"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს" - კვირის პალიტრა

"თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს.

"თუკი რუსეთი იმოქმედებს უგუნურად და აგრესიულად, როგორც იმოქმედა შოლარჭინდს-ის კიბერთავდასხმის დროს, როგორც იმოქმედა ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და როგორც იმოქმედა ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით, ჩვენ ვუპასუხებთ," - აღნიშნა ბლინკენმა BBC- სთან ინტერვიუში.

თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს სურს, რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა ჰქონდეს.

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი გაერთიანებულ სამეფოში "დიდი შვიდეულის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაესწრო. სამდღიანი შეხვედრის შემდეგ საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ "ღრმად შეშფოთებულები" არიან რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების გამო. "ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას," - აღნიშნულია განცხადებაში.