"ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე, ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა" - კვირის პალიტრა

"ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე, ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო ევროკავშირის თხოვნა"

საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რატომ მოხდა ორგანიზაციის ჩართვა საჭირო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდისას და სად ჩარიცხა ორგანიზაციამ აღნიშნული გირაო.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, საია პროცესში მონაწილეობას დათანხმდა იმიტომ, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის შეფასებით, "დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში".

"თქვენ ნახეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელობის განცხადება, რომ გადახდილია ნიკა მელიას გირაო, ხოლო ჩვენ გადავრიცხეთ ბიუჯეტში ეს თანხა იმისთვის, რომ გირაოთი შეცვლილიყო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა. ეს თანხა წამოვიდა "ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის", რომელიც თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის მიერ არის დაფუძნებული. ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს იმაში, რომ ეს თანხა მისულიყო ბიუჯეტამდე. ეს არ იყო საია-ს თანხა, ეს იყო მედიატორის, ევროკავშირის თხოვნა. შესაბამისად, ეს თანხა უკვე გადახდილია, ერთ საათზე მეტი ხნის წინ გადავრიცხეთ ბიუჯეტში. ჩვენი ეს მოქმედებები შეთანხმებული იყო ევროკავშირთან. ჩვენ ამაში მონაწილეობას დავთანხმდით იმიტომ, რომ დღეს საქართველო არის მნიშვნელოვან პოლიტიკური კრიზისის წინაშე, მნიშვნელოვან პოლიტიკურ კრიზისში ვართ. ეს კრიზისი დაიწყო დიდი ხანია და განსაკუთრებით გაღრმავდა საპარალმენტო არჩევნების შემდეგ. სიტუციის ესკალაცია გამოიწვია სწორედ ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებამ. სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის შემდეგ დავდექით ისეთი მოცემულობის წინაშე, რომ საჭირო გახდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა ამ პროცესში და მათი მონაწილეობით სიტუაციის განმუხტვა.

19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ჩვენ დავეხმარეთ მედიატორს, რომ ეს შეთანხმება სრულად იმპლემენტირებულიყო. მაშინ, როდესაც ევროკავშირს დასჭირდა ჩვენი დახმარება, რომ ეს თანხა გადახდილიყო, ჩავთვალეთ თავი ვალდებულად, რომ გირაოს თანხის გადახდაში დავხმარებოდით მედიატორს. შესაბამისად, ამ თანხამ გაიარა ორგანიზაციის ანგარიში და ჩვენი გავლით მოხვდა ბიუჯეტში", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურას სასამართლოსთვის მიმართვა დღესაც შეუძლია და ორშაბათსაც.

როგორც ნიკა სიმონიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, საია-მ ევროკავშირის მიერ გადახდილი გირაო 40 000 ლარი თბილისის სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა. კითხვაზე, უპრეცედენტოა თუ არა ფაქტი, როცა ჯერ გირაოს თანხას იხდიან და ამის შემდეგ მიმართავს პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით, სიმონიშვილი პასუხობს, რომ ნიკა მელიას საქმე გამონაკლისია.

"ორივე შესაძლებელია. ზოგადად, პირიქით ხდება, ჯერ შუამდგომლობა შედის სასამართლოში და შემდეგ გირაოს თანხა ირიცხება, თუმცა, ეს გამონაკლისი შემთხვევა იყო. პრინციპში, არ გვიკვირს, რადგან ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგადად, ეს პროცესი პოლიტიზირებული იყო და ყველაფერი ახალი, ამ პროცესებში ვნახეთ. აქედან გამომდინარე, ასე, რომ მოითხოვა პროკურატურამ, არ გვიკვირს, თუმცა, ეს არც კანონით არის აკრძალული. შესაძლებელია, დღესვე წავიდეს პროკურატურა სასამართლოში, შეიძლება ორშაბათსაც წავიდნენ, დღესვე ამის გაკეთების შესაძლებლობას პროკურატურას კანონმდებლობა აძლევს. ჩვენ ასეთი პრეცედენტი არ გვქონია, თუმცა, ეს გამორიცხული არ არის, ანუ შესაძლებელია, ასეთიც არსებობდა, მე არ ვამბობ, რომ ასეთი არ არსებობს, უბრალოდ, ჩვენ არ გვქონია, თუმცა, კანონით ეს შესაძლებელია, უბრალოდ, უფრო ლოგიკურია, ჯერ შუამდგომლობა შევიდეს და მერე შეიცვალოს განჩინება", - განაცხადა სიმონიშვილმა.

იხილეთ ვიდეო