"დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა" - კვირის პალიტრა

"დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა"

"ამ კანონის მიღება ულოგიკობა იყო, მით უფრო ახლა, როცა შერიგების, ოპოზიციის ნაწილის პარლამენტში შესვლისა და შარლ მიშელის დოკუმენტის რეალიზაციის პროცესში ვართ", - ამბობს ლევან იოსელიანი, რომელიც საკუთარი პარტიის პოზიციასა და სტრატეგიაზე უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- პრეზიდენტთან შეხვედრა მისი სურვილით გაიმართა. აინტერესებდა ჩემი აზრი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. ცვლილება სამ მუხლს ეხებოდა. აქედან ერთზე საკომიტეტო მოსმენაზე მივაღწიეთ კონსენსუსს და "ქართულ ოცნებას" 48-საათიანი საპატიმრო ვადა 24 საათამდე შევამცირებინეთ. დანარჩენ ორ მუხლზე, სადაც საუბარია საპატიმრო ქვედა ზღვრისა და საჯარიმო სანქციების გაზრდაზე, შედეგს ვერ მივაღწიე. ამ ცვლილებების საწინააღმდეგოდ პარლამენტში მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა - ერთი ჩემი, მეორე კი ალეკო ელისაშვილის.

- "გირჩის" წევრები ამბობენ, რომ კანონპროექტს არც მათ დაუჭირეს მხარი. - მესამე მოსმენაზე ჩვენ გარდა არავინ იყო, განხილვაში "გირჩი" არ მონაწილეობდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგი არ იყვნენ.

- ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პოლიციელს ერთი ზედმეტი ფურცლის ამობეჭდვით შეუძლია 24-საათიანი პატიმრობის ვადა 48-საათიანით შეცვალოს. - პოლიციამ უნდა დაასაბუთოს პირის, დამატებით, ანუ კიდევ 24 საათით დაყოვნება საპატიმროში. ეს უნდა ჩაიდოს საქმეში და წარედგინოს სასამართლოს. თუ დოკუმენტში აღწერილი გარემოება სიმართლეს არ დაემთხვა, სასამართლო ამას ადმინისტრაციული ორგანოს საწინააღმდეგოდ გამოიყენებს.

- როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც მიიწვია. რატომ ვერ დაარწმუნა ოპოზიციამ პრეზიდენტი ვეტოს უფლების გამოყენების აუცილებლობაში? - არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, მასთან საუბრისას დამრჩა შთაბეჭდილება, კარგად ესმოდა, რომ ამ კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობა არ არსებობდა. მე ნათლად ავუხსენი, რომ ჯარიმის ოდენობა უსამართლოდ დიდია. როდესაც მოქალაქეს 4.000 ან 5.000 ლარით აჯარიმებ, ის იძულებული ხდება სესხი აიღოს ბანკში, ამისთვის კი სახლი დააგირაოს და ერთ მშვენიერ დღეს თავშესაფრის გარეშე დარჩეს. სახელმწიფო არ უნდა უწყობდეს ხელს სოციალური ფონის დამძიმებას, მით უფრო პანდემიის დროს. დარწმუნებული ვიყავი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. მართალია, ვეტოს უფლება არ გამოიყენა, მაგრამ თქვა, რომ კანონი არ პასუხობს შარლ მიშელის შეთანხმების სულისკვეთებას. მე ეს განცხადება "ოცნებისთვის" ნაჩვენებ ყვითელ ბარათად აღვიქვი. ვფიქრობ, ამის შემდეგ ხელისუფლების მსგავს ინიციატივებს პრეზიდენტი მხარს არ დაუჭერს.

- ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა გადაიხადა. ამის შემდეგ პროცესების როგორ განვითარებას ელით? - "ნაცმოძრაობა" და ნიკა მელია არათანამიმდევრულები არიან, როდესაც "ამნისტიის შესახებ" კანონის უკან გამოთხოვას მოითხოვენ. პარლამენტში ორი საკანონმდებლო პროექტია ინიცირებული - ერთი ოპოზიციის, მეორე კი ხელისუფლების მიერ. ხელისუფლება ამნისტიის კანონს რომ არ გამოიწვევს, ვინმეს ეჭვი ეპარება? ოპოზიცია რას იზამს, არ ვიცი.

- არღვევს თუ არა დანიელსონის შეთანხმების სულისკვეთებას ამნისტიის უკან გამოწვევა? - რა თქმა უნდა. თუმცა დანიელსონის შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას ამნისტიაზე, ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ და ერთობლივად მოვახდინოთ "ამნისტიის შესახებ" კანონის ინიცირება. თუ ვერ ვთანხმდებით და ჩვენ-ჩვენი კანონპროექტები გვაქვს, ეს აღარ არის დანიელსონის შეთანხმებიდან გამომდინარე მოქმედება. შესაბამისად, მეც არა მაქვს არგუმენტი, რომ ან ხელისუფლების კანონპროექტს დავუჭირო მხარი, ან ოპოზიციის. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავუჭერ მხარს, თუ მხარეებს შორის კომპრომისული დოკუმენტი შედგება.

- თვითმმართველობის არჩევნებისთვის რა გეგმა გაქვთ? - ჯერ არა გვაქვს გადაწყვეტილი, მერობის კანდიდატი გვეყოლება თუ არა. თუმცა კამპანია აუცილებლად გვექნება. ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება თბილისზე, ჩვენ არა გვაქვს რეგიონებში გასვლის რესურსი. პოლიტიკაში ახალი მოთამაშეები შემოდიან, რაც პოლიტიკურ ლანდშაფტს მნიშვნელოვნად შეცვლის.

თუ როგორი კონფიგურაციით დაიწყებენ პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთთან კონსულტაციას, ეს ამომრჩევლის ინტერესებზეა დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია - საზოგადოებრივი კონსენსუსი უკვე არსებობს, პოლარიზებული სისტემა უნდა გაირღვეს და "ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის ახალი პოლიტიკური ცენტრი, უკეთეს შემთხვევაში, ცენტრები გაჩნდეს.

ხათუნა ბახტურიძე