"ოცნებამ" მიზანს მიაღწია - "ნაცმოძრაობა" ქუჩაში დატოვა
"უკრაინისა და საქართველოს გამო რუსეთს ომს არავინ დაუწყებს"
თვითმმართველობის არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე ისევ აქტუალურია შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის დახმარებითაც დაპირისპირებულმა მხარეებმა პოლიტიკური კრიზისი დასძლიეს, თუმცა პრობლემები არ ამოწურულა. ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს.
- პოლიტიკური სურათი ასეთია - ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა იმაზე მეტი ისწავლა, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ეგონათ. ნაწილი ძალიან დაიღალა მათი მუდმივი, მაგრამ უშედეგო კინკლაობით და დეტალები სულ არ აინტერესებს. მიშელის დოკუმენტის დანიშნულება ის იყო, რომ დასავლეთმა დაპირისპირებული მხარეები შეარიგა, რის შედეგადაც ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. სხვა დეტალები ნაკლებად საინტერესოა და ეს იგრძნობა კიდეც - დიდი ხანია 15 მაისის გრანდიოზულ აქციაზე არაფერი გვსმენია... რაც შეეხება მელიას, გასაგებია, რომ "ნაციონალები" ცდილობენ ის ციხიდან თავისი პირობებით გამოვიდეს და "ოცნებამ" მისი დაპატიმრება აქეთ მოინანიოს, მაგრამ მმართველი გუნდი ამის საშუალებას არ მისცემს, მას სურს მელიამ ისე დატოვოს საპატიმრო, როგორც შეწყალებულმა დამნაშავემ.
ევროკავშირმა გადაიხადა მელიას გირაო, რაზეც თავად დათანხმდა და აქ შეიქმნა კომიკური სიტუაცია - "ნაციონალებს" "ოცნებასთან" დათმობაზე წასვლა, ფაქტობრივად, მარცხი ჰგონიათ, ახლა კი ცდილობენ ისე წარმოაჩინონ, თითქოს საზოგადოებას, ამომრჩეველს თავმოყვარეობა შეელახა.
მნიშვნელოვანია დასავლეთის პოზიციაც, რომლის დამოკიდებულებაც ნათელი გახდა იმ განცხადების შემდეგ, მელია გამოვიდოდა თუ არა, მასზე იყო დამოკიდებული - ანუ თუ ევროკავშირის გადახდილი გირაოს შემთხვევაშიც არ გამოვიდოდა, მაშინ ევროკავშირიც დაიღლებოდა "ნაციონალების" სიჯიუტით და ყველაფერს ისე დატოვებდა, როგორც არის.
"ნაცმოძრაობამ" ვერც ამ რაუნდში მიაღწია შედეგს - მელიას საქმეც, ასე თუ ისე, უხმაუროდ მოგვარდა - ანუ ეს რაუნდიც წაგებული აქვთ. ახლა ისღა დარჩენიათ ვითარებიდან შედარებით ღირსეულად გამოძვრნენ. თუმცა, მაინც არა მგონია, ასე იოლად დანებდნენ. ვფიქრობ, კარგა ხანს ისევ ქუჩაში დარჩებიან იმის იმედით, რომ "ქართული ოცნება" რამე სისულელეს ჩაიდენს, რასაც საპროტესტო აქცია და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება.
- ახალი პოლიტიკური პარტიებიც გამოჩნდნენ. რომელ ძალას აქვს ყველაზე კარგი სასტარტო პირობები? - ოპოზიციური პარტიებიდან, მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე კარგი სასტარტო პირობები აქვს "ნაცმოძრაობას", რადგან ამომრჩევლის თითქმის ნახევარი მილიონი თუ არა, სამასი ათასი მაინც ჰყავს. ბოლო დროს ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს და ამომრჩევლის რაოდენობა შემცირდებოდა, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ სასტარტო პირობები კარგი აქვს, თუმცა, თუ მის მთავარ მიზანს, "ოცნების" დამარცხებას გავითვალისწინებთ, ეს საკმარისი არ არის.
