"აშშ-მა ნათელი გახადა, რომ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევა "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდება" - კვირის პალიტრა

"აშშ-მა ნათელი გახადა, რომ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევა "ქართულ ოცნებას" ძვირი დაუჯდება"

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ძალიან ნათელი გახადა, რომ შეთანხმების როგორც პუნქტების, ასევე მისი სულისკვეთების დარღვევა ძვირი დაუჯდება "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას, რომ მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო საელჩო იმედგაცრუებულია.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი საქართველოსთვის უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია, რადგან მსგავსი ცვლილებები მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ უნდა მიიღებოდეს.

"ასეთი ცხადი და უკიდურესად კრიტიკული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აჩვენებს იმას, რომ მათ ძალიან ნათელი გახადეს, რომ შეთანხმების როგორც პუნქტების ასევე მისი სულისკვეთებია დარღვევა ძვირი დაუჯდება "ქართულ ოცნებას". ის, რომ ფაქტობრივად დამატებითი რეპრესიული მექანიზმების გაჩენა პროტესტის წინააღმდეგ ქვეყანაში მიღებული იქნა მალულად, ჩუმად, დაჩქარებული პროცედურით ისე, რომ განხილვაში არ მიეცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არც ოპოზიციას, არც საზოგადოებას - ეს არ შეესაბამება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელზეც ჩვენ შევთანხმდით "ქართულ ოცნებასთან" და ამიტომ გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ძალიან მკაცრი და მკაფიო განაცხადი.

დაჩქარებული წესით ფაქტობრივად ერთ დღეში მიღებულ იქნა კანონპროექტი, რომელიც უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს აყენებს რეალური საფრთხის წინაშე, რომ მათი სამართლიანი პროტესტი აღკვეთილი იქნება რეპრესიული ზომებით როგორც ფინანსური, ასევე დაპატიმრების.

ეს არის უდიდესი ნაბიჯი უკან ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე, მსგავსი ცვლილებები უნდა მიიღებოდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თუნდაც საკომიტეტო მოსმენაზე მოვლენ საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები და საკუთარ აზრს დააფიქსირებენ", - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში ჩაერთვება.

"რა თქმა უნდა, ცხადია, ჩვენ ჩავერთვებით სრულად საარჩევნო რეფორმაზე მუშაობაში იმიტომ, რომ ეს არის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. გარდა ამისა, ეს არის გზა, რომ მივიღოთ განსხვავებული საარჩევნო სისტემა და უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შეიცვალოს ხელოსიფლება", - აღნიშნა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"