რატომ არ იღებენ"დეტექტივ" ზაზა იაქაშვილს ახალ ფილმებში? - კვირის პალიტრა

რატომ არ იღებენ"დეტექტივ" ზაზა იაქაშვილს ახალ ფილმებში?

გასულ კვირას,"რუსთავი 2"-ის ეთერში კრიმინალური სერიალის,"დეტექტივების" მეორე სეზონი დაიწყო. ეს სერიალი, ბევრი სხვა სერიალისაგან განსხვავებით, მაყურებელში დიდი მოწონებით სარგებლობს და ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, ერთ-ერთ მთავარ "დეტექტივთან" - ზაზა იაქაშვილთან საუბარი.

ზაზა იაქაშვილი:

-"დეტექტივების" მეორე სეზონის პირველი სერია,"რუსთავი 2"-ის ეთერში 7 მაისს გავიდა. რასაკვირველია, მეორე ნაწილიც რეალურ კრიმინალურ ფაქტებზე დაყრდნობით არის გადაღებული, თუმცა, თუ პირველ სეზონში განხილული იყო რომელიმე კონკრეტული ადამიანის მკვლელობა, ან ნარკომანია, მეორე სეზონში ასე არ იქნება. უფრო გლობალურ და ჩახლართულ საქმეებს გამოვიძიებთ. როგორც პირველ შემთხვევაში, მეორე ნაწილიც 16 სერიანი იქნება. 10 სერია უკვე გადაღებულია, დანარჩენზე მთელი მონდომებით ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ ეს ბოლო სეზონი არ იქნება და ამ სერიალის გადაღება კვლავ გაგრძელდება...

- სერიალის შემქმნელები ამ საკითხზე უკვე გესაუბრნენ?

- არა. ჯერ გარკვევით არაფერი ვიცით, მაგრამ ვნახეთ, რომ პირველი სეზონი მაყურებელს ძალიან მოეწონა. ბევრი ვიშრომეთ იმისთვის, რომ მეორე სეზონი გაცილებით კარგი გამოსულიყო. თუ საზოგადოება ამასაც კარგად მიიღებს, იმედია, ხელმძღვანელები მესამე სეზონზეც იფიქრებენ.

- როგორც ახალი სეზონის პირველ ორ სერიაში ვნახეთ, სალომე ფაღავა, რომელიც კრიმინალური ექსპერტის, კესოს როლს ასრულებდა, აღარ თამაშობს. მის ნაცვლად ახალი მსახიობი დაგიმატებიათ. რამ განაპირობა ეს ფაქტი?

- ამ საკითხში კომპეტენტური არ ვარ. ეს სერიალის რეჟისორის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება ახალ მსახიობებს, დაგვემატა დეტექტივების ასისტენტის როლის შემსრულებელი, კატო დედაბრიშვილი, რომელიც არაპროფესიონალია. ეს მისთვის პირველი სერიოზული როლია...

- ამ მსახიობს არაპროფესიონალიზმი ნამდვილად არ ეტყობა...

- შენ მერე ნახე, როგორ ითამაშებს. კატო მოდელია და მსახიობობასთან შეხება არასოდეს ჰქონია. უნდა ვაღიარო, ასეთი ჭკვიანი და მოაზროვნე მოდელი იშვიათად მინახავს. მთელმა გადამღებმა ჯგუფმა შენიშნა, რომ ეს ადამიანი სერიიდან სერიამდე საგრძნობლად იზრდება და ვითარდება. ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. მის გარდა, კიდევ დაგვემატნენ უშუშროების სამსახურის თანამშრომლების როლების შემსრულებლები: ირაკლი კონტრიძე და მარიამ კიდია.

- ვიდრე პირველ სეზონზე დაიწყებდით მუშაობას, მსახიობებს პოლიციის აკადემიაში ხანგრძლივი ტრენინგების გავლა მოგიხდათ. მეორე სეზონისთვისაც ასე მოემზადეთ?

KvirisPalitra.Ge- პოლიციის აკადემიაში ტრენინგი ახალმა მსახიობებმა გაიარეს. რაც შეეხება ჩემს სწავლებას, მოგეხსენებათ, ახალი სეზონის პირველ ორ სერიაში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იყო ასახული. ამის გამო, იალღუჯაზე, სპეცრაზმთან ერთად მომიხდა ტრენინგის გავლა. მათთან ერთად ყოფნა მართლაც საინტერესო იყო. უამრავი რამ შემასწავლეს, რომლის გამოყენებასაც მხოლოდ სერიალის გადაღებისას თუ შევძლებ, თორემ ამ სტრუქტურის თანამშრომელი რომ იყო, გაცილებით ბევრი რამის სწავლაა საჭირო.

- თეატრში, ახალ სპექტაკლში ხომ არ ხარ დაკავებული?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ძირითადი საქმიანობა თეატრია. ახლა ვთამაშობ"დეკამერონში", რომელიც ლევან წულაძემ დადგა. ჯერჯერობით, სხვა ახალ სპექტაკლზე არ ვმუშაობ. გარდა ამისა,"რუსთავი 2"-ში ფილმებსა და სერიალებს კვლავ ვახმოვანებ.

- ბოლო პერიოდში საქართველოში არაერთი ახალი ფილმი გადაიღეს. შენ არცერთ მათგანში არ გამოჩენილხარ. რა არის ამის მიზეზი?

- ორ პროექტში მონაწილეობაზე შემოთავაზება ნამდვილად მივიღე, მაგრამ"დეტექტივებით" იმდენად დაკავებული ვიყავი, ორივეზე უარის თქმა მომიხდა. მეტი შემოთავაზება არ მიმიღია და ეს ალბათ ნორმალურიცაა. ვიდრე"დეტექტივები" ეთერში გადის, არარეალურია, რომ სხვა პროექტშიც მიმიწვიონ.

ნათია ჟივიძე (სპეციალურად საიტისთვის)