"უნდა დავასრულოთ "გარჩევები" და გადავიდეთ იმაზე, რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ გარემო ქვეყანაში" - კვირის პალიტრა

"უნდა დავასრულოთ "გარჩევები" და გადავიდეთ იმაზე, რომ ფუნდამენტურად შევცვალოთ გარემო ქვეყანაში"

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები და ინდივიდუალური დეპუტატები ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამ განცხადებით ისინი სხვა ოპოზიციურ კოლეგებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ დოკუმენტს.

ვაშაძის თქმით, ახლა გარჩევებისა და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის დრო არ არის.

"ახლა გავრცელდება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიებისა და ინდივიდუალური დეპუტატების ერთობლივი განცხადება, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებს, რომ შემოუერთდნენ იმ მნიშვნელოვან ბრძოლას, რასაც ნიშნავს ამ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის იმპლემენტაცია. მე მგონია, უნდა დავასრულოთ ეს გარჩევები და ვიწროპარტიული ინტერესების ნაცვლად, უნდა გადვიდეთ იმაზე, რომ რეალურად ფუნდამენტურად შევცვალოთ გარემო ქვეყანაში.

რურუა გათავისუფლებულია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა გავათავისუფლოთ ნიკა მელია, უნდა მივიღოთ ყველა ის კანონი, რომელიც გათვალისწინებულია, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩათვლით, შარლ მიშელის დოკუმენტში.

მე მგონი, ახლა გარჩევების, ერთმანეთისკენ ხელის გაშვერის დრო არ არის, არ არის ჩასაფრებული პოზიციის დრო და არის დრო, რომ რეალური საქმის კეთება დავიწყოთ", - განაცხადა ვაშაძემ.

"ინტერპრესნიუსი"