"ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით ცდილობს საკუთარ თავს "აპატიოს" სავარაუდო დანაშაული" - რას წერს გია ხუხაშვილი - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით ცდილობს საკუთარ თავს "აპატიოს" სავარაუდო დანაშაული" - რას წერს გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"პოლიტიკურ პროცესში, ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის პირობებში, ამნისტიის აქტის მიღება უდავოდ პოზიტიურ მოვლენად შეიძლება იყოს განხილული.

ჩვენთან წარდგენილ პროექტზე არა თუ საზოგადოებრივი კონსენსუსი არ არსებობს, არამედ მას არც პარლამენტში შესული და არც გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, არც დაზარალებულები, არც ფიგურანტები, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ხელისუფლების მხარდამჭერები არ ეთანხმებიან.

ხელისუფლება კი ჯიუტად აპირებს მის მიღებას და თან ამას პოლიტიკური ვითარების განმუხტვის ინტერესით ხსნის. რაც, დამეთანხმებით, სრული აბსურდია.

ანუ ხელისუფლება საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით ცდილობს საკუთარ თავს "აპატიოს" სავარაუდო დანაშაული. რაც სახიფათო პრეცედენტია სამომავლოდ.

ვფიქრობ, რომ კანონმდებლობაში უნდა არსებობდეს ჩამკეტი ნორმა, რომელიც ხელისუფლებას მოუსპობს იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური მიზნით ჯერ ჩაიდინოს დანაშაული და მერე ინდულგენცია გამოიწეროს.

ასეთი აქტის გამოცემა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილება იყოს მიღებული პირდაპირი დემოკრატიული პროცესის საფუძველზე", - წერს გია ხუხაშვილი.