"ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს" - კვირის პალიტრა

"ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს"

"ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს", - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, იესო ქრისტემ, დიდებული ამაღლებული სწავლება მოგცა კაცობრიობას.

"უფალმა იესო ქრისტემ, როგორც ღმერთკაცმა, მოგცა ჩვენ დიდებული და ამაღლებული სწავლება. ის არ მოსულა მარტო იმისთვის, რომ სწავლება დაგვიტოვოს ჩვენ, თუმცა ეს სწავლებაც, რა თქმა უნდა ღვთაებრივია. ვხედავთ, რომ შეუძლებელია ადამიანის მიერ ყოფილიყო მოფიქრებული და მოაზრებული ეს სწავლება.

უფალმა იესო ქრისტემ დაგვიტოვა ჩვენ სწავლებასთან ერთად ძალა და მადლი, რომ ეს სწავლება აღვასრულოთ, დავთრგუნოთ ბოროტება ჩვენს გულში, დავამარცხოთ სიკვდილი და რაც მთავარია, გავხდეთ თანაზიარნი და მონაწილენი ღვთაებრივი ცხოვრებისა, თანაზიარნი ღმერთისა, როგორც ამ მიწიურ ცხოვრებაში, ასევე მარადისობაშიც.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ძალა და მადლი დატოვა უფალმა იესო ქრისტემ, მაინც, როგორც დღეს ჩვენ წავიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლეში, სამწუხაროდ, არ არიან ბევრნი ჩვენს შორის ვინც ეწაფება ამ წყაროს და სარგებლობს, იმისთვის, რომ სათანადოდ იცხოვროს. ზოგიერთი თავს ქრისტიანადაც მიიჩნევს და ეკლესიის წევრადაც, მაგრამ ვერ ცხოვრობენ ისე, როგორც შეეფერება ქრისტეს მცნებებს, ამ ძალას და მადლს.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ გვიქადა ბზობის დღესასწაულზე, რომ არ არის ცოდვა, რომელსაც ვერ გაწმენდს ღმერთის სიყვარული და კაცთმოყვარება", - განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, უდიდეს ქრისტინულ დღესასწაულს საათები გვაშორებს, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ ვიპოვოთ ჩვენი თავი.

"საათები გვაშორებს ჩვენ ქრისტიანობის უდიდეს დღესასწაულს. დავფიქრდეთ ჩვენ, ჩვენს თავზე. ვეცადოთ ვიპოვოთ ჩვენ ჩვენი თავი, ამ საათების განმავლობაში, იმისთვის, რომ როდესაც გადაგორდება ლოდი, როდესაც ეხარება მთელ სამყაროს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა, ჩვენც გავხდეთ თანაზიარნი იმ ძალისა და მადლისა, რომელიც მოიტანა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ ",- განაცხადა მეუფე შიომ.

"ინტერპრესნიუსი"