რაკეტებით რაკეტებზე ანუ ისრაელში ახალი დიდი ომი დაიწყო?
ისრაელის ქალაქების მაცხოვრებლები ბომბსაფარებში იმალებიან - ეს ყველაზე კარგი გამოსავალია იმ რაკეტების "სეტყვისგან" თავის დასაცავად, რომლებსაც ღაზის სექტორიდან "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" წევრები მასობრივად უშვებენ ისრაელის დასახლებული პუნქტებისკენ ბოლო ორი დღეა.
ისრაელი მსოფლიოში შეიძლება პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ყველაზე განვითარებული და მასიური ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა გააჩნია, მაგრამ თვით "რკინის გუმბათის" მაღალტექნოლოგიური ანტირაკეტებიც კი არაა საკმარისი იმ ასობით პრიმიტიული უმართავი რაკეტის მოსაგერიებლად, რომლებსაც პალესტინელები ღაზას სექტორიდან დღე-ღამეში რამდენჯერმე უშვებენ.
ისრაელის ქალაქების მისადგომებთან გასული ღამის ცა საოცარი "ფეირვერკებით" განათდა, როდესაც ცაში ბრძოლა გაჩაღდა "რაკეტით რაკეტაზე"- "ჰამასის" გაშვებულ უმართავ "ქასამებსა" და "გრადებს" ჰაერში ისრაელის "კრინის გუმბათის" ანტირაკეტები გადაეღობნენ...
ისრაელის ქალაქების სარაკეტო დაბომბვას მცირე მსხვერპლი მოჰყვა, მაგრამ ამ ქვეყნისთვის პრინციპულად მიუღებელია, რომ ვინმემ დაუსჯელად დაბომბოს და ამიტომაც ისრაელის ავიაციისა და სპეციალური დანიშნულების დანაყოფების საპასუხო მოქმედებები ღაზას სექტორში ბევრად უფრო შედეგიანია, რადგან ისრაელის სამხედროები "წერტილოვან" საჰაერო დარტყმებს იყენებენ "ჰამასის" კონკრეტული წევრების გასანადგურებლად და სარაკეტო დანადგარების ასაფეთქებლად.
მიუხედავად ასეთი "წერტილოვანი" პასუხებისა, მსხვერპლის რიცხვი ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობაში იზრდება, რადგან "ჰამასი" სარაკეტო დანადგარებს საცხოვრებელი კორპუსების სიახლოვეს მალავს სარაკეტო ზალპის გაშვების შემდეგ. ისრაელის საჰაერო დაზვერვა, რა თქმა უნდა, უმალვე აფიქსირებს რაკეტების სტარტის დროს წარმოქმნილ ცეცხლის ფაკელს და მათ უზუსტეს კოორდინატებს აწვდის სამეთაურო პუნქტს, საიდანაც ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჰაერში "ჩამოკიდებულ" საბრძოლო თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ეკიპაჟებს და ისინიც სამიზნისკენ უშვებენ "ჰაერი-მიწა" კლასის მართვად რაკეტებსა და ბომბებს.
რამდენ ხანს გაგრძელდება ბრძოლის ასეთი ტაქტიკა, ძნელი სათქმელია, თუმცა, თუკი "ჰამასს" წინასწარ უკვე მომარაგებული ჰქონდა რაკეტების დიდი რაოდენობა და კვლავ გააგრძელა ისრაელის ქალაქების მასობრივი სარაკეტო დაბომბვა, მოსალოდნელია, რომ ისრაელმა, საჰაეროს შემდეგ, სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს და ღაზას სექტორში ტანკებითა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებით შეტევაზე გადავიდეს, ეს კი დიდი ომის დაწყების მომასწავლებელი იქნებოდა...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს