"ჩემი შვილი ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა მისი მეუღლეც, რომელიც დღეს დააკავეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილი ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა მისი მეუღლეც, რომელიც დღეს დააკავეს"

"ჩემი შვილი მხოლოდ ერთ ადამიანს არ მოუკლავს, მკვლელობის საქმეში მონაწილეობდა მისი მეუღლეც - ჩემი რძალი, რომელიც ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით, - ამის შესახებ კასპში მოკლული ნოდარ ღუნაშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძემ განაცხადა. რაზმაძის ინფორმაციით, მის შვილზე ფიზიკური ზეწოლა ჯერ სახლში განხორციელდა, შემდეგ კი იგი უგონო მდგომარეობაში სასაფლაოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს და მოკლეს.

"ჩემი რძალი ახლა დააკავეს და ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვის მუხლით. ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვდით გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მის დაკავებას, ძალიან კარგია, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ გამოძიება უნდა გაგრძელდეს და გამოიკვეთება, რომ ჩემი შვილის ცოლი მკვლელობის თანამონაწილეა, უფრო მეტიც... ჯერ სახლში გათიშეს ჩემი შვილი, მერე უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს მანქანით სასაფლაოზე, სადაც მოკლეს", - აცხადებს ხათუნა რაზმაძე.

შეგახსენებთ, კასპის სასაფლაოზე 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი 14 მარტს იპოვეს. გარდაცვლილს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

კასპში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1990 წელს დაბადებული ქ.ჩ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დღეს დააკავეს. დაკავებული ქალი მოკლულის მეუღლეა.

"მას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე საქმეზე უკვე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული ზ.კ., რომელმაც მიმდინარე წლის 13 მარტს, კასპში, 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"