"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?

კასპში, 14 მარტს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ კიდევ ერთი პირი - მოკლულის ცოლი, 31 წლის ქალი დააკავა. დაკავებული შსს-ს გორის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ქ.ჩ-ს ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალდებულს ცოტა ხნის წინ ადვოკატი შეხვდა.

ჯაბა კოჭლამაზაშვილი საქმის მასალების გაცნობამდე დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი, იგი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია, ნერვიულობს, პირველ რიგში - ბავშვებზე. დღეს დილით მივიდნენ საცხოვრებელი სახლის მისამართზე, სადაც, სამწუხაროდ, ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მართალია, მისცეს უფლება, რომ ბავშვებს დამშვიდობებოდა, მაგრამ რომ დაებარებინათ, ისევე მივიდოდა, როგორც აქამდე მიდიოდა და ჩაბარდებოდა. რის გამო დააკავეს, რის საფუძველზე, ჩემთვის უცნობია, ვინაიდან, მას პირველივე დღეს ჰქონდა მიცემული ჩვენება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან, რამდენიმე დღის წინ საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა, ამის შემდეგ დაიწყო დაზარალებულის მხარემ აქციები პროკურატურასთან, სახლში მივარდნები, ყვირილი, ქვების სროლა, იქ ცხოვრობდნენ ბავშვებიც, ცუდი ფაქტი დაფიქსირდა და სავარაუდოდ, ამ ყველაფერმაც იმოქმედა სამწუხაროდ, საგამოძიებო უწყებაზე და ასე დაჩქარებული წესით, განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად სდებენ დანაშაულის დაფარვას, სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, რაც არ არის არც მკვლელობაში თანამონაწილეობა, არც დახმარება და ა.შ. მინდა, რომ ეს მკაფიოდ დავაფიქსირო. მას აქამდე ჰქონდა მოწმის სტატუსი, შესაბამისად, არ გვქონდა წვდომა საქმის მასალებზე. ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარდგენია. მას შემდეგ, რაც ბრალის წარდგენა მოხდება, გადავწყვეტთ, როგორი იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, ამაზე ახლა არ შემიძლია რაიმეს თქმა", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

მოკლულის ოჯახი, მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, რძალს ადანაშაულებს. ნოდარ ღუნაშვილის დედის, ხათუნა რაზმაძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა მოკლულის მეუღლეც. გააგრძელეთ კითხვა