, რომ ნიკოს პოეზიის თაყვანისმცემლების აქტიურობა კი არ ცხრება, პირიქით - იმატებს და იმატებს... საფლავზეც დადიან... ყოველ ჯერზე, როცა ნიკოს საფლავზე მივდივარ, პანთეონის დამლაგებელი ქალი მეუბნება, - ბევრი ახალგაზრდა, ბიჭები და გოგონები მოდიან. ხანდახან ბიჭები საუბრობენ და თან, ღვინოს სვამენო... გარდა ამისა, ბევრს ნიკოსთვის ლექსი მიუძღვნია... ციხიდან პატიმრები მიკავშირდებიან - წიგნებს ითხოვენ, მე კი ვერ ვაძლევ, რადგან ბეჭდვითი საქმის ფასი გაიზარდა, ლართან მიმართებაში დოლარის კურსის გაზრდის გამო. როგორც ვიცი, გამომცემლობა საზღვარგარეთ ყიდულობს ქაღალდს, საღებავს... ამიტომ ვწუხვარ და ძალიან მერიდება პატიმრების... ხშირად კომპოზიტორები ნიკოს ლექსების გამოყენების უფლებას მთხოვენ, უარს არასდროს არავის ვეუბნები... ამას წინათ, გაგა ნახუცრიშვილმა თქვა: ვიდრე მწერლის ნაწარმოებებს კითხულობენ, მანამდე ის მწერალი ცოცხალიაო... ეს ნამდვილად ასეა, რაც ძალიან მახარებს.

- თქვენი აზრით, ნიკოს შემოქმედებაში რა ხიბლავთ ადამიანებს ასე ძალიან? - სიმარტივე: ნიკო იმ აზრს მარტივად გადმოსცემდა, რაც ყველა ადამიანს აწუხებს. ეს მის ლექსებში ძალზე იოლად და ესთეტიკურად არის ნათქვამი. სოციალურ თემაზე დაწერილი ლექსები არ მიყვარს. არ შეიძლება, პოეზია "დაამიწო" - ის ყოველთვის აღმატებულია. მასში ლირიკა უნდა იყოს. ლირიკის გარეშე პოეზია შეუძლებელია. ნიკოს ლექსები ჩვენს ყოფას, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის და ზოგადად, სოციალურ პრობლემებს ასახავს, მაგრამ - ლირიკულად... ძირითადად, სულ ზოგადსაკაცობრიო პრობლემებზე საუბრობს. მისი ლექსები ადვილად გასაგები და ემპათიურია - მკითხველზე მოქმედებს, თანაგრძნობის განცდას უჩენს... "უაზრო ლექსი" იყო პირველი, რომელიც ნიკოს ლექსებიდან წავიკითხე: "...არ წამესვლება არსად/ დასაწერი მაქვს ბევრი/ ვთვლიდი უმთავრეს არსად/ სიტყვას ჰქონოდა ნერვი/ წიგნი ივსება ნელა/ არაფერს დავწერ ზედმეტს/ და როგორც ლექსი ყველა/ უაზრო არის ესეც..." - ამ ლექსმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ნიკო ამას ძალიან ზერელედ უყურებდა. - მოიცა, რა, რა სისულელეაო, - მეუბნებოდა... რომ დავიჩემე, მოდი, წიგნი დავბეჭდოთ-მეთქი, მითხრა: - შენ ჩემთვის საჩუქრის გაკეთება თუ გინდა, გეტყვი, რა საჩუქარი გამახარებს (იღიმის)... რად მინდა წიგნი, რომელსაც არავინ წაიკითხავსო?.. ეს ამბავი იმით დასრულდა, რომ თავისუფალ თეატრში, წიგნის პრეზენტაციაზე ანშლაგი იყო, ხალხი ფეხზე იდგა... როცა მეორე წიგნი გამოქვეყნდა, დარბაზში ვიჯექი და მესმოდა, ჩემ გვერდით, წინ, უკან მსხდომი ახალგაზრდები ლექსებს ზეპირად როგორ იმეორებდნენ, სცენაზე მდგომ ნიკოსთან ერთად... ამის შემდეგ მკითხველის წინაშე პასუხისმგებლობა იგრძნო და თავის ლექსებს ზერელედ აღარ უყურებდა - სერიოზულად შეხედა. ყოველ სიტყვას ასჯერ წონიდა. ზოგჯერ, 2-3 წელიწადი გავიდოდა და იტყოდა, - აუ, ამ ლექსში ძლივს არ ვიპოვე ნაღდი სიტყვა? ის სიტყვა ყალბი იყო, არ მომწონდაო (იღიმის)...

საერთოდ, პოეზია ძალიან მიყვარს. თავდაპირველად, არც ვიცოდი, ნიკო ლექსებს თუ წერდა. თავად ერიდებოდა და ამის შესახებ არაფერს ამბობდა. ცოტათი უკეთ რომ გავიცანი, 1-2 ლექსი წამიკითხა, შემდეგ მე მომიძღვნა... დავინტერესდი... აღმოჩნდა, რომ ფურცლებზე დაწერილი ლექსები კედელზე საღეჭი რეზინით ჰქონდა მიკრული. უმრავლესობა ძალიან მომეწონა. რომლებიც არ მომწონდა, ის ნიკოსაც აღიზიანებდა - "მთვრალ ბოდვებს" უწოდებდა, მაგრამ ინტერნეტში მაინც "გაიპარა". მთხოვდა, - "ამოშანთეო", მაგრამ სამწუხაროდ, მისი თხოვნის შესრულება ვერ მოვახერხე...