შესაბამისად, უნდა ვიმსჯელოთ, ვინ არის პერსპექტიული ახალი მოთამაშე. რადგან ბოლომდე არ ჩანს გიორგი გახარიას გეგმა, მისი რესურსი და პოტენციალი ინტრიგად რჩება. საინტერესოა, როგორ გუნდსა და პროგრამას წარმოადგენს. დანარჩენთან ყველაფერი გარკვეულია, ტელეეთერში რომ გამოჩნდებიან, უკვე ვიცით, ვინ რას იტყვის. თუ გახარია მნიშვნელოვან შედეგს ვერ მიიღებს, მოთელვა მაინც იქნება, რადგან მთავარი ბრძოლა მაინც საპარლამენტო არჩევნებია და, მგონი, ლოგიკურია, რომ არ ჩქარობს. ასე რომ, "ოცნებამ" გამარჯვებას მიაღწია და დასავლეთის მოწონებას იმსახურებს. მან ყველა ნაბიჯი გადადგა გამარჯვებულის იმიჯისთვის - საბოლოოდ რამდენიმე პარტია შევიდა პარლამენტში. "ოცნებამ" მიზანს მიაღწია - დატოვა ქუჩაში მთავარი მოწინააღმდეგე, რომელიც დამაჯერებლად არ გამოიყურება.
- ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი პარტია გამოჩნდა, ლევან ვასაძემ დააფუძნა "ერი", რომლის შესახებაც სხვადასხვა ვერსია გაჩნდა. ისიც ითქვა, რომ რუსეთის პროექტია...
- ვასაძის პარტია "ერთობა, რაობა, იმედი", გამორიცხული არ არის, რუსეთის პროექტი იყოს, თუმცა შეთქმულების თეორიებმა უკვე კომიკური სახე მიიღო და ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებ. ზოგ კრიტიკოსს უყვარს ფილმებში სიმბოლოებისა და დაფარული მესიჯების ძებნა, იგივე ხდება პოლიტიკაშიც - სულ რაღაც ფარულს ვეძებთ, არადა, როგორც იტყვიან, სიგარა ზოგჯერ მხოლოდ სიგარაა. ჯობს, ფაქტებით ვიმსჯელოთ - ვასაძეს ნამდვილად აქვს განსხვავებული შეხედულებები, უფრო სწორად, აკვიატებები და შესაძლებელია, პოლიტიკაში თავისი ნებით მოვიდა. სხვა საკითხია, რამდენად მზად არის პოლიტიკური სურათის შესაცვლელად. მისი ელექტორატის ხმებზე ნადირობენ სხვა პარტიებიც, მათ შორის "ოცნებაც". თუმცა მთავარია, დაფინანსება და თუ დავსვამთ კითხვას, რა განაპირობებს ამა თუ იმ პარტიის წარმატებას, ლოგიკური პასუხია - ფული.
არა მგონია, ვასაძეს იმდენი ფული ჰქონდეს, თუნდაც ულტრაკონსერვატორების ხმებზე მომუშავე "ოცნებას" მხარდამჭერები წაართვას...
- საგარეო მიმართულებებზეც გკითხავთ - რუსეთმა "შავ სიაში" ამერიკას, კანადასა და ბრიტანეთთან ერთად, საქართველო და უკრაინაც შეიყვანა. ამ ვითარებაში შესაძლოა ამერიკამ და დასავლეთმა მოკავშირე საქართველოს უსაფრთხოების დაცვა უფრო გააძლიეროს? - რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა ნამდვილად არის, მაგრამ ისინი ტერორიზმის, ფუნდამენტური ისლამის წინააღმდეგ თანამშრომლობენ. რუსეთის "შავი სია" არის პასუხი სანქციებზე, რითაც ის ცდილობს დასავლეთთან თავისი თამაშის წესები დაამკვიდროს, რაც დიპლომატიური პროტოკოლის ჩარჩოებში მიმდინარეობს. ამის გამოხატულებაა დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე, სხვადასხვა ქვეყნიდან რუსეთის ელჩებისა და დიპლომატების გამოძევება. თუმცა
ევროპა და რუსეთი მნიშვნელოვან პროექტებში კვლავაც თანამშრომლობენ, შენდება "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის გაზსადენი. მეტიც, ბაიდენმა დიდი შვიდეულის შეხვედრის დასასრულს განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრას სულმოუთქმელად ელოდება, რითაც შანსი მისცა რუსეთს დაალაგოს ამერიკასთან ურთიერთობა. ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა და უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა. კარგი იქნება, თუ ამერიკა უკრაინას სტატუს-კვოს შენარჩუნებაში მაინც დაეხმარება - ვგულისხმობ იმას, რომ მეტი ტერიტორია მაინც არ დაკარგოს...
არადა, უკრაინა დიდი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის ქვეყანაა. თუმცა მუდმივად დასავლეთის დახმარების იმედადაა. ოდესღაც თავად უნდა მოახდინოს მობილიზაცია. მანამდე კი, კარგი იქნება, თუ მეტ ტერიტორიას არ დაკარგავს, თორემ არავის აქვს ილუზია, რომ დასავლეთი უკრაინას ყირიმსა და დონბასს დაუბრუნებს, რუსეთთან ამის გამო არავინ იომებს. უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინისა და საქართველოს გამო რუსეთს ომს არავინ დაუწყებს, ფხა ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ...
- ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკა სამხრეთ კავკასიაში ბრუნდება. რაში გამოიხატება ეს?
- სამხრეთ კავკასიაში ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ ახალი თამაშები დაიწყო, რეგიონში ძლიერდება თურქეთი. ის დასავლეთთან ალიანსში იქნება, რუსეთს გაურიგდება თუ დამოუკიდებლად ითამაშებს, მისი პოზიცია გასათვალისწინებელია. ბოლო დროს რუსეთთან თურქეთის დაპირისპირების ნიშნები არ იკვეთება, პირიქით, რუსეთი რეგიონში ისევ ყველაზე ძლიერი მოთამაშეა - სამი სამხედრო ბაზა განათავსა ყარაბაღში სამშვიდობოების სახით. მართალია, სომხეთში ანტირუსულმა განწყობამ იმატა, თუმცა ერევნისთვის უპირველეს მტრებად ისევ თურქეთი და აზერბაიჯანი არიან, მათთან ურთიერთობის დალაგების გარეშე რუსეთს სომხეთიდან ვერ გაისტუმრებენ. ეს კი იოლი არ არის. პოლიტიკური გავლენა ამერიკას უფრო ძლიერი აქვს, მაგრამ იქ ბაზები არა აქვს... ამ ვითარებაში საქართველომ დასავლეთისგან შესაძლოა პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო დახმარება მიიღოს. თამამი სურვილია, მაგრამ კარგი იქნებოდა ამერიკული სამხედრო ბაზების მშენებლობა. ამიტომ რეალისტურია სამხედრო ბაზების შეიარაღების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. სხვა მხრივ, ახალ სტატუსს არ ველი, ნატოსთან პარტნიორობის უამრავი სტატუსი გვაქვს მიღებული, თუმცა ეს ვითარებას ვერ ცვლის - საქმე საქმეზე რომ მიდგება, ნატოში მაინც ვერ გვიღებენ.
- ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ახსენეთ, მათ შორის იყო ანაკლიის პორტი, რომელიც ჩავარდა...
- დიახ, თუმცა ვერ დავიჯერებ, რომ პორტის ჩავარდნის მიზეზი საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის ზეწოლა იყო. როდესაც მოსკოვი რაღაც მსგავსს გეგმავს, აშკარად იმუქრება, თუ კარასინის განცხადებას არ ჩავთვლით - მანდ პორტის აშენებასა და ამერიკული გემების შემოყვანას მართლა ხომ არ აპირებთო, სხვა არაფერი მახსენდება. არადა, ამერიკული წყალქვეშა გემის შემოყვანა ნამდვილად არ იგეგმებოდა, კომერციული პროექტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ვაი-ვიში ატყდა, ანაკლიაში ამერიკული ბაზა უნდა ჩადგესო. ვფიქრობ, ამ პროექტის ჩავარდნა შიდაპოლიტიკურმა დაპირისპირებამ განაპირობა.