"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი" - კვირის პალიტრა

"მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი"

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

"წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი",- განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში მოსახლეობას პოპულაციური იმუნიტეტი არა ივნისში, არამედ დეკემბერში ექნება, როცა მოზრდილი მოსახლეობის 60% აიცრება.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყება სექტემბრიდან დღიურად 5-დან 10 ათას პირამდე აცრას გეგმავს.

"ივნისი პოპულაციური იმუნიტეტისთვის ძალიან ადრეული პერიოდია. რა თქმა უნდა, ეს ასე სწრაფად ვერ მოხდება. პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად 60% მაინც უნდა იყოს აცრილი მოზრდილი მოსახლეობის და ეს გეგმა არის დეკემბრისთვის, ანუ წლის ბოლომდე.

რაც შეეხება ვაქცინაციის ტემპს, ჩვენთვის სასურველი ვაქცინაციის მაჩვენებელი დღევანდელ ეტაპზე უნდა იყოს სულ მცირე 3 ათასი მოქალაქის აცრა და შემდეგ ამის გაზრდა - 5 ათას, 10 ათას მაჩვენებელზე, როცა გადავალთ სექტემბრიდან ფართომასშტაბიან ვაქცინაციაზე იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენი მოცვის მაჩვენებლებს წლის ბოლომდე. მიმდინარე პერიოდში კარგია ის, რომ "სინოფარმზე" აქტივობა არის მაღალი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ დავამატოთ ვაქცინაციის ცენტრები, რადგან აქამდე რაც გამოვყავით დიდ ქალაქებში, სრულად არის შევსებული. ამ კვირის ბოლომდე დაემატება ვაქცინაციის ცენტრები და შევუწყობთ ხელს ესენციურ სერვისებში დასაქმებულ მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია, როორც თავიდან იყო დაანონსებული - პოლიცია, პედაგოგები, ტურიზმის სექტორში დასაქმებულები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში დასაქმებული პირები. გუშინ პირველი დღე იყო და 800-მდე ადამიანს ჩაუტარდა აცრა, 18 000-მდე არის ჯავშანი. სულ, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 50 ათასი ადამიანისთვის საკმარისი დოზა არის "სინოფარმის".

ჟურნალისტებს დღესვე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ. თუ დაგჭირდებათ მეტად ორგანიზებულად მოხდეს რეგისტრაცია, ჩვენ, ბუნებრივია, შეგვიძლია ამაში ხელი შეგიწყოთ, როგორც ამას ვაკეთებთ პედაგოგებისთვის. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ თქვენი ინტერესი და სად გჭირდებათ დახმარება", - განაცხადა გაბუნიამ და დასძინა: "ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ ჯგუფებს, რომლებიც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, მაგალითად, პოლიციელებს, ჰქონდეთ მარტივად აცრაზე ხელმისაწვდომობა".

მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ დროისთვის 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული, რომელთაგან 1500-მდე საწოლი თავისუფალია.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება, ამიტომ პრევენციულ ღონისძიებებზე მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს.

,,განსაკუთრებით საყურადღებოა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რაც ასევე მოსალოდნელია შემთხვევების მატებასთან ერთად. ამდენად, ჩვენი მაქსიმალური ყურადღება უნდა გადავიდეს პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მოხდეს შემთხვევების შემდგომი მატების თავიდან აცილება. ჰოსპიტალური სექტორის მობილიზაციის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, დამატებითი საწოლები ჩაერთო პროგრამაში, 6000-მდე საწოლი არის მობილიზებული. აქედან 1500-მდე საწოლი არის თავისუფალი, დანარჩენი დაკავებულია, განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. ასევე აგრძელებენ მუშაობას კოვიდსასტუმროები და ონლაინკლინიკები. ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა ვაქცინაცია როგორც "ასტრაზენეკათი" ასევე "სინოფარმით", აქტიურია დაჯავშნა და "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 000-მდე მოქალაქემ დაიკავა რიგი. რა თქმა უნდა, ვაქცინაციის აქტიური განხორციელება არის ჩვენთვის კიდევ ერთი გამოსავალი ეპიდემიის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ ასევე უპასუხა შეკითხვას შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, რეგულაციების გამკაცრებას, არსებული რეგულაციების აღსრულების გარეშე ეფექტი არ ექნება.

,,მთავარია, ახლა დაწესებული რეგულაციები აღსრულდეს. რეგულაციების გამკაცრებას აღსრულების უზრუნველყოფის გარეშე მცირე ეფექტი იქნება. კარგია, რომ ბოლო პერიოდში გაიზარდა პირბადის ტარების მაჩვენებელი და ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტმა გუშინდელი მონაცემებით 70% დააფიქსირა, რაც იმედის მომცემია, თუმცა 90%-ზე მაღალი მაინც უნდა იყოს ეს მაჩვენებელი, რომ თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება. ბიზნესგარემოში წესების დაცვა და სოციალური თავყრილობებისგან თავის არიდება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, შრომის ინსპექციის სამსახურს ყოველდღე უხდება დააჯარიმოს მოქალაქეები და ბიზნესი იმის გამო, რომ ჩატარდა ქორწილი ან სხვა ღონისძიება, სადაც ბევრი ადამიანის თავშეყრა იყო, რაც გარდაუვლად იწვევს ეპიდემიის ხელშეწყობას", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.