"ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება"

კანონპროექტების კანონპროექტებით დათრგუნვა, როგორც ჩანს, ქართული პარლამენტარიზმის ერთგვარი სტილია,- ასე ეხმიანება "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ოპოზიციის ნაწილის ინიციატივას, რომ მათ შესაძლოა, პარლამენტში "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების ალტერნატიული კანონპროექტი დაარეგისტრირონ.

მისი თქმით, საჭიროა პოზიციების დაახლოება და არა ყველაფერზე ალტერნატიული დოკუმენტის შემოტანა.

"მე მგონია, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი, რომ ერთიან დოკუმენტზე შევთანხმდეთ და არა ისე, რომ ყველაფერზე, რაც არ მოგვეწონება, ჩვენ ჩვენი დოკუმენტებით და კანონპროექტებით ვიაროთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. ვეტო თუ არ იქნება, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტად გამკაცრებული საბჭოთა კანონის პირობებში ცხოვრება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გასულ კვირას დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები საქართველოს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" და გაამკაცრა პასუხისმგებლობის ზომები წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე. კანონს პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება, რის შემდეგაც ძალაში შევა.

ოპოზიცია აღნიშნულ კანონპროექტს მკაცრად აკრიტიკებს, რადგან მათივე შეფასებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სანქციის გამკაცრება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად.