"20 წლის ასაკში მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება... როგორ მოხდა, არ მახსოვს, შოკი მქონდა" - კვირის პალიტრა

"20 წლის ასაკში მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება... როგორ მოხდა, არ მახსოვს, შოკი მქონდა"

გიორგი ხვედელიძისთვის შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ, უნდა მოინდომო და თუ მოინდომებ, შესაბამის ძალასა და უნარსაც გამონახავ მიზნის მისაღწევადო, - აღნიშნა საუბრისას. გიორგი პარაფეხბურთელია, ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობით არის დაკავებული. 50 წლისაა, ცხოვრობს თბილისში, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"20 წლის ასაკში მთლიანად შეიცვალა ჩემი ცხოვრება, - მატარებლიდან ჩამოვვარდი და ფეხზე გადამიარა. კონკრეტულად რა და როგორ მოხდა, არ მახსოვს, შოკი მქონდა. იქაურმა ექიმებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემს გადარჩენაში. 2 კვირა გონზე არ მოვსულვარ..."

"6 თვე დამჭირდა, რომ გადამელახა ფსიქოლოგიური პრობლემები. 6 თვე ეზოშიც კი არ ჩავსულვარ, არ ვიცი, რისი მრცხვენოდა, ფანჯრიდან ვუყურებდი მეზობლებს და ჩასვლას ვერ ვბედავდი. რთული პერიოდის გადალახვაში ძალიან დამეხმარნენ მშობლები და ოჯახის წევრები. ის კი არა, მალე სხვებსაც ვეხმარებოდი დეპრესიის დაძლევაში..."

"წლების წინ ერთი ახალგაზრდა გოგო გავიცანი საპროთეზოში. საერთოდ არავის სცემდა ხმას. მშობლები და ბიძა ახლდნენ. მე დაველაპარაკები-მეთქი, ვთხოვე მათ. - პასუხს მაინც არ გაგცემსო, - მითხრეს. მაინც ვცდი-მეთქი და გამომივიდა: 5 წუთში იმ გოგომ მისამართიც მომცა. ისიც ჭიათურელი აღმოჩნდა. რამდენჯერმე ვესტუმრე. დედამისმა მითხრა, - შენ რომ მოდიხარ, სულ კარგ ხასიათზეა, სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა და ახლა რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთო? - სამსახური დააწყებინეთ-მეთქი, ვურჩიე..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ნინო ჯავახიშვილი