მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მეორედ გაასამართლეს - კვირის პალიტრა

მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები მეორედ გაასამართლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მეორედ წარსდგნენ რატი მაისურაძე და ავთანდილ ზუმბაძე, ამჯერადაც ხულიგნობის ბრალდებით. საზოგადოებისთვის მათი ხმაურიანი დაკავება ცნობილია: ყველაფერი 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიაში", გადაცემა "ბარიერში" მომხდარ ცხარე დებატებს მოჰყვა. გადაცემის თემა, ირაკლი დეისაძის წიგნი "საიდუმლო სირობა" იყო. ეთერში ერთმანეთის პირისპირ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი და წიგნის დამცველები აღმოჩნდნენ. დებატები ცემა-ტყეპაში გადაიზარდა. პოლიციელებმა იმ დღეს, რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

საბოლოოდ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის 8 წევრს ბრალი წაუყენეს. დავით შალამბერიძე, ავთანდილ ზუმბაძე, ზვიად ბლიაძე, ლევან ჩაჩუა, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე და ჯაბა გურჩიანი, მოსამართლე მილერ ხარებავამ ორი მუხლით, - წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფური ხულიგნობა და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, - გაასამართლა და თითოეულს, 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. სასამართლო სხდომის დარბაზი ხალხს ვეღარ იტევდა. 8 სასულიერო პირი, დღემდე ყველა სხდომას ესწრება.

მოგვიანებით, რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს ახალი ბრალდება - ხულიგნობა  წაუყენეს. მათ ადვოკატი მანანა კობახიძე იცავს.

მანანა კობახიძე: ავთანდილ ზუმბაძე და დავით შალამბერიძე სტუდიაში დააკავეს. დანარჩენები  თავიანთი სურვილით, პოლიციის სამმართველოში ჩვენების მისაცემად მივიდნენ. მოწმედ მისული ბიჭები იქ დააპატიმრეს. 8 ახალგაზრდას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა ედება ბრალად, არადა, გადაცემის წამყვანი, ნინო ჯანგირაშვილი დაზარალებულად არავის უცვნია, მოწმის სტატუსი ჰქონდა.

მოსამართლე მილერ ხარებავამ განსასჯელები "ჯოგური პრინციპით" გაასამართლა - ერთნაირი სასჯელი გამოუტანა. მათ ქმედებაში ერთი განმასხვავებელი დეტალიც ვერ იპოვა. არც საპატრიარქოს თავდებობა გაითვალისწინა და არც პარლამენტარების. საპროცესო შეთანხმებას პროკურატურა თავიდანვე გვთავაზობდა, მაგრამ განსასჯელებმა ცალსახად უარი თქვეს, - ცილისწამება დიდი ცოდვაა და საკუთარ თავს, ცილს ვერ დავწამებთო. ყველას გამართლებას ვითხოვდით.

დაზარალებულად ცნობილი დავით აქუბარდია და ტელეოპერატორი გიორგი გეგეჭკორი, ცალსახად უთითებდნენ, რომ განსასჯელები მათ ცემაში მონაწილეობას არ იღებდნენ. მათი ადვოკატი, მალხაზ ჯანგირაშვილი ამბობდა, რომ საქმე გამოძიებული არ იყო და დაკავებულების დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვდა.

ინციდენტი დამთავრებული იყო, როცა ეს ბიჭები იქ მივიდნენ და ეს კადრებიდანაც კარგად ჩანს. უფრო მეტიც - სამწუხაროდ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნაში ე.წ. კავკასიის საქმე, ცუდი რაკურსით დაიხატა. თითქოს აგრესორები, ექსტრემისტები, რელიგიური ფუნდამენტალისტები შევარდნენ სტუდიაში და გადაცემა ჩაშალეს, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ავთანდილ ზუმბაძე სტუდიის გარეთ, კამერით იდგა და ერთადერთი მიზანი ჰქონდა, იქიდან გამოსული სტუმრებისთვის კითხვები დაესვა და მათი პასუხები მოესმინა, გასცემდნენ თუ არა პასუხს, ეს მათი ნება იყო.

ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, რაც განაჩენის წაკითხვის დროს დამეუფლა. დარბაზში საშინელი გუგუნი ატყდა. განაჩენი ყველამ გააპროტესტა. ამიტომ მანდატურებმა ნელ-ნელა დარბაზი დამსწრეებისგან დაცალეს ისე, რომ განაჩენი არ მოუსმენიათ. ვფიქრობ, ამ ფონზე, განსასჯელებმა სპონტანური გადაწყვეტილება მიიღეს. მოსამართლემ განაჩენის წაკითხვა დაიწყო და რვავე განსასჯელი ფეხზე ადგა, მათ რიცხვში სკოლის მოსწავლე, ჯაბა გურჩიანიც იყო. ერთად ბიზანტიური გალობა დაიწყეს. დარბაზში სულისშემძვრელი, საოცარი გალობა ისმოდა, რომლის მსგავსი არ მომისმენია. მოსამართლემ ამ გალობის ფონზე, ფაქტობრივად, განაჩენი ჩურჩულით ჩაიკითხა, თავი არ აუწევია. განსასჯელებისკენ გახედვას ვეღარ ვახერხებდით მე და ადვოკატი ქარსივაძე, თვალებიდან ცრემლი ღაპაღუპით მდიოდა. პროკურორები მოსამართლის სათათბიროდან გაიპარნენ...

საოცარია, მაგრამ ამ უკანონო განაჩენიდან ერთი თვეში, რატი მაისურაძეს და ავთანდილ ზუმბაძეს, ახალი ბრალდება წაუყენეს.

- თქვენი მტკიცებით, ისინი უდანაშაულოები არიან, მაშინ რა ნიშნით შეირჩა ეს ორი ახალგაზრდა?

- ალბათ, იმიტომ რომ ორივე აქტიურია. ავთანდილ ზუმბაძე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრია და მისი პოზიცია, მავანს აღიზიანებს. რატი მაისურაძეც თავის ოპოზიციურ განწყობას ღიად აფიქსირებს. ეს ის ადამიანია, რომელიც 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს გაიტაცეს. მან სიკვდილს თვალებში ჩახედა. სასტიკად სცემეს და უთხრეს, რომ "გირგვლიანი 2"-ის სცენა გათამაშდებოდა. მისი გატაცების საქმე დღემდე გამოუძიებელია.

- ამჟამად, რას ედავებიან?

- ყველას ახსოვს, 2010 წლის 4 მაისს, ილიას უნივერსიტეტის წინ ერეკლე დეისაძის ავადსახსენებელი წიგნის მხარდამჭერთა აქცია. ამ აქციაზე მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრებიც მივიდნენ, ერთადერთი მიზნით, რომ უნივერსიტეტში, ასეთი უზნეობის მქადაგებელი წიგნის პროპაგანდა არ მომხდარიყო. უბრალოდ, პროტესტი გამოხატეს. 4 მაისის აქციის გამო მხოლოდ ამ ორ ადამიანს, ჯგუფური ხულიგნობისთვის წაუყენეს ბრალი. არადა, აქციაზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რატომღაც შერჩევითი მართლმსაჯულება განხორციელდა. თითქოს ამ ორმა ადამიანმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტა, რაც აბსურდია.

უამრავი მოწმე დაიკითხა, არც ერთს არ უთქვამს, რომ რომელიმე მათგანი ვინმეს სცემდა. პოლიციელები დაკითხვისას ამბობდნენ, ზოგი ხელს იქნევდა, ზოგი ფეხს, მაგრამ ვინ ვის დაარტყა, არ ვიცითო. რაც მოხდა, ეს არის ბრალის შეგნებულად დამძიმება.

- საინტერესოა, თავიდან რატომ არ გაერთიანდა ეს ორი საქმე?

KvirisPalitra.Ge- 7 მაისის ფაქტის გამო ისინი გაასამართლეს და ახლა, უფრო ადრინდელ დანაშაულს ედავებიან, 4 მაისის ფაქტს. ალბათ, უყურებდნენ, როგორ მოიქცეოდნენ განსასჯელები იმ პროცესზე, წავიდოდით თუ არა საპროცესო შეთანხმებაზე. წაყენებული ბრალი რომ ეღიარებინათ, მათ რეალური სასჯელის გარეშე გამოუშვებდნენ, მაგრამ ამ ადამიანებმა არ აღიარეს ის, რაც არ ჩაუდენიათ. პროკურორმა უკვე მოითხოვა სასჯელი - თითოეულისთვის  3 წელი და 6 თვე. ამჟამადაც, საპროცესო თანხა შემოგვთავაზეს, მაგრამ ბიჭებმა ისევ უარი თქვეს...

მათი ბრალეულობის დამადასტურებელი ვიდეო მასალაც არ არსებობს. მოიტანეს კადრები, სადაც მართალია განსასჯელების ბრალეულობა არ იკვეთება, მაგრამ  კარგად ჩანს, ბრალდების მოწმე ხაჩიძე, როგორ გამეტებით ურტყამს ვიღაცას, მაგრამ ხაჩიძე არავის დაუსჯია. სასამართლოზე როცა მტკიცებულებები გაიხსნა და ჩანაწერები ვნახეთ, გაირკვა, რომ არანაირი სამხილი არ იყო. გაოგნებულმა მოსამართლემ პროკურორ სოფო ბარაბაძეს ჰკითხა, - თქვენ ეს კადრები ნანახი გქონდათო? პროკურორმა გასაოცარი რამ თქვა, მეც ახლა ვხედავ პირველად ამ კადრებსო(?!) მითხარით, მაშინ როგორ დაწერა საბრალდებო დასკვნა, როცა მტკიცებულება საქმეში არ იყო?! რას ჰგავს ეს?!

ჩვენ ბიჭების გამართლებას ვითხოვთ, მათი ბრალეულობის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შეიძლება ადამიანები ორჯერ, აბსურდული ბრალდებებით გაასამართლო და საბოლოოდ, 8 წლით ციხეში ჩასვა იმისთვის, რომ მართლმადიდებლობას იცავენ?!

ციხეში გაბედავას სტომატოლოგიური მანიპულაცია დასჭირდა და ჰეპატიტით დააავადეს, დაკავების ღამეს ნერვიულობას გადაჰყვა ბლიაძის მამა. ჩაჩუას ციხეში ყოფნის დროს შვილი შეეძინა, ზუმბაძის შვილი მამის გარეშე იზრდება და საოცრად განიცდიდა, როცა სასამართლო პროცესზე მამას ნახულობდა. ეს არის სამართალი?! როდემდე უნდა გაგრძელდეს დევნა და ტერორი?!

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)