სხვა ჯემალ ქარჩხაძე
ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად ქართული პროზის საგანძურის სერიით მიიღებთ ჯემალ ქარჩხაძის კრებულს, "იგისა" და მის სხვა მოთხრობებს
მისი ორი ფოტო მიდგას თვალწინ. ერთი: ფანჯრიდან თუ აივნიდან იყურება. იყურება კი არა, გიყურებს. შუბლშეჭმუხნილს რაღაცის თქმა უნდა, მაგრამ თავს იკავებს. გზოგავს... მეორე: თითქოს მოხუცს ჰგავს. ბერეტი ახურავს და ძალიან დაღლილი, ტკივილით სავსე შეჩერებულა ორიოდე წამით. რაღაცას კიდევ იტყოდა, მაგრამ მიდის. ცოტაც და პირს იბრუნებს.
ისე გარდაიცვალა, არ მოხუცებულა, 62 წელი რაა... მაინც იფიქრებ, სხვა დროიდან მოდის და მიყურებსო. სინამდვილეში სხვა დროიდან არა - "მოუხელთებელი წამიდან" გვიყურებდა:
"უეცრად ელვასავით ნათლად და ცხადად წარმოუდგა თვალწინ ის მოუხელთებელი წამი, დასასრულისა და დასაწყისის შემაერთებელი არარსებული წამი, და დაინახა, რომ არც სოლომონი იყო სოლომონი, არც ასმათი იყო ასმათი, არც ქალბატონი ცისანა იყო ქალბატონი ცისანა, ყველანი ერთნაირები იყვნენ, როგორც დაუთესავი მარცვლები, და ახალი გამოსვლის ცნობისმოყვარე მოლოდინში დახურული ფარდის უკან დედიშობილები ისხდნენ, რადგან თეატრის ადმინისტრაციას ძველი ტანსაცმელი უკვე ცეცხლისთვის მიეცა, ახალი კი ჯერ არ დაერიგებინა.
სოლომონი გაკვირვებული ჩასცქეროდა საკუთარ თავს და სწორედ იმის გამო, რომ იცოდა, ცხოვრება ყოველთვის კარგია, რაკიღა ყოველთვის შეიძლება უარესი იყოს"...
დრო იყო უარესიც და იმავდროულად კარგიც, რადგან უარესზე უარესი არსებობდა. ამ დროში საუკუნეთა მიღმიდან შეეძლო გამოეტანა ადამიანის დაუმარცხებელი სიმარტოვე და ინდივიდუალობა. ამიტომ ხმამაღალი შეძახილები მხოლოდ ავ ფიქრებად ემატებოდა. ალბათ უფრო სიჩუმის კაცი იყო. წერდა ისევე, როგორც ფოტოებში იყურება: საკუთარ თავთან პირისპირ მდგარი და თვალებში მოჩერებული. მასთან აღიარება გვიან მოვიდა... მაშინ, როცა სიტყვა "სხვა" თითქოს განაჩენი აღარ იყო... თუმცა "სხვა" ყოველთვის განაჩენი იყო კაცთათვის. პრეისტორიულ ხანაშიც კი სტკიოდათ ადამიანებს ეს "სხვა".
"იგი ისეთი არ იყო, როგორიც იყვნენ სხვები!
გამართული იდგა. შუბლი შორეული მთის წვერისთვის მიეშვირა. ცხელი გემო კიდევ უფრო სწრაფად დატრიალდა მუცელში. ტანზე ცივმა შიშმა გადაურბინა და ბალანი აუჯაგრა. და მარტოობის შემაშფოთებელი სუნი ეცა.
"კიდევ კარგი, არავის შეუმჩნევია გამართული იგი", - უხმოდ თქვა იგიმ თავის სხეულში. – იგი ახლავე მოიხრება და ისეთი გახდება, როგორიც არიან სხვები. მაშინ აღარც მარტოობა ეტკინება და აღარც ცივი შიში აუჯაგრავს ბალანს.
იგი შეჩერდა, წინ მიმავალ თანამოძმეებს დააკვირდა. ყველანი მშვენივრად იყვნენ მოხრილები. "იგიც მათ უნდა დაემსგავსოს, რაკი მათი თანამოძმეა", - თავის სხეულში თქვა იგიმ.
მაგრამ ოდნავ მოიხარა თუ არა, ზურგში ავი ნადირივით ჩააფრინდა ტკივილი. იგიმ შეჰყვირა და გაიმართა. ყვირილზე კაცებმა მოიხედეს. მოტრიალებით არ მოტრიალებულან; შედგნენ და მარტო თავები მოაბრუნეს.
იგის ბევრი სახე უყურებდა.
მერე ბელადმა ხმადაბლა დაიღრინა და გზა განაგრძო"...