დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება - კვირის პალიტრა

დღეს ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება

დღეს დიდი ხუთშაბათია, რასთან დაკავშირებითაც ტაძრებში დიდი ხუთშაბათის მსახურება შესრულდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება.

წირვის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესი სრულდება, რომლის დროსაც, წესის მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.

დიდ ხუთშაბათს ტაძრებში ასევე 12-გზის სახარება იკითხება, რომლის დროსაც წმინდა წერილიდან 12-ჯერ წაიკითხავენ მონაკვეთებს უფალი იესო ქრისტეს ცხოვრებისა და ჯვარცმის შესახებ. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 12-გზის სახარების კითხვა 16:00 საათზე დაიწყება.

ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.