შევხვდეთ ზაფხულს ტანწერწეტები
ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა წონის პრობლემებსა და ჯანსაღი კვების სიკეთეზე გვესაუბრება. ასევე გვასწავლის, როგორ უნდა გამოვთვალოთ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი.
- ზაფხული ახლოვდება, ყველას გვინდა, ტანწერწეტები და ჰაეროვნები ვიყოთ. როგორ დავიკლოთ სწორად და ეფექტიანად?
- გაზაფხული არის სეზონი, როდესაც ბევრი რამე ხდება ჩვენს ორგანიზმში. მეტაბოლიზმიც ჩქარდება და ორგანიზმი გამოფიტული ხვდება წლის ამ მონაკვეთს. ამას ემატება დიდი მარხვა. ზამთრის შემდეგ გამოფიტული ორგანიზმი და მარხვა ქმნის მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მარხვა რომელიმე სეზონზე არ არის მისაღები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, მარხვის პერიოდში რა და როგორ მივირთვათ, რომ ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ. ყველაზე დიდი პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც მარხვა მთავრდება და ორგანიზმი უნდა გადაეწყოს სხვა ტიპის კვებაზე. ამ დროს ბევრი არასწორად იქცევა, რასაც მოჰყვება ხოლმე გართულებები და უპირველესად აისახება კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. მწვავდება ქრონიკული დაავადებებიც. მდიდარმა სააღდგომო სუფრამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპერტენზიაც. ამიტომ ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ ორგანიზმი საკვებს. თავდაპირველად ავირჩიოთ მსუბუქი პროდუქტი.
- რომელ პროდუქტს გულისხმობთ? - მაგალითად, რძის პროდუქტი, მასში შემავალი სასარგებლო ბაქტერიები ქმნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას და აღადგენს იმ პროცესს, რომელიც გაზაფხულზე ირღვევა ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის გამო. რამდენიმე დღის შემდეგ შეგვიძლია რაციონში ჩავრთოთ ხორცის პროდუქტები, რათა ორგანიზმს მივაწოდოთ რკინა და B ჯგუფის ვიტამინები, თუმცა ასეთი თანამიმდევრობის დაცვა ძნელია, მით უფრო, რომ აღდგომის დღესასწაულზე შეუძლებელია თავი შეიკავო უგემრიელესი პასქისგან. ამიტომაც იმატებს ბევრი წონას ამ პერიოდში, მერე კი იღებენ რადიკალურ გადაწყვეტილბებეს, რაც უფრო მძიმედ გადასატანია ორგანიზმისათვის. ყველაფრის ერთბაშად შეზღუდვა იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ამიტომ კვების რაციონში საჭიროა როგორც რაღაც პროდუქტების დამატება, ასევე - გამოკლებაც. ამასთან, აუცილებელია ვიკვებოთ მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად. მნიშვნელოვანია, შევზღუდოთ ნახშირწყლები, რადგან ადვილად შეიწოვება და თუ მას ფიზიკური აქტივობის დროს ვერ ვხარჯავთ, გარდაიქმნება ცხიმად. გაზაფხულზე შემოდის დაბალკალორიული ახალი ბოსტნეული და ხილი, რომლებიც მინერალებითა და ვიტამინებით არის სავსე და აორმაგებს ნივთიერებათა ცვლასა და მეტაბოლიზმს. ამ დროს სწორედ ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვათ მათში შემავალი დიდი რაოდენობით უჯრედისის გამოც, რომელიც მალე იწვევს კუჭსავსეობას და გვეხმარება, ნაკლები საკვებით მოვახერხოთ კალორაჟის შემცირება. დღის განმავლობაში უნდა მივირთვათ ყოველ სამ საათში ერთხელ, ოღონდ კვებიდან კვებამდე არ უნდა "ვისმუსნაოთ", თუმცა შეგვიძლია უშაქრო ყავა და ჩაი ვსვათ.
როდესაც ვხვდებით, რომ ძალიან გადავაჭარბეთ კალორაჟს, შეგვიძლია ორი-სამი დღე დავიცვათ მონოდიეტა, მაგალითად, მივირთვათ მხოლოდ ხილი, ან მხოლოდ ბოსტნეული, ან მათი კომბინაცია რძესთან. შედეგად ჩვენი ორგანიზმი განიტვირთება და ზედმეტი კალორაჟიც დაიკარგება. არ უნდა დაგვავიწყდეს წყალი. დღიური ნორმაა 1,5-2 ლიტრი, ოღონდ ამ დროს საკვები უნდა იყოს უმარილო, რათა არ დაიწყოს წყლის შეკავება და არ გამოვიწვიოთ ქსოვილთა შორის შეშუპება. მარილში არსებული ნატრიუმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, მაგრამ ჩვენ ისედაც ვიღებთ მას ხილის, ბოსტნეულის, სხვადასხვა პროდუქტისგან. თუ მარილს ვერ ველევით, მცირე რაოდენობით გამოვიყენოთ.
- ბევრი ამბობს, რომ ჰიმალაის მარილი უფრო სასარგებლოა... - ჰიმალაის მარილის სიმლაშე, ნატრიუმის ნაცვლად, კალიუმით არის განპირობებული, კალიუმის გამო კი ორგანიზმში წყალი არ შეკავდება, მაგრამ ჰიმალაის მარილს, სუფრის მარილისგან განსხვავებით, თავისი გამოყენების წესი აქვს - ის კერძს მომზადების შემდეგ უნდა დავუმატოთ, თუმცა ჩვენ სუფრის მარილთან დაკავშირებითაც ამასვე ვურჩევთ ყველას. კერძის მომზადების დროს სიმლაშე უფრო მალე განეიტრალდება და უფრო მეტი მარილის გამოყენებაც გვიწევს, ანუ ჩვენს ორგანიზმში მეტი ნატრიუმი შედის, მაშინ კი, როცა მარილს საკუთარ თეფშზე ვიყრით, ნატრიუმის სიმძაფრე უფრო შეიმჩნევა და მარილსაც ნაკლებს ვიყენებთ.
- ბევრი მხოლოდ უსაფუვროდ გამომცხვარ პურს ყიდულობს, ბევრი კი პურს საერთოდ იღებს რაციონიდან. რომელია სწორი?
- თუ ჩვენ ბურღულეულს ვიღებთ, მაგალითად, მივირთმევთ წიწიბურას, შვრიას და ა.შ. პურის გამოყენება აუცილებელი აღარ არის. თუ მარცვლეულს არ მივირთმევთ, მაშინ შეგვიძლია მივირთვათ ჭვავის და უსაფუვრო პური. ჯანსაღი კვების რაციონში პურსაც თავისი ადგილი უჭირავს. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ჯანსაღი კვების რაციონზე, ვგულისხმობთ შეზღუდვას და არა - აკრძალვას.
- ხშირად ამბობენ, რომ ყველაფერი უნდა ჭამო მხოლოდ მოხარშული და არაფერი - შემწვარი. სანდოა ეს რეკომენდაცია? - მოხარშული პროდუქტი უფრო სასარგებლოა, ისევე, როგორც უმი, მაგრამ უგემურად მიიჩნევა. თუ პროდუქტს შევწვავთ გრილზე, განსხვავება მოხარშულსა და ასე მომზადებულს შორის თითქმის არ არსებობს. მთავარია, არ იყოს მეტისმეტად შემწვარი, მოხრაკული.
- ხშირად ცილოვან დიეტას იცავენ და ამბობენ, რომ ეს ხელს უწყობს წონის სწრაფად დაკლებას. ასეა? - ცილოვანი კვება შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯანსაღი კვების დროსაც, პერიოდულად მონოდიეტების სახით ან თუნდაც სეზონურად, თუმცა ცილოვან კვება შეიძლება მხოლოდ 6-8 დღის განმავლობაში და ამ დროსაც უნდა დავაბალანსოთ ცხოველური და მცენარეული ცხიმები, რომ ზიანი არ მივაყენოთ ორგანიზმს, განსაკუთრებით - შარდსასქესო სისტემას, თირკმელს, რომელმაც უნდა გაფილტროს ეს ცილები.
ხშირად ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი კილო ხარ, მთავარია, შენ იგრძნო თავი კომფორტულად და ლამაზად. შეიძლება ზედმეტ 4-6, მაქსიმუმ 7 კილოგრამს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ ჭარბ წონაზე ჩვენი სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით, უკვე ვლაპარაკობთ სიმსუქნეზე, როგორც ჯანმრთელობის პრობლემაზე, ჭარბი წონა კი დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს.
- როგორ უნდა გამოვთვალოთ ჩვენი სხეულის მასის ინდექსი? - ჩვენი წონა (კგ) უნდა გავყოთ ჩვენი სიმაღლის კვადრატზე. მიღებული ციფრი არის ჩვენი სხეულის მასის ინდექსი. 18-დან 25-მდე ნორმალური მაჩვენებელია, 25-დან 30-მდე არის ჭარბი წონა, ხოლო 30-ის ზემოთ უკვე სიმსუქნეა, რომელსაც თავისი ხარისხები აქვს: 30-დან 35-მდე - პირველი ხარისხის, 35-40 - მეორე ხარისხის, 40-45 - მესამე ხარისხის, ხოლო 45-ს ზემოთ გახლავთ მორბიდული სიმსუქნე, რომელიც ქირურგიულად სამკურნალოა. ამ დროს დაახლოებით 170 სახის დაავადება შეიძლება გაჩნდეს. მათგან უპირველესია შაქრიანი დიაბეტი და შემთხვევათა 80% სიმსუქნესთან არის დაკავშირებული.