"ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა" - კვირის პალიტრა

"ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა"

ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს "არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ",- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი.

როგორც პატრიარქი ეპისტოლეში აღნიშნავს, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს.

"ნებისმიერი სახელმწიფო საზოგადოების თითოეული წარმომადგენლისგან ითხოვს ერთგულებას, მოვალეობისადმი პასუხისმგებლობას, ომის დროს კი თავდადებასაც;

ბუნებრივია, ღვთის საუფლოს მკვიდრობის მსურველთ მეტი ერთგულება და თავგანწირვა გვმართებს, რადგან ჩვენ მუდმივი ბრძოლის ქარ-ცეცხლში გვიწევს ყოფნა და ომი გვაქვს "არა სისხლთა და ხორცთა, არამედ... ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ" (ეფ. 6.12).

ამასთან, ღვთის სამეფოს მოქალაქეებისთვის მთავარი მიზანი ჭეშმარიტი სიყვარულით სავსე მარადისობაა და არა ამსოფლიური კეთილდღეობა. უფლისგან მოცემული მცნებებიც ამ მარადისობის გზამკვლევია და განსხვავდებიან მიწიერი კანონებისგან; თუმცა საღვთო მოშურნეობის მქონე ქრისტიანისთვისაც კი ჩვეულებრივი მიწიერი ყოფა და, აუცილებლობიდან გამომდინარე, მატერიალურზე ზრუნვა უცხო არ არის; იგი სულიერ და მიწიერ ფასეულობებს შორის უპირატესობას, რა თქმა უნდა, პირველს ანიჭებს და იცავს პრინციპს: "მიეცი კეისარს კეისრისა და ღვთისა ღმერთსა" (მთ. 22, 15,22), რაც ნიშნავს იმას, რომ კეისარს (ანუ მიწიერ ხელისუფალთ) უნდა მივაგოთ საკადრისი პატივი, მაგრამ არა ისეთი, როგორიც - ღმერთს.

ამასთან, ღრმადმორწმუნე ქრისტიანმაც შეიძლება დაუშვას გარკვეული შეცდომები, ვერ გაუმკლავდეს გამოწვევებს, გამოიჩინოს სულმოკლეობაც ... მაგრამ არ უნდა შეშინდეს, რადგან "არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს", მაგრამ მან სინანულით, აღსარებითა და ზიარების მადლით უნდა უწამლოს თავის სულიერ იარებს და, ღვთის იმედით, კვლავ უშიშრად განაგრძოს ცხოვრების გზა.

იესო ქრისტეს მიერ მოცემული ძირითადი პირობა-აღთქმანი კი ასეთია:

"გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით" (მთ. 22.37-39; მრკ. 12.29-31)

"შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მრკ. 12,31) და " როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (ინ.13,34).

"გიყვარდეთ მტერნი თქვენნი" (მთ.5,44)

"თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებებიც დაიცავით, ხოლო თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში იქნებით" (ინ.14,15)",- ნათქვამია სააღდგომო ეპისტოლეში.

იხილეთ პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე სრულად: