"საარჩევნო რეფორმა ისტორიული და რევოლუციურია, ამიტომ ამის "თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია" - კვირის პალიტრა

"საარჩევნო რეფორმა ისტორიული და რევოლუციურია, ამიტომ ამის "თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია"

"მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმა ისტორიული და რევოლუციურია, ამიტომ ამის "თამარ ჟვანიამდე დახურდავება და დაყვანა არასწორია". ელისაშვილის თქმით, ისეთი რეფორმა გატარდება, რომ თვითმმათველობის არჩევნებისთვის "ჟვანია აღარ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე და ახალი დამტკიცების წესი ამას გამორიცხავს."

ელისაშვილის თქმით, "აირაის" ორგანიზებით, საარჩევნო რეფორმაზე ორი შეხვედრა უკვე გაიმართა ოპოზიციის მონაწილეობით.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დეტალების დაზუსტება და კიდევ უფრო გაკეთილშობილება ამ საშვილიშვილო რეფორმის. მე დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით არაფერი შეუთანხმებელი და გაურკვეველი არ არის საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის და ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ისტორიულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ნდობის პრობლემას მოხსნის.

იქ არის ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მაგალითად, თითის ანაბეჭდები, რომლის გაყალბება პრაქტიკულად შეუძლებელია, ჩვენ გვახსოვს მარკირება როგორი წყალ-წყალა და ტყუილი იყო, პერიმეტრი გაიზრდება 150 მეტრამდე, რომ იქ ხალხის დაყოვნება აღარ იყოს, ასე რომ ჩაცუცქული ძველი ბიჭები, სუს-ის მანქანები, კოორდინატორები, გახვითქული ქალები - ესენი აღარ იქნება, სამი ლაივ-სტრიმ კამერა იქნება პირდაპირ ეთერში, თუმცა რევოლუციურს რაც ხდის ამ ცვლილებებს არის ორი კომპონენტი - ელექტრომთვლელი მანქანები, რომლებიც არჩევნების დასრულებიდან ერთ საათში უკვე ზუსტ შედეგს გვეტყვიან და მეორე - იქნება თუ არა საჩივრები, რამდენიმე დღეში, ცესკო მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 10 პროცენტს გადაითვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაყალბება უბრალოდ აზრს დაკარგავს. შეიძლება ვიღაც იდიოტი, გულანთებული რომელიმე პარტიის აქტივისტი ან კომისიის წევრი ყრიდეს ძველი ინერციით ბიულეტინებს, მაგრამ უბრალოდ აზრი დაეკარგება, ამაო გარჯა იქნება,"- განაცხადა ელისაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი ანგარიშები მაქვს ნიკა მელიასთან, ნიშნის მოგებით მაინც არ ვილაპარაკებ - სწორია ეს გადაწყვეტილება და აქამდე არ უნდა ეჯიუტა, - მისი თქმით, გირაოს გადახდით, "ევროკავშირი არც მელიას პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც მის ნელსონ მანდელობას", არამედ ეს კრიზისის დასაძლევად გადადგმული ნაბიჯი იყო.

"ჩვენ ვხედავთ, რომ "ქართულ ოცნებას" უნდა მაქსიმალურად აბუჩად აიგდოს ნიკა მელია. მან ამის საფუძველი ობიექტურად მისცა. "ნაციონალურ მოძრაობას" და მის გარშემო შემოკრებილ პატარა პარტიებს კი უნდათ, ლამის ცოტნე დადიანად წარმოაჩინონ მელია.

უნდათ, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნუნ. მიხვდნენ, ძალიან არასერიოზულად გამოუვიდათ მთელი ეს ისტორია - მაინც იმას აკეთებენ, რასაც კატეგორიულად უარყოფდნენ და გულში მჯიღს ირტყამდნენ. ევროკავშირი არც მის პოლიტპატიმრობას აღიარებს და არც ნიკა მელიას ნელსონ მანდელობას. ევროკავშირმა უბრალოდ გზა გახსნა კრიზისის დასაძლევად, მორჩა და გათავდა", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შევა, რადგან ამისთვის გზებს ეძებენ და "ბევრს ერთი სული აქვს პარლამენტში შევიდნენ."

"ინტერპრესნიუსი"