ხათუნა ზახაშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა - კვირის პალიტრა

ხათუნა ზახაშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.

იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში "ასტრაზენეკას" და ფაიზერის ვაქცინებს დაემატა COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა - "სინოფარმი", რომლის მწარმოებელია ჩინეთი.

COVID-19 ინაქტივირებული ვაქცინა "სინოფარმი" აღიარებულია და გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში, სადაც 200 მილიონზე მეტი დოზაა უკვე ადმინისტრირებული.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში COVID-19-ით ინაქტივირებული "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 5 -24 მაისის პერიოდისთვის უკვე დარეგისტრირდა 20 987 მოქალაქე. 4-5 მაისს სულ აიცრა 2278 მოქალაქე.

ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, ჯერჯერობით ქვეყანაში "სინოფარმის" ვაქცინასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენა რეგისტრირებული არ არის.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვაქცინირებული პირები, ამცრელ უბნებზე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

" ჯერჯერობით, ჩვენთან ინფორმაცია "სინოფარმთან" დაკავშირებული გვერდითი მოვლენების შესახებ რეგისტრირებული არ არის. ხედავთ, ეს ადამიანები გარკვეული დროით მეთვალყურეობის ქვეშ არიან, სტანდარტულად აქცევენ ყურადღებას ექიმები, რომლებიც ყველა ამცრელ უბანზე არიან. ვნახოთ, ესეც ვაქცინაა, შესაძლოა, ჰქონდეს გვერდით მოვლენა, თუმცა, ასეთი ტიპის მომსახურება, რომელიც ქვეყანში აწყობილი გვაქვს, მაქსიმალურად გამორიცხავს რაიმე მძიმე გართულებებს, რომელზეც რეაგირება დაგვიანდება", - აცხადებს ზახაშვილი.

იხილეთ ვიდეო: