"რუსეთს მის ენაზე - სანქციებით უნდა ესაუბრო"
"ამერიკა ცდას არ დააკლებს, რუსეთს ისე მოექცეს, როგორც იმსახურებს"
ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი, საბჭოთა კავშირის სპეციალისტი პოლ გობლე სამხრეთ კავკასიაში ვითარებას ყურადღებით ადევნებდა თვალს და თავადაც მონაწილეობდა სამუშაო შეხვედრებში. ამერიკელი ექსპერტი საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას აფასებს.
- ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია დიდი ნაბიჯია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაში თუნდაც იმიტომ, რომ ბაიდენი რუსეთთან თავის წინამორბედზე ბევრად ხისტია.
ვფიქრობ, ამერიკა მოკავშირეებთან ერთად მკაფიო მესიჯებს გაგზავნის მოსკოვში, რათა კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ ეს ქვეყნები მარტო არ არიან, რომ ენამოჩლექით საუბარი დასრულდა და საჭიროების შემთხვევაში ისინი ერთად იმოქმედებენ - ანუ რუსეთის ენაზე რომ გადავთარგმნოთ, ბაიდენმა თქვა, რომ არ დატოვებს რუსეთის პირისპირ იმ ქვეყნებს, რომელთაც კრემლში უკანა ეზოდ მიიჩნევდნენ, რადგან საქართველოც და უკრაინაც მნიშვნელოვანია ვაშინგტონისთვის, საზოგადოდ, დასავლეთისთვის.
არის რეალობა, რომელიც კრემლმა უნდა მიიღოს და შეეგუოს. ეს არის სინამდვილე, რომლითაც ყველა მოიგებს პუტინის გარდა, საქართველო კი უნდა მიჰყვეს იმ გზას, რომელიც უკვე აირჩია და თანამიმდევრულად გაიაროს, რათა გაამართლოს დასავლეთის მხარდაჭერა. ბაიდენის ადმინისტრაცია რომ აქტიურად ჩაერევა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საქმეებში, ეს უკვე გამოჩნდა, თუნდაც საქართველოს შიდა საკითხებით დაინტერესებისას - ამერიკას სურს მოკავშირე ქვეყნებში პროცესები დემოკრატიულად განვითარდეს, ამისთვის კი ამ ქვეყნებისგანაც სჭირდება მხარდაჭერა. ვფიქრობ, ქართველმა საზოგადოებამ აჩვენა, რომ ეს გაცნობიერებული აქვს და მისი მომავალი დასავლური დემოკრატიაა. საზოგადოებას აქვს გავლენა პოლიტიკოსებზე, რაც ბოლო პროცესებში მკაფიოდ იგრძნობოდა და ეს კარგ მოლოდინს აჩენს.
- ხშირად ისმის კითხვა: რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოსა და უკრაინისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში?
- ვფიქრობ, ორივე ქვეყანა გახდება ნატოს ალიანსის წევრი... ყარაბაღის ბოლო ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში გვაქვს ახალი რეალობა, რომელიც დასავლეთის გავლენას საფრთხეს უქმნის, რადგან მოსკოვმა იქ თავისი ჯარისკაცები შეიყვანა. არ ველოდები, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ბაიდენის პრეზიდენტობის პირველივე წელს გახდებიან, მაგრამ ვიცი, მის გარემოცვაში არიან გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ზედმიწევნით იცნობენ სამხრეთ კავკასიის რეალობას და თვლიან, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრება იქ დემოკრატიის განვითარებისა და მათი რუსეთისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
- ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ოკუპირებული რეგიონების საკითხი გადაწყდეს? - ამერიკა ყოველთვის მხარს დაუჭერს მოკავშირე ქვეყნებს - საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ხოლო უკრაინას ანექსირებული ყირიმის საკითხის მოგვარებაში.
მოსკოვმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის წესები და ეს არ უნდა შერჩეს, ყველა ტრიბუნიდან უნდა შევახსენოთ, რომ ოკუპანტია. ეს უნდა აისახებოდეს ქმედებებშიც, მკაცრ სანქციებში, სხვა ქვეყნების დამოკიდებულებაში. ამერიკის პრეზიდენტი ხშირად საუბრობს ამაზე. მოჰყვება თუ არა ამას ქმედითი ცვლილებები, თქმა ძნელია, რადგან საქმე გვაქვს რუსეთთან, რომელსაც "ჩაბღაუჭების სინდრომი" სჭირს. მაგალითად, პუტინმა ყირიმის ანექსია მოახდინა რუსეთის დიდების დასაბრუნებლად, თუმცა იქ შექმნილ ეკონომიკურ პრობლემებს კი არა, ყოფით საკითხებსაც ვერ აგვარებს - ყირიმის მოსახლეობას დღემდე წყალი გრაფიკით მიეწოდება. ამიტომ იქ უკვე ანტირუსული განწყობა ძლიერდება.
ისინი, ვინც რუსულ პროპაგანდას დაუჯერეს, ნანობენ, რომ 2014 წლის საომარ მოქმედებებში რუსეთს მხარი დაუჭირეს. ასეთივე პრობლემებია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. თუმცა, სანამ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, ის არ დათმობს ყირიმს, თუნდაც ახალი ომი დასჭირდეს უკრაინასთან. ეს რეგიონები რუსეთისთვის "უსახელურო ჩემოდნად" იქცა, მაგრამ მაინც არ თმობს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია - უნდა გაიზარდოს როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური წნეხი. ზეწოლა არის წინა პირობა იმისა, რომ კრემლმა მეზობელ ქვეყნებში პოლიტიკა შეცვალოს. ბაიდენის ადმინისტრაცია პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთის ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას შესაბამისი პასუხი მოჰყვება და შესაძლებლობას არ უშვებს ხელიდან რუსეთის გარშემო წრე შეავიწროოს. ამერიკა ოკუპირებული რეგიონების შესახებ თავის პოზიციას არასდროს შეცვლის და არც ცდას დააკლებს რუსეთს ისე მოექცეს, როგორც იმსახურებს.
- კიევში ვიზიტით მყოფმა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ ამერიკა მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტს. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა? - რუსეთმა 10 000-ზე მეტი სამხედრო გადაისროლა უკრაინის საზღვარსა და ოკუპირებულ ყირიმთან მასშტაბური სამხედრო სწავლების საბაბით, შემდეგ ისინი მუდმივ ბაზაში დააბრუნა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ომის საფრთხე არ გამქრალა.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტექნიკა გაყვანილია, შავ ზღვაში რუსული სამხედრო ძალა ისევ არის, თანაც იმაზე მეტი, ვიდრე თუნდაც გასულ თვეს იყო. ვფიქრობ, იმ მანევრით რუსეთმა თავისი შეიარაღებული ძალების დემონსტრირება გამართა და ომისთვის გენერალური რეპეტიცია გაიარა. ასე რომ, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. ვფიქრობ, ამის გაგრძელებაა ისიც, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთმა "შავ სიაში" შეიყვანა ამერიკა, ბრიტანეთი, კანადა, ავსტრალია, ის ქვეყნები, რომლებმაც სანქციები დაუწესეს.
რუსეთი ლამის მსოფლიოს მესამედს მტრად აღიქვამს, თითქმის ყველა მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა გაფუჭებული აქვს. ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ვითარება ბელარუსში. არ არის გამორიცხული, ლუკაშენკოს უფრო გაუმკაცრონ სანქციები. თუმცა საქმე ის არის, რომ ლუკაშენკოს წასვლით ბელარუსში კრიზისი ვერ აღმოიფხვრება - ჩვენ მოგვიწევს ახალი ბელარუსის მშენებლობის მომსწრენი გავხდეთ. ხალხი არ დაიღალა ბრძოლით და ყოველდღე აჩვენებს მსოფლიოს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში სურს ცხოვრება.
პუტინმა უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების თავმოყრით დასავლეთის რეაქცია შეამოწმა და მიხვდა (იმედია), რომ დასავლეთი, განსაკუთრებით კი ამერიკა, არ აპირებს უკრაინა რუსეთის პირისპირ დატოვოს. რუსეთს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალ რეალობასთან შეგუება უჭირს. ამის დასტური იყო თუნდაც დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის შექმნა. მოსკოვს ეგონა, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ურთიერთობას დაალაგებდა და მათ გაერთიანებაში, უფრო სწორად, ერთმანეთზე მიბმაში, მთავარ როლს ითამაშებდა. თუმცა გამორჩა ერთი რამ - დროის დინებასთან ერთად რაღაცები ფუნქციას კარგავს. დსთ-მაც გავლენა და წევრები თანდათან დაკარგა. რამდენიმე ქვეყანამ კავშირი დატოვა, თუმცა ის დღემდე ცდილობს მათთან ჩრდილოვანი კავშირები ჰქონდეს, იქ რბილი ძალის გამოყენებით იმუშაოს... უფრო გაფართოვდება სანქციების სია, რუსეთს მისივე ენაზე - სანქციებით უნდა ესაუბრო.