"საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: როდის დავლევ? - "დიდი დალევა" ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: როდის დავლევ? - "დიდი დალევა" ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის"

საქართველოში ყველაზე აქტუალური შეკითხვაა: როდის დავლევ? - "დიდი დალევა" ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 18 წლამდე მოსახლეობის აცრა ჯერჯერობით არ იგეგმება.

როგორც გამყრელიძემ მედია-ვებინარზე განაცხადა, საქართველო ამ საკითხის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლის სააგენტოს მიერ განხილვას დაელოდება.

"ეს საკითხი დაუშვა კანადამ. ჯერ მხოლოდ "ფაიზერზეა" კვლევები 12-დან 18 წლამდ ასაკის მოსახლეობაში. "ასტრაზენეკაც" ატარებს ამ კვლევებს. ალბათ შემოდგომამდე მაინც, სანამ ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო არ განიხილავს, ამაზე ჩვენთან საუბარი არ არის. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბავშვების აცრის გარეშე პანდემიას მსოფლიო ვერ დაამარცხებს. ისინი არიან ინფექციის ძლიერი გამავრცელებლები, ამიტომ, მოგვიწევს ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ ეს იქნება მოგვიანებით",- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გაყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი ალკოჰოლის მიღება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც მან დღეს გამართული ვებინარისას აღნიშნა, მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ.

"ეს არის საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხი - როდის დავლევ? ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, "დიდი დალევა" ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ, არ აქვს მნიშვნელობა, ზომიერების ფარგლებში, ისევე, როგორც ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლი ხშირად წამალია, ხოლო თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ, მოგეხსენებათ, პრობლემები შეიძლება გაჩნდეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში 2 კვირის წინ არსებული მონაცემებით, რეინფიცირების 5-მდე შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, განმეორებით ინფიცირება გახშირდა და ასეთი შემთხვევები მსუბუქად არ მიდის.

"ე.წ. საეჭვო რეინფიცირებაზე გვქონდა რამდენიმე ათეული შემთხვევა, დაახლოებით 50-ზე ზემოთ. შემდეგ გაფილტვრით ამ რიცხვმა დაიკლო და ნამდვილი რეინფიცირება 2 კვირის წინანდელი მონაცემებით, დადგინდა 3 თუ 5 შემთხვევა. კვლევაში კვლავ არის რამდენიმე ათეული შემთხვევა.

ტენდენცია გახშირდა და რეინფიცირების შემთხვევები არ მიდის მსუბუქად", - განაცხადა გამყრელიძემ.

"პოსტ კოვიდური სინდრომი უკვე სერიოზული პრობლემა გახლავთ და მას მეტი ყურადღება სჭირდება", - გამყრელიძის რეკომენდაციაა, კორონავირუსის გადატანის შემდგომ ადამიანებს მჭიდრო კონტაქტში ჰქონდეთ ოჯახის ექიმებთან მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, პოსტ კოვიდურ სინდომს 500 ადამიანზე თბილისის ინფექციური საავადმყოფო სწავლობს.

"მოგეხსენებათ, კოვიდი გაზაფხულის ეტაპზე მიიჩნეოდა საკმაოდ მსუბუქ დაავადებად, რომელიც არ ტოვებდა ხანგრძლივვადიან გართულებებს, შემდგომ ბევრი კვლევით უკვე დადგენილია და ტერმინი შემოვიდა "პოსტ კოვიდური სინდომი". ის უმრავლეს შემთხვევაში არ ვითარდება, უმეტესად მაინც სრული გამოჯანმრთელებაა, მაგრამ ეს საკითხი ძალიან დიდი ყურადღების ცენტრშია. ჯერ წინასწარ ვერ ვიტყვი მონაცემებს, ინფექციურ დაავადებათა ცენტრი, თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით, 500 ადამიანზე სწავლობს პოსტ კოვიდურ სინდრომს. ესენი არიან შემთხევვითი შერჩევის პრინციპით შერჩეული ადამიანები, რომ მონაცემები ვალიდური იყოს. მათი კვლევებისთვის სპეციალური პროტოკოლია შემუშავებული და ვფიქრობთ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინფექციური საავადმყოფო ამ მონაცემებს გამოაქვეყნებს. ზოგადად, პოსტ კოვიდური სინდრომი გახლავთ უკვე სერიოზული პრობლემა და მას მეტი ყურადღება სჭირდება. ამიტომ, ჩემი, როგორც ექიმის რეკომენდაცია გახლავთ, კოვიდის გადატანის შემდგომ ადამიანი უნდა იყოს მჭიდრო კონტაქტში თავის ოჯახის ექიმთან, სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და პერიოდულად კონსულტაციები ჰქონდეს ოჯახის ექიმთან. თუ საჭიროდ ჩათვლის ოჯახის ექიმი, შესაბამისი გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს", - განაცხადა გამყრელიძემ.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით