"ციხეს უკანა კარი რომ ჰქონდეს, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა - პოლიტიკური პროექტი, რომ გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა" - კვირის პალიტრა

"ციხეს უკანა კარი რომ ჰქონდეს, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა - პოლიტიკური პროექტი, რომ გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა"

"ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, ნიკა მელია იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი სიტყვის გადათქმა არაერთხელ მოუწია და ამჯერადაც, ასე მოიქცევიან, კერძოდ, მელიას გათავისუფლების შემდეგ, სავარაუდოდ, ისინი ხელს მოაწერენ შეთანხმებას და პარლამენტში შევლენ.

"პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს, შემდგომ იძახდა, რომ არ მიიღებდა გირაოს, მაგრამ უწევს ამაზეც დათანხმება და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ასევე დათანხმდება ამნისტიის კანონსაც. შესაბამისად, მან თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა, ვინაიდან მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, რომ ნიკა მელია გმირად შერაცხულიყო, წყალში ჩავარდა,"- განაცხადა ამილახვარმა.

რაც შეეხება ამნისტიის პროექტს, როგორც ამილახვარი აცხადებს, გირაოს თანხა აღკვეთ ღონისძიებას უკავშირდება, ხოლო ამნისტია მელიას მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულის პატიებას გულისხმობს, ამასთან, ის არ უკავშირდება მხოლოდ მელიას, ამდენად "ქართული ოცნება" მას მაინც მიიღებს. ამილახვარი იმედს გამოთქვამს, რომ ამნისტიაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების მოსაზრებები შეჯერდება.

"ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ, რომ ხედვები, რომელსაც მიშელის დოკუმენტი ასახავს, თანხვედრაში მოვიყვანოთ ოპონენტების მიერ დაინიცირებულ ვერსიასთანაც. თუმცა, თუ ეს ასე არ მოხდა, "ქართულ ოცნებას" აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ რაც შეთანხმების დოკუმენტშია, სწორედ იმ პრინციპების დაცვით მივიღებთ ამნისტიის პროექტს,"- განაცხადა ამილახვარმა.