რომელი ქვეყნების დიპლომატები გააძევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან? - კვირის პალიტრა

რომელი ქვეყნების დიპლომატები გააძევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების 7 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ლიეტუვის საელჩოს ორმა, სლოვაკეთის საელჩოს სამმა და ლატვიისა და ესტონეთის საელჩოების თითო-თითო თანამშრომელმა ქვეყანა ერთი კვირის განმავლობაში უნდა დატოვონ.

შეგახსენებთ, სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ელჩები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს იყვნენ დაბარებულები.

ლატვიამ, ლიეტუვამ და ესტონეთმა 23 აპრილს განაცხადეს, რომ ქვეყნებიდან რუს დიპლომატებს აძევებდნენ, რომელთა საქმიანობა დიპლომატიურ სტატუსთან შეუსაბამობაში იყო. სლოვაკეთმა კი 22 აპრილს პერსონა ნონ-გრატად სამი რუსი დიპლომატი გამოაცხადა. სლოვაკეთისა და ბალტიის ქვეყნების ხელისუფლებების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის ნიშნად მიიღეს. ჩეხეთმა, 17 აპრილს ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა, რომელიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან კავშირში იყო ეჭვმიტანილი. ამასთან, ჩეხეთის ხელისუფლებამ 2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კავშირის შესახებ განაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"