"ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია" - ვის მოიაზრებს პოლიტიკურ პარტნიორებად სალომე სამადაშვილი - კვირის პალიტრა

"ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია" - ვის მოიაზრებს პოლიტიკურ პარტნიორებად სალომე სამადაშვილი

პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი პარტნიორებად "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს" მოიზარებს.

როგორც სამადაშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, პროდასავლური ფლანგის გაძლიერების გარეშე ბიძინა ივანიშვილის საბოლოოდ დამარცხება გაუჭირდებათ.

"ჩემს პოლიტიკურ პარტნიორებად მოვიაზრებ როგორც "ლელოს", ასევე "სტრატეგია აღმაშენებელს" და იმ პროდასავლურ პოლიტიკურ აქტორებს, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ შევხედოთ ჩვენს რეალობას, საარჩევნო ფორმულას", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობიდან" მის წამოსვლას და დოკუმენტზე დამოუკიდებლად ხელმოწერას, როგორც სამადაშვილი ამბობს, ნიკა მელიას მისთვის არ უთქვამს, რომ ამის გამო ნაწყენია და მასთან შეხვედრისას "ბევრი დრო ხუმრობას დაუთმეს". მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დოკუმენტზე ხელის არმოწერა საერთაშორისო თვალსაზრისით "მაინცდამაინც პოპულარული ნაბიჯი" არ იყო.

"ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნაწყენია. ნიკამ იცის კარგად, რომ შეთანხმების მოტივაცია იყო, რომ ნიკას და გიორგის საპატიმრო დაეტოვებინათ",- განაცხადა სამადაშვილმა.

"ჩვენ არავისთან გავბუტულვართ - ხელმომწერებმა ჩვენი თავი გავდეთ ხიდად იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსვლა დაგვეწყო, მაგრამ დაუმსახურებელი კრიტიკის ობიექტები გავხდით", - სამადაშვილი იმედოვნებს, რომ "ნაციონალური მოძრაობაც" მოიქცევა ისე, როგორც უნდა მოიქცეს". მისივე თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რესურსი ამოწურული იყო და ოპოზიციამ მაქსიმალური შედეგი მიიღო.

"რესურსი იყო ამოწურული, ჩვენ მაქსიმალური მივიღეთ და ეს მაქსიმუმი ჩვენ მივიღეთ რა პირობებში - ევროპამ თითი დაუქნია, სანქციებით, მაკროფინანსური დახმარების შემცირებით დაემუქრა ხელისუფლებას და მეორე მხრივ, კობახიძე ვაშინგტონში წავიდა და იქ მიიღო გზავნილები, რომლის შემდეგაც შეცვალა "ქართულმა ოცნებამ" პოზიცია, თორემ იმ საბოლოო დოკუმენტზეც ხელის მოწერა არ სურდა", - განაცხადა სამადაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, რომ მოლაპარაკების პროცესში 20-21 ივნისის დაზარალებულებს არ შეხვდა.

"მე არ მეშინია საუბარი შეცდომებზე. მე ჩემს შეცდომად მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების პროცესში არ შევხვდით და არ ვესაუბრეთ 20-21 ივნისის დაზარალებულებს. იმედი მაქვს, ეს შეხვედრა შედგება. კონკრეტული მოსაზრებები გვაქვს, რომელიც იმედი მაქვს, მათთვის საინტერესო იქნება", - განაცხადა სამადაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს, სამადაშვილი იმედოვნებს, რომ დღეს ეს საკითხი სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდება.

"იმედი მაქვს, დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს დასრულდება. ეს არა მხოლოდ შეთანხმების წარმატებაა, არამედ ყველას წარმატებაა, ვინც ამ ბრძოლაში იყო. ჩვენ დღეიდან გვეყოლება პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ერთით ნაკლები ადამიანი და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი. გირაოს გადახდა იმდენად უპრეცედენტო რამეა, მსოფლიო პრესაშიც კი დაიწერა. ასეთი რამე არ მომხდარა",- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა შეთანხმების სხვა ნაწილებზეც, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე და აღნიშნა, რომ "ქართიული ოცნების" ადგილზე ინტერესი ექნებოდა, რომ თამარ ჟვანია ადგილობრივ არჩევნებამდე შეიცვალოს.

"მათ ინტერესებშიცაა, რომ ნდობის საკითხის თვალსაზრისით ასეთი დისკრედიტირებული პირი არჩევნებზე ხელმძღვანელი პირი არ იყოს. მაგრამ, ის ცვლილებები, რაც ახლა მიმდინარეობს, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე პერსონის შეცვლა",- განაცხადა სამადაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"