არიან ახალგაზრდები, რომლებიც მიყვებიან, რომ ნიკოს შემოქმედებამ მათზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინა და წერა დააწყებინა, მაგალითად, - ბიჭი ივანიშვილი, ნინი ელიაშვილი, ამირან ზარნაძე... კარგია!.. ბედნიერებაა მწერლისთვის...

საოცარი ამბავი მაქვს მოსაყოლი:

ერთხელ, ნიკოს დაბადების დღეზე, პანთეონში 2 ბიჭი დამხვდა. რომ მივედი, მალევე წასვლა დააპირეს. შევთავაზე, დარჩით, მანქანაში ცივი შამპანური მაქვს-მეთქი (მოგეხსენებათ, ნიკოს დაბადების დღე ივლისშია, ძალიან ცხელა ხოლმე). - არა, არა, უნდა წავიდეთ. მშენებლობაზე ვმუშაობთ. გორიდან ჩამოვდივართ ხოლმე. ნიკოს დაბადების დღის შესახებ ინტერნეტით შევიტყვეთო... ბიჭებს დავემშვიდობე - კარგი, ნახვამდის-მეთქი... ნიკოს ბავშვობის მეგობრები მოვიდნენ: ჯერ - ერთი, შემდეგ - მეორე, მესამე... ამასობაში, შებინდდა, ჩამობნელდა... უცებ გავიხედე და ისევ ის 2 ბიჭი დავინახე: მოდიოდნენ, ხელში კონიაკის ბოთლი ეჭირათ. რა იცოდნენ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში იქ ვიქნებოდი? სამსახურის შემდეგ მოვიდნენ... ნიკოს მეგობრები - ბექა და შალვაც დავინახე და ხმამაღლა ვთქვი, - აი, ბექა და შალვაც მოდიან-მეთქი. უცებ იმ 2 უცნობი ბიჭიდან ერთ-ერთმა თავიდან ბოლომდე თქვა ნიკოს ლექსი, რომელშიც სწორედ ნიკოს მეგობრები - ბექა და შალვა ფიგურირებენ (იღიმის)... იქ მყოფები, ყველანი ცრემლად დავიღვარეთ: წარმოიდგინეთ, გორიდან ჩამოსული, მშენებლობაზე მომუშავე 2 ახალგაზრდა, რომელსაც ნიკოს ლექსის თქმა უცებ, სპონტანურად, ზეპირად შეუძლია...

ნიკოსთან კონტაქტი სულ მაქვს. ყოველდღე, ხან რაღაცაზე გავიცინებ, ხან - რაღაცაზე ყელში ბურთი გამეჩხირება... თავისთავად, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ. მის გარეშე რთულია...

ნიკოს შვილები? მიყვარს, რასაკვირველია. მგონი, მათაც ვუყვარვარ. არ ვიცი, ასეთი სიყვარული რით დავიმსახურე, მაგრამ ამ სიყვარულს ჯეჯისა და ტასოსგანაც ნამდვილად ვგრძნობ...

სამწუხაროდ, ინტერნეტში ბევრი, "ლექსად" წოდებული სრული უმსგავსობა ქვეყნდება, რომლის ავტორიც თითქოს ნიკოა. მინდა ყველა ადამიანს, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, ვთხოვო: რთულია, მაგრამ ყურადღება მიაქციონ და თუ ეჭვი შეეპარებათ, რომ ლექსი ნიკოსი არ არის, შემატყობინონ, მომწერონ...

სოციალურ ქსელში არსებობს გვერდი - "პოეზიის 5 წუთი", რომელსაც ბევრი ადამიანი ჰყავს გაერთიანებული. ეს გვერდი ხშირად დებს "ლექსად" წოდებულ ერთსა და იმავე სამარცხვინო საშინელებას, რომელიც ნიკოსი არ არის, მაგრამ ავტორად ნიკო გომელაურს მოიხსენიებს. ადმინისტრატორს მივწერე და წაშლა ვთხოვე - ეს საქციელი პოეტის დასამარებაა, მეორედ ნუ მოკლავთ-მეთქი. "დამბლოკა" და ყველა "დაბლოკა", ვინც იმავე თხოვნით მიმართა... იმ ლექსად წოდებულ გაუგებრობას ბევრი "ნახვა" ჰქონდა და ალბათ, ბევრიც იტყოდა - რა უნიჭო პოეტი ყოფილაო!.. ალბათ, გასაგებია, რომ ასეთი საქციელით ვიღაც თავის ამპარტავნობას იმშვიდებს, ნიკოს კი ხელახლა კლავს, როგორც პოეტს...

ეთო ყორღანაშვილი ჟურნალი "გზა"